სტატიები

12:32 | 28.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

“სან ანტონიო სპურსი"

ბოლო სეზონები: ნიჭი და გამოცდილება

არ სი ბიუფორდი – ალბათ ბევრი თქვენგანისათვის უცხო პიროვნებაა, რომელსაც წლების განმავლობაში “სან – ანტონიოში” კლუბის პრეზიდენტის პოსტი ეკავა, ამჯამად კი გუნდის გენერალური მენეჯერია. იგი ითვლება ეტალონად, თუ როგორ უნდა მართო კლუბი და მიიყვანო ის დიდ წარმატებებამდე. ბიუფორდმა ხომ 12 წელში “სპურსს” ოთხჯერ მოაგებინა საჩემპიონო ბეჭდები. რის ხარჯზე მოახერხა მან ეს? მას შემდეგ რაც დევიდ რობინსონმა კარიერა დაასრულა, გუნდში რეალურად ერთი ვარსკვლავი ირიცხებოდა ტიმ დანკანის სახით, რომლის ირგვლივაც რეალურად შეიძლებოდა გუნდის აშენება. ამის შემდეგ  კლუბის ხელმძღვანელობამ ტონი პარკერი დრაფტზე 28-ე ნომერად აიყვანეს, ხოლო მანუ ჯინობილი საერთოდ 58-ე. ამჯამად ვინ ითვლება გუნის მომავლად?– კაჰუი ლეონარდი, დენი გრინი და დეჟუან ბლერი, რომლებიც უახლოეს წარსულში შესაბამისად მე-15-ე, 46-ე და 37-ე ნომრებად იქნენ არჩეულები.
წლეულს ბიუფორდს სურდა რომ ბარსელონადან ლორბეკი გადმოეყვანათ, რაც საბოლოოდ არ გამოვიდა, სამაგიეროდ დაიმატეს საფრანგეთის ნაკრების ახალგაზრდა  უკანახაზელი ნანდო დე კოლო.

მთავარი მწვრთნელი: გრეგ პოპოვიჩი

გრეგ პოპოვიჩი თანამედროვეობის ერთ ერთი საუკეთესო მთავარი მწვრთნელია, თუ საუკეთესო არა. მის გაწვრთნილ გუნდში ყველა კალათბურთელს მოეთხოვება შავი სამუშაოს შესრულება და დაცვაში კარგი თამაში, წინააღმდეგ შემთხვევაში “სან-ანტონიოში” მათი პერპექტივა ხანგრძლივი არ არის. გრეგი ხვდება რომ მისი ვარსკვლავური ტრიო დანკანი – ჯინობილი – პარკერის შემადგენლობით ძველებურად შედეგიანი ვერ იქნება სოლიდური ასაკის გამო, თუმცა მთავარი მწვრთნელი ცდილობს გუნდის წარმატების ფორმულა  დაუქვემდებაროს ვეტერენ და ახალგაზრდა კალათბურთელთა კარგ ნაზავს. პოპოვიჩი ტაქტიკურად ძალიან ძლიერია, თუმცა გასულ სეზონში დასანანი მარცხი იწვნია “ოკლაჰომასთან” კონფერენციის ფინალში, “სპურსს” სერია მიჰყავდა რა 2-0, შემდეგ ზედიზედ 4 მარცხი იწვნია. ერთ ერთ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა რომ მთელი ზაფხული ამ მარცხის ანალიზში გაატარა და რამოდენიმე საინტერესო სათამაშო მოდელი მოიფიქრა თუ რის ხარჯზე უნდა ჩაახშოს “ოკლაჰომას” ახალგაზრდული  ენერგია და მონდომება.

უკანა ხაზი: პარკერი, ჯინობილი, კაჰუი ლეონარდი

“სპურსის” გუნდის ძირითადი გამთამაშებელი ტონი პარკერი  30 წლის გახლავთ და საკუთარი ფორმის პიკზეა. იგი კვლავინდებურად სახიფათოა როგორც საშუალო, ასევე შორი დისტანციიდან ტყორცნებისას. რეაქტიული სისწრაფით გადადის შეტევაზე, უბადლო ტექნიკისა და დრიბლინგის ხარჯზე ხშირად  შედის სამწამიან ზონაში და წარმატებით ამთავრებს იქ შეტევებს. იგი აკონტროლებს გუნდის სათამაშო ტემპს და პარტნიორებს გასაგიჟებელი პასებით ამარაგებს.  მის კარგ სათამაშო ფორმაზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული გუნდის საბოლოო შედეგი.

