კალათბურთი

13:56 | 21.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანაძე მოედანს 15 ქულით და გამარჯვებით დაუბრუნდა

ერთმატჩიანი იძულებითი შესვენების შემდეგ დუდა სანაძე მოედანს დაუბრუნდა და “სან დიეგოს” მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. სანდიეგოელებმა “ვესტ ქოუსთის” კონფერენციის ერთ-ერთ ყველაზე მებრძოლს გუნდ “პორტლენდს” უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძლაში – 61:59 დაამარცხეს.

პორტლენდელები ის ბიჭები არიან, რომლებმაც ლიდერ “გონზაგას” კონფერენციის ერთადერთი მარცხი აგემეს, ამ მატჩამდე კი 7-7 მოგებ-წაგებით მე-5 ადგილზე იმყოფებოდნენ. “სან დიეგოსთან” 31:35 წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ პორტლენდელებმა ტემპს უმატეს და მატჩის ბოლოს ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს. შეხვედრის დასრულებამდე 2.30 წუთით ადრე სტუმრები 56:52 იგებდნენ და საბოლოო წარმატებამდე ცოტა აკლდათ.

სანდიეგოელებმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს – დასრულებამდე 2 წუთით ადრე ზუსტი ორქულიანით სანაძემ ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა, მერე პორტლენდელებმა ააცილეს და ჯონი დიმ საჯარიმოებით ანგარიში გაათანაბრა. საფინალო სირენამდე 1 წუთით ადრე ქართველმა უკანახაზელმა საჯარიმოები ზუსტად შეასრულა და სანდიეგოელები დააწინაურა, რასაც დენის კრამერის 1 საჯარიმოც მოჰყვა და მასპინძლები დასრულებამდე 19 წამით ადრე 61:58 გალიდერდნენ.

მორიგ გადამწყვეტ შეტევაში პორტლენდელებმა ჯერ ორიანი, შემდეგ კი სამქულიანი ააცილეს და როცა ბურთი კრამერმა მოხსნა, მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყდა. მართალია, საჯარიმოს ხაზე აღმოჩენილმა კრამერმა ორივე სროლა ააცილა, თუმცა სანდიეგოელებმა 4 წამში 3-ქულიანი ლიდერობა აღარ გაფლანგეს. მეტოქეს სამქულიანი არ ასროლინეს, მყისიერად დაჯარიმდნენ, პორტლენდელმა ბობი შარპმა პირველი ზუსტი საჯარიმოს შემდეგ მეორე ბურთი იმ იმედით ააცილა, რომ მას თავისიანები დაეუფლებოდნენ და დარჩენილ 2-ქულიან დეფიციტს აღმოფხვრიდნენ, თუმცა ფარიდან ასხლეტილი ბურთი ქართველის ნადავლი გახდა და მატჩის ბედიც გაირკვა.

სანაძე სასტარტო ხუთულში არ ყოფილა. მას ტრავმა ახალი მორჩენილი ჰქონდა და მწვრთნელმა თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩართო. მიუხედავად ამისა, სანაძე სანდიეგოელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ჯონი დისთან ერთად 15 ქულა დააგროვა. დუდამ 10-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 15 ქულასთან ერთად სანაძემ 1 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მიითვალა, ბურთი კი არ დაუკარგავს.

6 მოგებითა და 10 მარცხით “სან დიეგო” “ვესთ ქოუსთის” კონფერენციაში მე-7 ადგილზე რჩება, თუმცა 1 მოგება აშორებს მის წინ მყოფ “პორტლენდსა” და “პეპერდაინთან”. კონფერენციის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო 2 მატჩს “სან დიეგო” შინ გამართავს: 23 თებერვალს ლიდერ “გონზაგას” უმასპინძლებს, 1 მარტს კი “ბრიგჰემ იანგის” უნივერსიტეტს დაუპირისპირდება.

რეგულარულის დასრულების შემდეგ, სანდიეგოელები ლასვეგასურ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას, რის შემდეგაც ადგილები საბოლოოდ განაწილდება და გუნდებიც პლეი ოფში დაწყვილდებიან.

www.gbf.ge

0.114399