ნბა-ს დასავლეთ კონფერენციაში მეორე ნომრად განთესილმა "სან ანტონიომ" კალიფორნიაში "ლეიკერსი" 120:89 შეარცხვინა და პლეი ოფის პირველ რაუნდში სოლიდური სხვაობით დაწინაურდა - 3:0.
მაიკ დანტონის დამოძღვრილ გუნდს შეხვედრის წინ სხვადასხვა სახის ტრავმების გამო ერთბაშად 4 წამყვანი უკანახაზელი აკლდა: კობი ბრაიანტი, სტივ ნეში, ჯოდი მიქსი და სტივ ბლეიკი. სწორედ ამიტომ, "ლეიკერსის" სასტარტო ხუთეულში გამოჩნდნენ განვითარების ლიგიდან გადმოყვანილი ენდრიუ გაუდლაქი და ახალბედა დარიუს მორისი.
"სან ანტონიომ" პირველივე წუთებიდან სერიოზულად მოკიდა საქმეს ხელი. ტიმ დანკანმა ზედიზედ სამჯერ ჩააგდო საშუალო დიტანციიდან, შემდეგ დაცვაში დუაიტ ჰოვარდსაც დაუფარა და ბიძგი მისცა საკუთარი გუნდის წარმატებულ თამაშს. პირველი მეოთხედის ბოლო 2:35 წუთში "სპურსმა" მეტოქეს 11:4 გაქცევა მოუწყო და 30:18 დაწინაურდა, რის შემდეგაც სტუმრებს უკან აღარც მოუხედავთ და დამაჯერებლად, 31-ქულიანი სხვაობით გაანადგურეს მეტოქე - 120:98.
"ელ ეიმ" თითქმის ყველა საკალათბურთო ასპექტში პირწმინდად დათმო შეხვედრა: მოხსნები 35-49, შეტევაში მოხსნები 9-8, დაკარგვები 13-14, სწრაფი კონტრშეტევისას აღებული ქულები 6-19, სამწამიანი ზონიდან დაგროვილი ქულები 50-56. სათადარიგოთა სკამიდან შესული კალათბურთელების მიერ დაგროვილი ქულები 9-46.
"სან ანტონიოს" რიგებში მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა უბერებელმა ტიმ დანკანმა, რომლის მონაგარმაც 31 წუთში 26 ქულა, 9 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი შეადგინა. სოლიდურად გამოიყურებოდა ფრანგი გამთამაშებელი ტონი პარკერი - 20 ქულა, 7 პასი. დეჯუან ბლერმაც კი 100% სიზუსტით ისროლა თამაშიდან – 6-ვე მცდელობა წარმატებით გამოიყენა და შეხვედრა 13 ქულით დაასრულა. ერთადერთი გულდასაწყვეტი ფაქტი ამ მატჩში გრეგ პოპოვიჩისთვის ის იყო, რომ მესამე მეოთხედის მიმდინარეობისას ფეხის ტრავმა მიიღო ბრაზილიელმა ცენტრმა ტიაგო სპლიტერმა, თუმცა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე "სპურსის" პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ცნობით, დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა.
"ლეიკერსის" შემადგენლობაში საუკეთესო კვლავ ესპანელი პაუ გაზოლი იყო, რომელმაც ბოლო 6 თამაშში უკვე რიგით მესამე სამმაგი დუბლი შეასრულა - 11 ქულა, 13 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა. თუმცა მხოლოდ მისმა კარგმა გარჯამ, რაღა თქმა უნდა, ვერ უშველა კალიფორნიელებს. საშინლად გამოიყურებოდა მეტა ვორლდ ფისი, რომელმაც ყველა ნატყორცნი ბურთი ააცილა და ნული ქულით დაამთავრა შეხვედრა.
"ლეიკერსმა" არსებობის ისტორიაში პლეი ოფში პირველად იწვნია 31-ქულიანი მარცხი და თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ ნბა-ს პლეი ოფში არავის ამოუქაჩავს სერია 0:3-დან, "ტბელები" განწირულები არიან.
დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ამ მომენტისთვის "ნიუ იორკი" გაცილებით უკეთესი გუნდია, ვიდრე "ბოსტონი". საკუთარ არენაზე თავისუფლად მოგებული საწყისი ორი შეხვედრის შემდეგ, "ნიქსმა" მეტოქის დარბაზშიც უპრობლემოდ იმარჯვა (90:76) და სერიაში დამაჯერებლად ლიდერობს - 3:0.
მატჩის MVP 26 ქულით კარმელო ენტონი გახდა, რომელმაც ყველა გადამწყვეტ მომენტში წარმატებით აიღო თამაში საკუთარ თავზე და დასაბამი დაუდო საკუთარი გუნდის წარმატებას.
