ფეხბურთი

14:55 | 11.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

სამწუხარო ტრადიცია

გუშინ, ფინეთთან, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ქართული ფეხბურთი ევროპულს კარგა გვარიანად ჩამორჩა და ძალიან დიდი დრო დასჭირდება მის დასაწევად.

ვუყურებდი გუშინდელ თამაშს და ხან ცოტა ხნის წინანდელი “დილა” – “რაპიდი,” ხანაც “დინამო” – “ტოტენჰემი” მახსენდებოდა. იქაც იგივე იყო. განსწავლული, საქმის მცოდნე ევროპელები და დაბნეული, განწირული ქართველები. გუშინ შეიძლება მსაჯი ცუდად მოგვექცა, ტყუილი პენალტი დაგვინიშნა და ასე შემდეგ, თუმცა, იმავე … ფინელებს მალევე ნაღდი გოლი არ ჩაუთვალა. მაგრამ ეს ყველაფერი წვრილმანებია. ფაქტი ის არის, რომ სტუმრებმა აშკარად გვაჯობეს. ისინი ნასწავლ ფეხბურთს თამაშობდნენ, ჩვენებს კი ერთი ხეირიანი კომბინაციაც არ გამოუვიდათ, ინდივიდუალური გარღვევებით ცდილობდნენ ფონს გასვლას, რაც უკვე მოძველებული ფეხბურთის ნიშანია.

მეტოქემ პირველი წუთიდანვე მკაცრი პრესინგი შემოგვთავაზა და ბოლომდე ასე შებოჭილები ვყავდით. ისიც ვაღიაროთ, რომ მიქსუ პაატელაინენმა (რომელიც მხოლოდ იმით გვახსოვს, რომ ფეხბუთელობისას ერთხელ სან მარინოს ნაკრებს 4 გოლი გაუტანა) ტაქტიკურად აჯობა თემურ ქეცბაიას. ფინელებმა ასო-ასო შეისწავლეს ჩვენიანები და პატარა ბავშვებივით მოიმწყვდიეს მუშტში. არადა, ერთი ფინელი ფეხბურთელი მაინც არსებობდეს, ვინც მეტ-ნაკლებად ცნობილია ევროპაში.

შარშან 12 ოქტომბერს, ჰელსინკიში ამ გუნდების შეხვედრა ფრედ (1:1) დამთავრდა. მაშინ ქართველები იგებდნენ კიდეც და უკეთესი შთაბეჭდილებაც დატოვეს. და აი, 11 თვის შემდეგ ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად სახეცვლილი ფინეთის ნაკრები, რომლის პროგრესი აშკარაა და კიდევ უფრო დაბეჩავებული “ჯვაროსნები.”

ბოლო დროს მეორე ნომრად თამაში უფრო გვემარჯვება, ამიტომაც გავუმკლავდით ფრანგებს. ახლა კი, როცა საჭირო იყო შეგვეტია და მოგვეგო, უკვე მერამდენედ, ძალიან უსუსრები აღმოვჩნდით.  

