ტეხასში წაგებული ორი მატჩის შემდეგ “მემფისი” საკუთარ არენაზე დასავლეთ კონფერენციის ფინალურის სერიის დაბრუნებას დიდი აღტაცებით შეხვდა, თუმცა გრეგ პოპოვიჩმა და მისმა “სან ანტონიომ” ამჯერადაც ოვერტაიმში მოახერხეს დაცვაზე ორიენტირებული “გრიზლების” დამარცხება (104:93) და სერიაში სოლიდური სხვაობითაც დაწინაურდნენ - 3:0.
მატჩი მასპინძლებისთვის იდეალურად დაიწყო – “მემფისის” დაცვითი სქემა შესანიშნავად ამუშავდა, ხოლო ტონი პარკერს საწყის 7 წუთში 4 დაკარგვა ჰქონდა უკვე გაფორმებული. სამწამიან ზონაში უსუსურად გამოიყურებოდა მობერებული ტიმ დანკანი, ხოლო ბრაზილიელი ტიაგო სპლიტერი დიდი დაკვირვებით ადევნებდა თვალს თუ როგორ აგროვებდნენ ქულებს ტონი ალენი და მარკ გასოლი – ამ ფაქტორთა გათვალისწინებით სრულიად არ გახლდათ გასაკვირი, რომ ლაიონელ ჰოლინზის დამოძღვრილი გუნდი 29:11 დაწინაურდა.
გრეგ პოპოვიჩმა მეორე პერიოდის სტარტზე შეძლო საკუთარი გუნდის დროულად გამოფხიზლება – სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა არგენტინელმა მანუ ჯინობილიმ ჯერ შესანიშნავი პასი გადააწოდა დანკანს, ხოლო მომდევნო შეტევაში უკვე თვითონ გაისროლა უზუსტესად. ფრანგმა მძიმე ფორვარდმა ბორის დიაუმ მცირე ხნის განმავლობაში შეაჩერა ზაკ რენდოლფის იერიშები, რაც საკმარისი გახდა სტუმართათვის, რათა გაქცევა მოეწყოთ მეტოქისთვის - 27:15. დიდ შესვენებაზე “სპურსის” ჩამორჩენა მხოლოდ -4 გახლდათ - 44:40.
მესამე მეოთხედის მიმდინარეობისას “სან ანტონიო” ყოველნაირი ხერხით ცდილობდა დასწეოდა მეტოქეს, რამდენჯერმე მინიმუმამდეც შეამცირა სხვაობა, თუმცა ქუინსი პოინდექსტერის კარგი გარჯის შედეგად მასპინძელთა ჰანდიკაპი კვლავ იზრდებოდა. მთელი სიმძლავრით ამუშავდა ზაკ რენდოლფისა და მარკ გასოლის სუპერდუეტი, რომელიც ყოველნაირი გართულების გარეშე ახერხებდა მეტოქის ტერიტორიაზე კალათიდან ასხლეტილი ბურთების “მოგროვებას”.
“სპურსმა” გადაწყვიტა თამაში გაეშალა, რაც მშვენივრადაც გამოუვიდა. პარკერი და ჯინობილი თავისი აქტიური ქმედებებით იოლად წელავდნენ მეტოქის დაცვას და გადამწყვეტ მომეტში ლაზერულ პასებს ახორციელებდნენ კალათის სიახლოვეს სრულიად მარტოდ დარჩენილ დანკანზე.
მეოთხე პერიოდის სტარტზე დენი გრინმა პერიმეტრიდან შედეგიანად გაისროლა და საკუთარი გუნდი პირველად დააწინაურა, თუმცა კონლიმ საპასუხო შეტევაში ანალოგიურით უპასუხა და სტატუს კვო აღადგინა.
უკანასკნელი 10 წუთის განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა ლიდერი, თუმცა გადამწყვეტ უპირატესობას ვერცერთმა გუნდმა მიაღწია. საფინალო სირენამდე 19 წამით ადრე ჯინობილი სრულიად მარტო დარჩა ფარიდან 7 მეტრზე, თუმცა მან ეს ვერ გამოიყენა, დარჩენილ მცირე დროში კი კონლის სპლიტერმა დაუფარა და ოვერტაიმიც დაინიშნა - 86:86.
დამატებითი ხუთწუთეული ტიმ დანკანის ბენეფისად იქცა, რომელმაც ერთბაშად 7 ქულა მოაგროვა და სათავე დაუდო საკუთარი გუნდის გამარჯვებას. გადამწყვეტ მომენტში ტონი პარკერმა მოძრაობაზე გამოიჭირა “პანდად” წოდებული რენდოლფი და ამ კონტაქტიდან “ენდ ვანი” გამოადნო. შეხვედრამ ინტრიგა დაკარგა, რადგან “სან ანტონიო” უბრალოდ უკეთესი გახლდათ – 104:93.
მატჩის MVP რაღა თქმა უნდა 37 წლის დანკანი გახდა - 24 ქულა, 10 მოხსნა, 5 შედეგიანი პასი, ხოლო “გრიზლის” რიგებში გამოირჩა მაიკლ კონლი - 20 ქულა, 4 პასი, 5 ჩაჭრა.
ნბა-ს საპლეიოფო ისტორიაში სერიაში 107-ჯერ ყოფილა ანგარიში 3:0 და არასდროს მომხდარა, რომ ლიდერ გუნდს ამხელა ჰანდიკაპის შემდეგ სერია წაეგოს.
მემფისი – სან ანტონიო 93:104 (29:13, 15:27, 21:24, 21:22, 7:18)
მემფისი: კონლი (20), ალენი (12), გასოლი (16+14მ+5პ), რენდოლფი (14+15მ), პრინსი (7); ბეილისი (7), პოინდექსტერი (15), დულინგი, არტური (2), დევისი, ლეური
სან Aნტონიო: პარკერი (26), გრინი (3), სპლიტერი (11), დანკანი (24+10მ), ლეონარდი (4); ჯინობილი (19), ბონერი (8), ნილი (2), დიაუ (7), ჯოზეფი
სან ანტონიო იგებს სერიას 3:0