“ბარსელონას” ჩილელი თავდამსხმელის, ალექსის სანჩესის შეძენით კიდევ ერთი გუნდი დაინტერესდა. Sport Mediaset-ის ცნობით, 24 წლის სამხრეთ ამერიკელი შემტევის ყიდვის სურვილი “მანჩესტერ იუნაიტედმა” გამოთქვა.
გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს ზაფხულში, “მანჩესტერს” ლუიშ ნანი დატოვებს და ალექს ფერგიუსონს სანჩესი სწორედ მის შემცვლელად სჭირდება. იტალიური მედიის ცნობით, როგორც კი ინგლისელები ნანის შეელევიან, სანჩესის ტრანსფერთან დაკავშირებით, “ბარსელონას” მიმზიდველი წინადადებით მიმართავენ.
მიუხედავად იმისა, რომ სანჩესმა “ბარსელონაში” ბოლო მატჩი კარგად ჩაატარა, საერთო ჯამში, მის კატალონიურ კარიერას წარმატებული ნამდვილად არ ეთქმის და სავარაუდოდ, ესპანელები მის კარგ ფასად გაყიდვას დასთანხმდებიან.
ალექსის სანჩესი “ბარსელონაში” 2011 წელს, “უდინეზედან”, 26 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, სატრანსფერო თანხის 37 მილიონამდე გაზრდის პერსპექტივით. კატალონიური კლუბის მაისურით ჩატარებულ 78 თამაშში მან 22 გოლი გაიტანა და 15 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
გავრცელებული ინფორმაციით, “მანჩესტერის” გარდა, სანჩესის შეძენით “სიტი”, “არსენალი”, “იუვენტუსი”, “ფიორენტინა”, “ინტერი” და “ლივერპული” არიან დაინტერესებულნი.