რაგბი

20:19 | 11.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანახაობრიობა შედეგთან ერთად

 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები უკვე რამდენიმე დღეა “თბილისის თასის” მეორე საერთაშორისო ტურნირისთვის ემზადება და დღეს დილით “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე პირველი ღია ვარჯიში გაიმართა.

თეორიული მეცადინეობის შემდეგ, 28 მორაგბე მოედანზე გავიდა და საათნახევრის განმავლობაში ინტენსიურად ივარჯიშა. გაჭიმვებისა და მოთელვების შემდეგ, გუნდი ორ ნაწილად გაიყო. უკანახაზელები მოედნის ერთ ნახევარზე მაიკლ ბრედლის ხელმძღვანელობით ემზადებოდა, ხოლო მორკინალებს დიდიე ბესი ავარჯიშებდა. ნახევარი საათის შემდეგ გუნდი გაერთიანდა, ორად გაიყო და მორიგეობით იმეორებდა დერეფნისა და შერკინების შემდეგ განსახორციელებელ კომბინაციებს. სულ ბოლოს კი, ორად გაყოფილმა გუნდებმა კომბინაციები წინააღმდეგებობის ფონზე დახვეწეს.

ვარჯიშიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან მატჩს სავარაუდოდ ასეთი შემადგენლობით დაიწყებს: 15. ბექა წიკლაური, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა მალაღურაძე/ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე; 1. ზურაბ ჟვანია, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. კოტე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. შალვა სუთიაშვილი, 8. დიმიტრი ბასილაია. ზუსტი შემადგენლობა ხვალ საღამოს გახდება ცნობილი და სწორედ მაშინ გაირკვევა, თუ ვინ უკაპიტნებს “ბორჯღალოსნებს” თბილისის თასზე.

მოწინააღმდეგე გუნდებიდან იტალიისა და არგენტინის “ა” ნაკრებები უკვე თბილისში არიან, ხოლო ესპანეთის ეროვნული გუნდი ხვალ გამთენიისას ჩამოდის. შეგახსენებთ, რომ ტურნირზე პრემიალური ქულათა დარიცხვის სისტემა მოქმედებს, ანუ მოგებული 4 ქულას იღებს, ფრე 2-ად ფასობს, 7 და ნაკლები ქულით მარცხი და ოთხი და მეტი ლელოს გატანა კი, 1 პრემიალური ქულაა.

შალვა მამუკაშვილი: “მომავალი შეხვედრებისთვის კვირიდან ინტენსიურად ვემზადებით. “თბილისის თასზე” შესუსტებული შემადგენლობით გამოვდივართ. მწვრთნელების გადაწყვეტილებით, ამ ტურნირზე თავის გამოჩენის შესაძლებლობა ახალგაზრდებს ექნებათ. პირველი მატჩი ესპანეთთან გვაქვს, რომელსაც “ერთა თასზე” ყოველ წელს ვეთამაშებით და ის ჩვენთვის კარგადაა ნაცნობი. ეს თამაში სარეიტინგოა და გამარჯვებისთვის მაქსიმუმი უნდა გავიღოთ. მთლიანობაში, მოწინააღმდეგეებს თუ გადავხედავთ, ვფიქრობ, ყველაზე ძლიერი გუნდი არგენტინას ეყოლება”.

დავით კაჭარავა: “თბილისის თასს” საქართველოში რაგბის განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ბევრ ახალგაზრდას მიეცემა თამაშის საშუალება და ამით ეროვნული გუნდის კანდიდატთა რიცხვი გაიზრდება. ვეცდებით, რომ ტაქტიკური სვლები კიდევ უფრო დავხვეწოთ და ისინი უფრო მნიშვნელოვან შეხვედრებში სათანადოდ გამოვიყენოთ. ამ ტურნირზე მნიშვნელოვანია, რომ თამაში დავალაგოთ. მართალია ტურნირის მოგებას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ენიჭება, მაგრამ ჩვენი გუნდი ყველა შეხვედრაში გამარჯვებაზეა ორიენტირებული და ვეცდებით, რომ ივნისში სამივე შეხვედრა მოვიგოთ. მოწინააღმდეგეებს თუ შევხედავთ, ვფიქრობ მაყურებელი გაშლილ, სანახაობრივ თამაშებს იხილავს”.

0.109978