კალათბურთი

12:07 | 22.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

"სან ანტონიომ" "ლეიკერსს" სერიაში ანგარიში გაუხსნა

ნბა-ს რეგულარული გათამაშების ბოლო ტურებში მიღებული ტრავმების შემდეგ, პლეი ოფის სასტარტო მატჩისთვის გამოჯანმრთელება როგორც მანუ ჯინობილიმ მოასწრო, ასევე ტონი პარკერმაც. ტიმ დანკანის დამატებით, ტეხასური "დიდი ტრიო" მწყობრში იყო და კვლავ ძველებურად უტევდა კალიფორნიულ საკალათბურთო გრანდ "ლოს ანჯელეს ლეიკერსს". გრეგ პოპოვიჩის დამოძღვრილმა გუნდმა შეხვედრა ძალზე დამაჯერებლად ჩაატარა და საბოლოოდ ლოგიკური გამარჯვებაც დააფიქსირა - 91:79.

"სან ანტონიომ" კონფერენციის მეოთხედფინალის პირველ მატჩში "ელ ეის" გუნდში არსებულ მოთამაშეთა მრავალფეროვანი კონტინგენტით აჯობა. ნეშს და ბლეიკს ძალიან უჭირდათ ახალგაზრდა გარი ნილსა და დენი გრინს სისწრაფეში აყოლა, კარგად ირჯებოდა ჯოზეფი, შეტევაში ეპიზოდურად, თუმცა დაცვაში მთელი მატჩის განმავლობაში შეუდარებლად დადებითი იყო კავაი ლეონარდი. გრეგ პოპოვიჩი კვლავ აგრძელებს მეტ ბონერის "ჯოკრის" სტატუსით გამოყენებას, პარკეტზე მისი შეშვებით უმეტეს შემთხვევაში მასპინძელთა ხუთეულიდან ნებისმიერს შეეძლო პერიმეტრიდან მეტოქის დაბომბვა, ისედაც დაღლილი "ლეიკერსი" ხშირად ვეღარ აკონტროლებდა სიტუაციას და სწრაფი კონტრშეტევებიდან ბლომად ქულებს იღებდა საკუთარ კალათში როგორც ახლო, ასევე შორი დისტანციებიდან. ცალკე აღნიშვნის ღირსია ტეხასური "დიდი ტრიო" პარკერის, ჯინობილისა და დანკანის შემადგენლობით. მიუხედავად წლების მატებისა, ისინი კვლავ ძალზე მწყობრად აწიოკებდნენ "ლეიკერსს" და გადამწყვეტი როლიც ითამაშეს გუნდის წარმატებაში.

კალიფორნიელთა რიგებში გამორჩეულნი პაუ გაზოლი და დუაიტ ჰოვარდი იყვნენ, რომელთაც თავგანწირვით იბრძოლეს 3 მეოთხედის განმავლობაში, თუმცა უკანასკნელ პერიოდში აშკარად დაღლა დაეტყოთ. ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა სტივ ნეშმა სრულიად ჩააგდო თამაში, უსუსურად გამოიყურებოდა მეტა ვორლდ ფისიც, რამაც საბოლოოდ "ლეიკერსი" მიმდინარე პლეი ოფში პირველ მარცხთან მიიყვანა.

"ინდიანამ" სერიის პირველ მატჩში "ატლანტასთან" ძალზე იოლად იმარჯვა - 107:90. პირველ წუთებზე ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ, "პეისერსზმა" ჯორჯ ჰილის და პოლ ჯორჯის სნაიპერული თვისებების გამოყენების შედეგად მნიშვნელოვანი ჰანდიკაპი მოიპოვა პირველი მეოთხედის ბოლოსკენ და ყველანაირ ასპექტში დაჯაბნა მეტოქე. როი ჰიბერტმა და დევიდ ვესტმა სამწამიან ზონაში შეზღუდეს "ჰოქსის" მაღლების სუპერწყვილი ჯოშ სმიტის და ელ ჰორფორდის შემადგენლობით, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა საბოლოოდ. "ინდიანამ" მწყობრი დაცვის გამოყენებით მშვიდად მიიყვანეს შეხვედრა ლოგიკურ გამარჯვებამდე.

