ფეხბურთი

14:33 | 28.03.2014 | ნანახია 0 - ჯერ

სანდრო გურული: “მსურს მამაზე უფრო ძლიერად ვითამაშო”

სოლიგორსკის “შახტიორის” ნახევარმცველს სანდრო გურულს სურს, რომ ბელარუსის საფეხბურთო ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრაში შინ ბორისოვოს ბატე დაამარცხოს. ამის შესახებ მან კლუბის ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.   

- ბელარუსის ჩემპიონის შესახებ რა იცით?

- პრინციპში, ბევრი რამ. ნანახი მაქვს ჩემპიონთა ლიგაში ბატე-მ “ბაიერნი” როგორ დაამარცხა. ძალიან კარგი გუნდია. თუმცა, შესაძლოა წელს მის შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა? ვნახოთ.

- ყოფილი კლუბების შემადგენლობაში ბორისოვოელებთან გითამაშია?

- 2010 წელს თურქეთში შეკრებაზე, როდესაც ლვოვის “კარპატში” გამოვდიოდი. მაშინ, მეტოქემ მაღალი სათამაშო დონე და საკმაოდ კარგი ტექნიკა აჩვენა. ძალიან ჭკვიანურად თამაშობდნენ. მახსოვს, იმდენი ვირბინე, რომ მატჩის ბოლოს მოედანზე დავწექი.

- როგორ ფიქრობ, ხომ არ ჯობდა, რომ ბატე-ს გროდნოში მოეგო? ახლა უფრო გაბრაზებული იქნება.

- რას იზამ, ფეხბურთში ყველაფერი ხდება. არა აქვს მნიშვნელობა ბატე-ს ვეთამაშებით თუ სხვა გუნდს, მე ყოველთვის მხოლოდ გამარჯვებისთვის ვემზადები. თასის 1/4-ფინალში წარმატებამ თავდაჯერება შეგვმატა: კარგ მდგომარეობაში ვართ და საუცხოო განწყობით ვემზადებით. იმედია, გულშემატკივრები დადებითი შედეგის მიღწევაში დაგვეხმარებიან. სხვათა შორის, მსურს მათ მადლობა გადავუხადო ცოტა ხნის წინ ბაზაზე შეხვედრისთვის და “ბელშინასთან” მხარდაჭერისთვის. მხოლოდ ერთი მსურს: “შახტიორის” მატჩებზე რაც შეიძლება მეტი ქომაგი იყოს.

- “შახტიორს” დიდი ხანია ბატე არ დაუმარცხებია...

- ამის გაკეთება ძალიან მსურს, რადგან ასეთი გამარჯვებები ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, ჩემპიონატის დასაწყისში. იმედია, კარგ ფეხბურთს ვაჩვენებთ. საერთოდ, ისეთ მეტოქეებთან თამაში მიყვარს, რომლებიც პირველი ადგილისთვის იბრძვიან.

- მარცხენა ფლანგზე იურევიჩთან წყვილში თავს როგორ გრძნობთ?

- საერთო ენა თურქეთში ჩატარებულ პირველივე სპარინგში გამოვძებნეთ. ის გამოცდილი ფეხბურთელია, რომლის გვერდით თამაში ადვილია. როდესაც რაიმე მეშლება, ის ყველაფერს ხედავს, აკონტროლებს და სწორ მიმართულებას მაძლევს.

- “შახტიორის” კაპიტანი მატჩისთვის განსაკუთრებით ემზადება? რაც არ უნდა იყოს, სოლიგორსკში ბორისოვოდან დაბრუნდა...

- ვფიქრობ, ასეა. ეს სავსებით ნორმალური მოვლენაა. როდესაც თურქეთში “შახტიორის” შემადგენლობაში “კარპატისთან” ვთამაშობდი, ვცდილობდი ყველგან და ყველასთვის მიმესწრო.

- ახალ საცხოვრებელ ადგილს როგორ მიეჩვიეთ?

- ბაზა ძალიან მომეწონა. რამდენიმე დღის წინ კი, საცხოვრებელი ბინა შევიგულე საკმაოდ სასიამოვნო რაიონში. ოჯახის ჩამოყვანას ვაპირებ, რომ ფეხმძიმე მეუღლემ აქ იმშობიაროს.

- საფრანგეთში, უკრაინასა და საქართველოში გითამაშია. ბელარუსთან რა პარალელს გაავლებდი?

- ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ჩვენ “ბელშინას” ვეთამაშეთ და სუსტი გუნდი არ იყო. ვფიქრობ, სხვა გუნდებიც ძლიერები იქნებიან. ეს კარგია, რადგან საინტერესო ჩემპიონატი იქნება.

- გია გურული წარმატებული თავდამსხმელი იყო. მამას არასოდეს გადარებდნენ?

- საქართველოში მუდმივად. მამა კარგი ფეხბურთელი იყო და სამშობლოში ყველა აფასებს. რა თქმა უნდა, მსურს მასზე უფრო ძლიერად ვითამაშო, მაგრამ ძნელია. ნეტავ, ისე ვთამაშობდე როგორც ის.

 


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:04 | 30.12.2021
KoRBeN DaLLaS (24842)

და ეს მაშინ, როცა ყველაფერი ძვირდება ))

18:35 | 29.12.2021
araza-1918 (6330)

ხვიწაი

0.067168