საერთოდ, მგონია, რომ ფეხბურთი, თავისი არსით, ძალიან წააგავს სახელმწიფოს. ანუ მისი შემცირებული მოდელია, იმავე სოციალურ-ეკონომიკური თუ სხვა ათასგვარი პრობლემებით. უკვე 23 წელიწადია დამოუკიდებელი ქვეყანა გვქვია და სახელმწიფოდ ჯერაც ვერ ჩამოვყალიბებულვართ. აქაურობა თითქოს გალამაზდა, გამშვენიერდა, ანუ ფორმა იცვალა, მაგრამ ყველაზე მთავარი – შინაარსი იგივე დარჩა. ასევეა ფეხბურთშიც. თითქოს სტადიონები აშენდა, ბაზები გაკეთდა, მაგრამ რეალობა არ შეცვლილა. საშინელი ვითარებაა ბავშვთა ფეხბურთში, გადასახადები მაღალია და ამ მიზეზით უამრავი ნიჭიერი ყმაწვილი ფეხბურთს თავს ანებებს. თუ მაინც ახერხებ და იხდი, თვიური გადასახადის გარდა ყველაფრის: ბურთების, ფორმის და თქვენ წარმოიდგინეთ, მინდვრის არენდის ფულსაც კი მშობლებს ახდევინებენ. მწვრთნელებში პროფესიონალიზმის კატასტროფული დეფიციტია, ფატობრივად, ახალგაზრდა საფეხბურთო სკოლას ისე ამთავრებს, რომ ნამდვილ ფეხბურთზე წარმოდგენა არ აქვს, ანუ თამაში არ იცის. ახლა ჩვენი ბავშვები ნიჭით უფრო იკვლევენ გზას ვიდრე სწავლით, თუმცა ეს ნიჭი გარკვეულ ასაკამდე ჰყოფნით, მერე კი, როცა მკაცრი და დაუნდობელი რეალობის წინაშე დგებიან, აღარაფერი გამოსდით.

მგონი, ეს გაცილებით ღრმა პრობლემაა, ვიდრე ცალკეული პიროვნებების ბრალი. არ ვარ დარწმუნებული, რომ ვთქვათ, სიჭინავას, ფიფიას ან ქეცბაიას მაგიერ სხვა ხალხი რომ მოვიდეს, რაიმე შეიცვლება. სამწუხაროდ, ეს არის საბჭოთა მენტალიტეტით გაჯერებული ადამიანების საზოგადოება, სადაც ნაღდ ევროპულ ფასეულობებს ჯერაც არაფერი ესაქმება და კიდევ უფრო სამწუხაროდ, ეს მარტო ფეხბურთს არ ხება.

ზუსტად ვერც მე და ალბათ ვერც ვერავინ იტყვის, რა გვჭირს. რატომაა, რომ ჩაკეტილ წრეში ვტრიალებთ, წლები გადის და გამოსავალი არ ჩანს. ნაღვლიანად ვუცქერდი “დინამო” – “ტოტენჰემის” თამაშს და ნათლად ვხედავდი სხვაობას – “ტოტენჰემი” ევროპა იყო, “დინამო” საქართველო. ლონდონელები რასაც უნდოდათ, იმას აკეთებდნენ და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ დასჭირვებოდათ 8-10 ბურთსაც გაგვიტანდნენ. სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა.

ეს ყბადაღებული მენტალობა კუდიანი ბებერივით თან დაგვსდევს. და მართლაც, ძალიან უცნაურია. ვთქვათ, ახლანდელი თაობის ფეხბურთელები ევროპის ტოპ-კლუბებში არ თამაშობენ და ოსტატობაც აკლიათ, მაგრამ იმ თაობაზე რა ვთქვათ (თავად ქეცბაია, არველაძეები, ქინქლაძე, ჯამარაული, ნემსაძე, მოგვიანებით კალაძე) რომლებიც მართლაც ევროპის უძლიერეს კლუბებში ირჯებოდნენ და იქაც გამორჩეულები იყვნენ, ჩვენს ნაკრებში კი რატომღაც არაფერი გამოსდიოდათ, თუმცა თავი არ დაუზოგავთ. მაშინაც გვახსოვს სამარცხვინო წაგებები და არცთუ ძლიერ ჯგუფებში დაკავებული ბოლო ადგილები. უნიჭიერესი თაობა ერთხელაც ვერ მოხვდა ვერცერთი სერიოზული ტურნირის ფინალურ ეტაპზე. და კიდევ, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ჩვენს ეროვნულ გუნდს არასოდეს მოუგია გადამწყვეტი, მნიშვნელოვანი მატჩი. ფინეთთან გუშინდელი წაგებაც ამ სამწუხარო ტრადიციის გაგრძელება იყო.

0.116795