მატჩის MVP ახალგაზრდა პოლ ჯორჯი გახდა, რომელმაც პლეი ოფის სასტარტო შეხვედრაში საკუთარ ანგარიშზე სამმაგი დუბლი მიითვალა - 23 ქულა, 11 მოხსნა და 12 შედეგიანი გადაცემა.

"მაიამიმ" და "ოკლაჰომამ" ერთი ამოსუნთქვით გაანადგურეს პლეი ოფის სტადიაზე თავიანთი პირველი მეტოქეები - "მილუოკი" და "ჰიუსტონი".

მოქმედმა ჩემპიონებმა ძალების დაზოგვის მიუხედავად, "ბაქსს" 110 ქულა მიართვეს, საკუთარ კალათში კი მხოლოდ 87 მიიღეს. "ჰიტის" რიგებში გამორჩეული კვლავ ლებრონ ჯეიმსი გახლდათ, რომელსაც 2 პასი დააკლდა სამმაგ დუბლამდე - 27 ქულა, 10 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა. აღსანიშნავია უბერებელი რეი ალენის 20 ქულა სათადარიგოთა სკამიდან.

მცირედი დააკლდა "ოკლაჰომას" ვარსკვლავურ გამთამაშებელ რას ვესტბრუკსაც "ტრიპლ დაბლამდე" - 19 ქულა, 10 პასი, 8 მოხსნა. "თანდერმა" მეტოქე სრულიად გამოთიშა მატჩიდან და მეთოდურად გაზარდა ანგარიში. მასპინძლებმა სტუმრებს ოთხივე მეოთხედი მოუგეს და "ჰიუსტონს" 29-ქულიანი მარცხი აგემეს - 120:91.

 

სან ანტონიო - ლეიკერსი 91:79 (24:15, 21:22, 25:20, 21:22)

სან ანტონიო: პარკერი (18+8პ), გრინი (6), სპლიტერი (2), დანკანი (17+10მ+3ჩ), ლეონარდი (8+11მ); ბონერი (10), ჯინობილი (18), ნილი (6), ჯოზეფი (4), ბაინესი, ბლერი, დე კოლო (2)

ლეიკერსი: ნეში (15), ბლეიკი (12), ჰოვარდი (20+15მ), გასოლი (16+16მ+6პ), ვორლდ ფისი (5); მიქსი (4), ჯეიმისონი (6), კლარკი, მორისი

 

ინდიანა - ატლანტა 107:90 (34:26, 24:24, 26:19, 23:21)

ინდიანა: ჰილი (18), სტივენსონი (13), ჰიბერტი (16), ვესტი (13), ჯორჯი (23+11მ+12პ); ტ.ჰენსბრო (9), ოგუსტინი (2), გრინი (11), პენდერგრაფი (2), ჯონსონი

ატლანტა: ტიგი (21), ჰარისი (8), ჰორფორდი (14), სმიტი (15), კორვერი (5); ჯენკინსი, ჯონსონი (10), სტივენსონი (6), ტოლივერი, პეტრო (6), მაკი (3), ჯონსი, სკოტი (2)

 

მაიამი - მილუოკი 110:87 (26:24, 26:21, 28:20, 30:22)

მაიამი: ჩალმერსი (7), ვეიდი (16), ბოში (15), ჰასლემი (2), ჯეიმსი (27+10მ+8პ); ალენი (20), ბეტიე (5), კოული (6), ანდერსენი (10), ლუისი (2), ჯონსი, ენტონი

მილუოკი: ჯენინგსი (26), ელისი (22), სანდერსი (6), მბა მუტე (6), ილიასოვა (2); იუდო (4), რედიკი (6), დანიელსი (2), ჰენსონი (6), დანლივი (5), აიონი (2), სმიტი

 

ოკლაჰომა - ჰიუსტონი 120:91 (26:19, 34:28, 29:19, 31:25)

ოკლაჰომა: ვესტბრუკი (19+10პ+8მ), სეფალოშა (9), პერკინსი (4), იბაკა (17), დურანტი (24); მარტინი (16), ჯექსონი (9), კოლისონი (8), ფიშერი (9), ბრიუერი, ლიგინსი (3), ჯონსი, ტაბიტი (2)

ჰიუსტონი: ლინი (4), ჰარდენი (20), აშიკი (9), სმიტი (6), პარსონსი (9); დელფინო (10), ბევერლი (11), ჯონსი (4), გარსია (8), ბრუქსი (5), ანდერსონი, მოტეინასი (5)

 

0.182444