http://www.youtube.com/watch?v=C0BogImJBRc

 

მანუ ჯინობილი ბოლო წლებია ტრავმებმა გატანჯეს, მიუხედავად ამისა როდესაც იგი პარკეტზეა, კვლავინდებურად გუნდის ლიდერობას ტვირთულობს და გადამწყვეტ მომენტებში ზუსტ სამიანებსაც აგდებს საფინალო სირენასთან ერთად. მანუს სისწრაფე ასაკის მატებასთან ერთად ნელ ნელა კლებულობს, სამაგიეროდ მისი გამოცდილება რიგ შემთხვევებში გადამწყვეტია ხოლმე. თუ არგენტინელს 2012-13 წლის სეზონში კვლავ ტრავმები არ შეახსენებს თავს, მისი სახით “სან-ანტონიოს” ლიგაში ერთ ერთი ყველაზე კრეატიული და “ფანტაზისტა” ორი ნომერი ეყოლება კვლავ.

http://www.youtube.com/watch?v=3L1V7wk5Afs

 

კაჰუი ლეონარდი გუნდის მომავალია. ახალგაზრდა ლეონარდი დაცვაში ძალიან საიმედოა, ამასთან ერთად ფლობს მშვენიერ საშუალო და შორეულ ტყორცნას. ფიზიკურად საკმაოდ ძლიერია, ეხერხება მეტოქესთან კონტაქტში შესვლა ხშირად უწევს ბონუს ჯარიმების ტყორცნა. უკანა ხაზელთა ეს ტრიო ერთ ერთი ყველაზე საშიში იქნება მთელს ლიგაში.

წინა ხაზი: დიაო, დანკანი
ბორის დიაოს სახით ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გრეგ პოპოვიჩმა ძალზედ საჭირო  მოთამაშე დაიმატა გუნდში. ფრანგ კალათბურთელს შეუძლია სისწრაფის ხარჯზე დაჯაბნოს მეტოქე გუნდების მძიმე ფორვარდები, ხოლო 3 ნომრები სიმაღლის ხარჯზე. ასევე წარმატებით ძალუძს ამოიწიოს პერიმეტრზე და იქიდან გაუშვას “ბომბა” სამქულიანები. როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში ძალიან აქტიურად იბრძვის მოხსნებზე, ამ ასპექტში შეუძლია დიდი დახმარება გაუწიოს გუნდის ბოლო წლების უდავო ლიდერ ტიმ დანკანს, რომელმაც სისწრაფე დაკარგა, შედეგად 4 ნომრის პოზიციიდან გადმოიწია ცენტრზე, თუმცა კვლავინდებურად  ძალიან სახიფათოა სამწამიან ზონაში, ასევე ნორმალურად მუშაობს მისი საშუალო ტყორცნაც. მართალია ძველებურად ყველა მატჩში 20 ქულა+20 მოხსნას ვეღარ აკეთებს, სამაგიეროდ თუ დააკვირდებით ნებისმიერ შეხვედრაში გუნდის პირველ შეტევას ყოველთვის ის ასრულებს.. ეს ჟესტი გარკვეული პატივისცემის გამოხატულებაა მისტერ დანკანის პერსონისადმი.

http://www.youtube.com/watch?v=aIiua3bCa8U

 

