კალათბურთი

11:16 | 20.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

"სან ანტონიომ" მემფისელ "გრიზლებზე" ნადირობა წარმატებით დაიწყო

"სან ანტონიომ" მემფისელ "გრიზლებზე" ნადირობა წარმატებით დაიწყო. გრეგ პოპოვიჩმა და მისმა გუნდმა დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველ მატჩში მეტოქეს ნამდვილი მასტერკლასი მოუწყეს და 22-ქულიანი სხვაობითაც იმარჯვეს - 105:83.

"სპურსმა" პირველივე მეოთხედში მეტოქე "ნოკდაუნში" გააგზავნა, დააგროვა რა 31 ქულა, საკუთარ კალათში კი მხოლოდ 14 მიიღო. შეუდარებლად კარგი გახლდათ ფრანგი გამთამაშებელი ტონი პარკერი, რომელიც ქულებსაც უხვად აგროვებდა და პასებითაც ამარაგებდა თანაგუნდელებს. მთელი სიმძლავრით მუშაობდა "სან ანტონიოს" ერთ-ერთი მთავარი იარაღი - შორეული ტყორცნები. კავაი ლეონარდმა, მეტ ბონერმა და დენი გრინმა ერთბაშად 11 სამქულიანი ჩაუგდეს "მემფისს". ტიმ დანკანი და ტიაგო სპლიტერი ძირითადად 3-წამიანი ზონის დაცვაზე იყვნენ ორიენტირებულნი, რამაც შედეგი მოიტანა - "გრიზლისის" ყველაზე საშიშმა წევრმა ზაკ რენდოლფმა კარიერაში უცუდესი საპლეიოფო მატჩი ჩაატარა და 2 ქულით დაამთავრა შეხვედრა.

ამ ფაქტორთა გათვალისწინებით "სპურსი" დამაჯერებლად ინარჩუნებდა სოლიდურ უპირატესობას, თუმცა მესამე მეოთხედში სათადარიგოთა სკამიდან შესულმა ქუინსი პოინდექსტერმა ზედიზედ 11 ქულა აიღო და სტუმრებმა 6 ქულამდე შეამცირეს ჩამორჩენა - 56:62. თითქოს, შეხვედრაში ინტრიგა დაბრუნდა, მაგრამ ტაიმაუტის შემდეგ პოპოვიჩმა პარკეტზე მანუ ჯინობილი შეუშვა, რომელმაც ჯერ პერიმეტრიდან ჩააგდო, შემდეგ მეტ ბონერს უპასა მშვენივრად და "სან ანტონიოს" 11:1 გაქცევას დაუდო სათავე. აქ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და ორივე გუნდის მწვრთნელებმა ღრმა სათადარიგოებს მისცეს თავის გამოჩენის საშუალება. მასპინძელთა რიგებში მიმდინარე პლეი ოფში უკვე მეოთხედ გამოჩნდა პარკეტზე ტრეისი მაკგრეიდი, თუმცა მან ამჯერდაც უქულოდ დაასრულა შეხვედრა.

მატჩის MVP ტონი პარკერი გახდა, რომელსაც ორმაგ დუბლამდე ერთადერთი პასი დააკლდა - 20 ქულა, 9 პასი. "მემფისის" რიგებში კი ყველაზე გამორჩეული ქუინსი პოინდექსტერი იყო 17 ქულით.

"სან ანტონიო" სერიაში 1:0 დაწინაურდა და მომდევნო მატჩს ისევ საკუთარ არენაზე გამართავს.

 

სან ანტონიო - მემფისი 105:83 (31:14, 20:23, 22:20, 32:26)

სან ანტონიო: პარკერი (20), გრინი (16), სპლიტერი (1), დანკანი (6), ლეონარდი (18); დიაო (2), ჯინობილი (8), ნილი (11), ჯოზეფი (2), ბონერი (12), ბლერი (6), მაკგრეიდი, მილსი (3)

მემფისი: კონლი (14), ალენი (8), გაზოლი (15), რენდოლფი (2), პრინსი (6); ბეილესი (8), არტური (2), პოინდექსტერი (17), დულინგი, დევისი (5), როტენი, დეი (4), ლუერი (2)

სან ანტონიო იგებს სერიას 1:0

 

0.347554