“სან ანტონიომ” დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური დაპირისპირების მეხუთე მატჩში, საკუთარ AT&T Center-ში იოლად სძლია “გოლდენ სტეიტს” (109:91) და სერიაშიც დაწინაურდა - 3:2.
“სპურსმა” მთელი შეხვედრის განმავლობაში ბრწყინვალე გუნდური კალათბურთი აჩვენა როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში - კორი ჯოზეფმა და დენი გრინმა პერსონალურად დაკეტეს კლეი ტომპსონისა და სტეფ კარის სუპერდუეტი (ჯამში 22 ტყორცნიდან მხოლოდ 6 გამოიყენეს). უბერებელმა ტიმ დანკანმა პირად დუელში აშკარად დაჯაბნა ავსტრალიელი ენდრიუ ბოგატი და მის წინააღმდეგ თამაშისას კიდევ ერთი ორმაგი დუბლი მიითვალა (14 ქულა, 13 მოხსნა). ნბა-ს საპლეიოფო ისტორიაში შესრულებული დაბლ-დაბლების რაოდენობით (143) ტიმი მეორე ადგილზე გადავიდა და ჩამორჩება მხოლოდ “ლეიკერსის” ლეგენდარულ გამთამაშებელ მეჯიქ ჯონსონს (157).
შეტევაში მასპინძელთა ლიდერობა ამჟამად ფრანგმა გამთამაშებელმა ტონი პარკერმა ითავა, რომელიც გადამწყვეტ მომენტებში ან თვითონ აგდებდა “უორიორზის” კალათში მნიშვნელოვან ბურთებს, ანდაც თანაგუნდელებს ამარაგებდა კომფორტული პასებით (25 ქულა, 10 პასი). ამ ფაქტორთა გათვალისწინებით “სან ანტონიომ” ყვლანაირი ნერვიულობის გარეშე მოახერხა მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება და სერიის მომდევნო მატჩში (Oracle Arena-ზე) უკვე კონერენციის ფინალის საგზურის მოპოვებას შეეცდება.
“ინდიანამ” მაიკ ვუდსონის გაწვრთნილ “ნიუ იორკს” ამჯერადაც თავისი სათამაშო სტილი მოახვია თავს: დაბალი ტემპი და პოზიციური კალათბურთი.
“ნიქსის” სასტარტო ხუთეული ორი ნომინალური ცენტრით იყო დაკომპლექტებული: ტაისონ ჩენდლერს კენიონ მარტინი შეუწყვილდა, თუმცა ვერც ამ ფაქტორმა უშველა სტუმრებს. მართალია, “ნიუ იორკმა” სამწამიან ზონაში შეძლო როი ჰიბერტის და დევიდ ვესტის შეჩერება, სამაგიეროდ “ინდიანას” რიგებში აიწყვიტეს ჯორჯ ჰილმა და წლის ყველაზე გაუმჯობესებულმა მოთამაშემ პოლ ჯორჯმა. მათ ჯამში 44 ქულა დააგროვეს და ლომის წვლილი დაიდეს საკუთარი გუნდის წარმატებაში - 93:82.
სტუმართა რიგებში საუკეთესო ისევ კარმელო ენტონი გახლდათ 24 ქულით, შედეგიანი იყო ჯეი არ სმიტიც (19 ქულა), თუმცა მხოლოდ ამ ორი კალათბურთელის გარჯა, რაღა თქმა უნდა, არ გამოდგა საკმარისი საბოლოო გამარჯვებისთვის.
ამ მოგების შემდეგ “ინდიანა” 3:1 დაწინაურდა სერიაში და ერთი მოგებაღა აშორებს შემდეგი ეტაპის საგზურამდე.
ინდიანა – ნიუ იორკი 93:82 (23:16, 25:18, 19:22, 26:26)
ინდიანა: ჰილი (26), სტივენსონი (13), ჰიბერტი (6), ვესტი (10+10მ), ჯორჯი (18+14მ+7პ); ტ.ჰენსბრო (2), ოგუსტინი (11), იანგი (5), მაინმი (2), ჯონსონი, პენდერგრაფი
ნიუ იორკი: ფელტონი (14), შამპერტი, ჩენდლერი (12+10მ), მარტინი, ენტონი (24); სმიტი (19), კიდი, პრიჟიონი, სტადემაირი, კოუპლენდი, ნოვაკი
ინდიანა იგებს სერიას 3:1
სან ანტონიო – გოლდენ სტეიტი 109:91 (37:28, 17:23, 29:21, 26:19)
სან Aანტონიო: პარკერი (25+10პ), გრინი (16), სპლიტერი (4), დანკანი (14+11მ), ლეონარდი (17); დიაუ (8), ჯინობილი (10), ჯოზეფი (7), ნილი, ბონერი (3), მაკგრეიდი, ბლერი (2), მილსი (3)
გოლდენ სტეიტი: კარი (9), ტომფსონი (4), ბოგუტი (2), ლენდრი (16), ბარნსი (25); ეზელი, ლი (6), ჯეკი (20), გრინი (2), ჯეფერსონი (7), ბიედრინსი, ბაზემოური, მაჩადო
სან Aანტონიო იგებს სერიას 3:2