სათადარიგო მოთამაშეები: დენი გრინი, სტივენ ჯექსონი, გარი ნილი, ნანდო დე კოლო, დეჯუან ბლერი, მეტ ბონერი, ტიაგო სპლიტერი.
სათადარიგოთა სკამზე უკანა ხაზის დასახმარებლად გუნდის მთავარ მწვრთნელს მრავალფეროვანი არჩევანის საშუალება აქვს. დენი გრინი “კლივლენდში” ჩატარებული არცთუისე შთამბეჭდავი სადებიუტო სეზონის შემდეგ, პოპოვიჩმა ახალგაზრდა “სპურსში” მიიწვია და დენიმაც თითქმის ყველა საკალათბურთო ასპექტში გააორმაგა თავისი მონაგარი. სტივენ ჯექსონი თავისი გამოცდილებით და დაცვაში დამაჯერებელი თამაშით აბალანსებს მთლიანად გუნდის მოქმედებას. ხოლო გარი ნილის სახით კლუბს ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი შემსრულებელი ყავს, რომლის თამაში ძირითადად ქუჩური კალათბურთის ელემენტებით არის გაჯერებული. მის არსენალში პრაქტიკულად არ არის საშუალო ტყორცნა, იგი ან დრიბლინგის ხარჯზე შედის მეტოქის სამწამიან ზონაში, ანდაც შეტევას შორეული სამქულიანი ტყორცნით ამთავრებს. წინა ხაზის მარქაფის მოთამაშეებს შეადგენს მძიმე, დომინანტური ცენტრი დეჟუან ბლერი, რომელიც 3 წამიანის მიღმა პრაქტიკულად გამოუყენებელია, თუმცა რიგ ოპონენტებთან ძალიან საჭიროა მისი ტიპის ცენტრი, რომელიც მეტოქის 5 ნომრებს ჯაჯგურს გაუმართავს და არ მისცემს ქულების დაგროვების საშუალებას. გარი ნილი – დენი გრინი – სტივენ ჯექსონი – ბორის დიაო – მეტ ბონერი ეს გახლავთ მსუბუქი , სათადარიგო ხუთეული, რომლის პარკეტზე გამოყვანის შემთხვევაში ნებისმიერ მათგანს შეუძლია 3 ქულიანი ტყორცნის წარმატებით გამოყენება. გასულ სეზონში მეტ ბონერი პოპოვიჩის ჯოკრად იქცა, რადგან მის პერიმეტრზე ამოსვლას და იქიდან გაშვებულ სამიანებს კარგა ხანი ალღო ვერ აუღეს მოწინააღმდეგეებმა. სათადარიგო მოთამაშეების ამ რიცხვს თუ დავუმატებთ ევროპამოვლილ, საკმაოდ მოძრავ მძიმე ფორვარდ ტიაგო სპლიტერს, მაშინ სერიოზულ კოლექტივს მივიღებთ.

http://www.youtube.com/watch?v=F_u5APL3-Bw


სასტარტო ხუთეული: ტონი პარკერი – ემანუელ ჯინობილი – კაჰუი ლეონარდი – ბორის დიაუ – ტიმ დანკანი

გუნდის ლიდერების სტატისტიკური მონაცემები საშუალოდ მატჩში

ქულები: პარკერი 17,8

მოხსნები: დანკანი 8,7

გადაცემები: პარკერი 7,5

ჩაჭრები: ლეონარდი 1,5

დაფარებები: დანკანი 1,5

დაკარგვები: პარკერი 2,5

 

დასკვნა: “სან ანტონიო” დასავლეთ კონფერენციის მოგების ერთ ერთი მთავარი პრეტენდენტია. მისი მთავარი კოზირი კონკუენტებთან ის გახლავთ რომ გუნდის ბირთვი უცვლელი შემადგენლობით უკვე დიდი ხანია თამაშობს და მათ არ დასჭირდებათ დრო ერთმანეთთან ინტეგრირებასა და შეჩვევაზე. პოპოვიჩმა ძალიან კარგად იცის როგორ უნდა გაანაწილოს საკუთარი ლიდერების სათამაშო დრო, გასვლით ტურნეებზე კონკრეტულ მეტოქესთან ვისი გამოყენებაა მიზანშეწონილი და ვისი დასვენება. “პოპოს” ხომ უდიდესი გამოცდილება აქვს დაგროვილი და მიკროსკოპით იცნობს ნბა-ში მოღვაწე ყველა ადამიანს. გასული სეზონში “ოკლაჰომასთან” ძირითადად უკანახაზელებმა წააგეს, წლეულს მათ დამხმარედ ახალგაზრდა ნანდო დე კოლო მიუყვანეს, რომელსაც პლეიოფის პერიოდისათვის უკვე გავლილი ექნება ყველანაირი ადაპტაცია ნბა-ში. გრეგი კლუბში კვლავ მთავარ ვარსკვლავად რჩება და სადაც ის არის ჩემპიონობის სუნიც იქვე ახლოს ტრიალებს. http://www.youtube.com/watch?v=X24lR9Pcl3U
 

გიორგი ბარბაქაძე

 

0.143058