"გოლდენ სტეიტი" "დენვერის" წინააღმდეგ წარმატებულ თამაშს განაგრძობს. დევიდ ლის ტრავმის შემდეგ, მარკ ჯექსონის დამოძღვრილმა "უორიორზმა" ზედიზედ 2 მატჩი მოუგო "ნაგეთსს" და სერიაში 2:1 დაწინაურდა.
თანაბარ ბრძოლაში გალეული პირველი მეოთხედის შემდეგ, "დენვერმა" სათამაშო ტემპს უმატა და ტაი ლოუსონის კარგი გარჯის შედეგად, სტუმრები დიდ შევენებაზე 12-ქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ - 66:54.
მესამე მეოთხედში "გოლდენ სტეიტმა" დროულად მოახერხა გამოფხიზლება, კურის, ტომპსონის და ბარნსის ზუსტი ტყორცნების შემდეგ, მასპინძლები მეტოქეს ნელ-ნელა მიუახლოვდნენ. "უორიორზმა" მოპოვებული ფსიქოლოგიური უპირატესობა აღარ გაფლანგა და საფინალო სირენამდე 1:48 წუთით ადრე 4-ქულიანი სხვაობით გავიდა წინ - 109:105. საპასუხოდ უილსონ ჩენდლერმა ძალზე საჭირო დროს ზუსტი სამქულიანი ჩასვა და ინტრიგა დიდი დოზით დააბრუნა მატჩში - 107:108. სათამაშო 8 წამიღა იყო, მაგრამ მასპინძლებმა აუტის ხაზიდან ბურთის თამაშში შემოყვანა დროულად ვერ შეძლეს, რითვისაც დაისაჯნენ და მეტოქეს მატჩის მოსაგებად შანსი ებოძა. ჯორჯ კარლის შეგირდებმა ეს ვერ შეძლეს, რადგან გადამყვეტი იერიშისას ტაი ლოუსონი დაეცა და ბურთი გაუვარდა. "დენვერმა" საწრაფოდ ფოლი აიღო ბარნსზე, რომელმაც ორიდან მხოლოდ ერთი საჯარიმო გამოიყენა - 110:108. "ნაგეთსს" აღარ ჰქონდა ტაიმაუტი, ამიტომაც ანდრე იგუდალამ საკუთარი ნახევრიდან ტყორცნა ბურთი, რომელიც კალათის რკალს მოხვდა, მაგრამ არ ჩავარდა. სერიაში ოქროს შტატის წარმომადგენლები დაწინაურდნენ - 2:1.
გოლდენ სტეიტი - დენვერი 110:108 (32:32, 22:34, 33:18, 23:24)
გოლდენ სტეიტი: კური (29+11პ), ტომპსონი (6), ბოგატი (6), ჯეკი (23), ბარნსი (19); ეზელი (3), გრინი (5), ლენდრი (19), ჯეფერსონი, ბეიზმორი
დენვერი: ლოუსონი (35+10პ), ფურნიე (2), ფარიდი (15), ჩენდლერი (11), იგუდალა (14); მაკგი (4), ბრიუერი (16), მილერი (7), კუფოსი, რენდოლფი (4)
სერიის ანგარიში - 2:1
ბოსტონი - ნიუ იორკი 76:90 (18:23, 13:24, 21:21, 24:22)
ბოსტონი: ბრედლი (2), ტერი (14), გარნეტი (12+17მ), გრინი (21), პირსი (17); ბასი (3), ლი (2), კროუფორდი (5), უილიამსი
ნიუ იორკი: პრიჟიონი (9), ფელტონი (15+10პ), ჩენდლერი (6), ენტონი (26), შამპერტი (4); სმიტი (15), მარტინი (5), კიდი, ნოვაკი (8), უაითი (2), კოუპლენდი, რიჩარდსონი
სერიის ანგარიში – 0:3
ლეიკერსი - სან ანტონიო 89:120 (18:30, 26:25, 19:30, 26:35)
ლეიკერსი: გაუდლაქი (20), მორისი (24), ჰოვარდი (25+11მ), გაზოლი (11+13მ+10პ), ვორლდ ფისი; ჯეიმისონი (5), კლარკი (4), დუჰონი, ჰილი
სან ანტონიო: პარკერი (20), გრინი (11), სპლიტერი (5), დანკანი (26), ლეონარდი (12); ბონერი (6), ჯინობილი (6), ჯოზეფი (8), ბლერი (13), ნილი (7), ბეინსი (2), მილსი (2), დე კოლო (2)
სერიის ანგარიში – 0:3