გრეგ პოპოვიჩმა და მისმა გაწვრთნილმა "სან ანტონიომ" დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის რიგით მეორე მატჩშიც მოახერხა საკუთარ AT&T Center-ში "მეფისის" დამარცხება (93:89) და სერიოზული ნაბიჯი გადადგა შემდეგი ეტაპის საგზურისკენ.
22-ქულიანი სხვაობით წაგებული პირველი მატჩის შემდეგ, "გრიზლისის" მთავრმა მწვრთნელმა ლაიონელ ჰოლინზმა სწორი დასკვნები გამოიტანა და თავისი შეგირდების დროულად გამოფხიზლება შეძლო.
მატჩის პირველ მეოთხედში ორივე გუნდი დაცვაზე ორიენტირებულ კალათბურთს თამაშობდა და დაბალ სათამაშო ტემპში მეტწილად 3-წამიანი ზონა იტვირთებოდა. შეხვედრის ასეთი სცენარით მიმდინარეობა, რაღა თქმა უნდა, სტუმრებს აწყობდათ, რაც ძალიან კარგად იცოდა "სპურსის" სამწვრთნელო შტაბმაც და მეორე პერიოდის სტარტზე მასპინძლებმა გაცილებით უფრო მსუბუქი და სწრაფი ხუთეული გაამოიყვანეს პარკეტზე. მეტ ბონერი, მანუ ჯინობილი და გარი ნილი სწრაფი კომბინაციების გათამაშების შედეგად პერიმეტრიდან რიგრიგობით ბომბავდნენ მეტოქის კალათს, რისი წყალობითაც "სან ანტონიო" დიდ შესვენებაზე 15-ქულიანი ჰანდიკაპით გავიდა - 46:31.
მეორე ტაიმის სტარტზე თამაში ბოლომდე გაიხსნა. "მემფისი" მეტოქეს ტემპში აჰყვა და დამსწრე პუბლიკამ შესანიშნავი სანახაობა იხილა. სტუმართა რიგებში სროლები მაიკ კონლის და ჯარეტ ბეილესს წაუვიდათ, ხოლო მასპინძელთა შორის გამორჩეული ფიგურა ტონი პარკერი გახლდათ, რომელიც ვირტუოზულ პასებსაც არიგებდა და თავისუფალი პოზიციებიდანაც მშვენიერი პროცენტული მაჩვენებლით უტევდა მეტოქის კალათს.
თითქოს, "სან ანტონიოსთვის" სანერვიულო არც არაფერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ უკანასკნელი მეოთხედის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, "მემფისმა" ძალები მოიკრიბა და საბოლოო შეტევაზე გაავიდა. სტუმრებმა 2:30-წუთიანი მონაკვეთი 11:1 მოიგეს და ანგარიშიც გაათანაბრეს - 85:85. ტიმ დანკანს შეეძლო თავისი გუნდისთვის გამარჯვების მოტანა, თუმცა სირენასთან ერთად ნატყორცნი ბურთი არ ჩაეშვა კალათში და დაინიშნა ოვერტაიმი.
დამატებითი ხუთწუთეულის გმირი მაინც უბერებელი ტიმი გახდა, რომელმაც ზედიზედ 6 ქულა მიითვალა და დასკვნითი წუთის წინ 4-ქულიანი უპირატესობა მოუტანა საკუთარ გუნდს. "მემფისმა" ჯერ ტონი პარკერზე აიღო ტაქტიკური ფოლი, რომელმაც მხოლოდ 1 საჯარიმო ჩააგდო, შემდეგ ანალოგიური გაიმეორა კორი ჯოზეფმა, თუმცა სტუმრებმა ეს შანსიც ვერ გამოიყენეს და საბოლოოდ დამარცხდნენ კიდეც - 89:93.
მატჩის MVP "სან ანტონიოს" ფრანგი გამთამაშებელი ტონი პარკერი გახდა, რომელმაც თავის საპლეიოფო კარიერაში სარეკორდო რაოდენობის პასები შეასრულა (18 პასი+14 ქულა). როგორც წინა მატჩში, "სპურსის" სასტარტო ხუთეულის ყველა წევრმა ამჯერადაც შეძლო 10-ქულიანი ზღვრის გადალახვა. "მემფისის" რიგებში კი ორმაგი დუბლები გაიფორეს ზაკ რენდოლფმა (15 ქულა, 18 მოხსნა) და მარკ გაზოლმა (12 ქულა, 14 მოხსნა), მაიკ კონლიმ და ჯარეტ ბეილესმა 18-18 ქულა დააგროვეს, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა საბოლოო წარმატებისთვის.
სერიის მორიგ 2 მატჩს უკვე "გრიზლისის" საშინაო არენა Fedex Forum-ი უმასპინძლებს, სადაც "მემფისს" მიმდინარე პლეი ოფში ჯერ არ წაუგია.
სან ანტონიო - მემფისი 93:89 (15:13, 31:18, 30:33, 9:21, 8:4)
სან ანტონიო: პარკერი (15+18პ), გრინი (11), სპლიტერი (14), დანკანი (17), ლეონარდი (12); დიაო (4), ჯინობილი (7), ჯოზეფი (3), ბონერი (5), ნილი (5)
მემფისი: კონლი (18), ალენი (8), გაზოლი (12+14მ), რენდოლფი (15+18მ), პრინსი (2); დულინგი (5), პოინდექსტერი (7), ბეილესი (18), არტური 94), როტენი, ლუერი
სან ანტონიო იგებს სერიას 2:0