მსოფლიო კლასიფიკაციის ლიდერი რაფა ნადალი ავსტრალიის ღია ჩემპიონატის მესამე წრეში 17 წლის კორტის მასპინძლის ტანასი კოკინაკისის 6:2, 6:4, 6:2 დამარცხებით გავიდა. რეიტინგსიის 570-ე ნომერი თინეიჯერის ძლევას რაფამ საათი და 53 წუთი მოანდომა. ნადალი მერვედფინალში გასასვლელად ფრანგ გაელ მონფისს დაუპირისპირდება.
კოკინაკისთან მატჩის დასრულების შემდეგ რაფამ ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა: “თანდათან ასპარეზზე ახალი თაობის წარმომადგენლები გამოდიან. კოკინაკისი იმ მოთამაშეთა შორისაა, რომელთაც სამომავლოდ ბევრის მიღწევა შეეძლებათ. როდესაც 17 წლისა გახლდით, რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩავატარე, მათ შორის მატჩი დავიდ ფერერთან, დაპირისპირება ფედერერთან მაიამიში და ვიასპარეზე დევისის თასზე ჩეხების წინააღმდეგ. როდესაც 17-ისა ხარ, დასაკარგი არაფერია და ფსიქოლოგიური ზეწოლის გარეშე გადიხარ კორტზე სათამაშოდ. თუკი ერთ წრეს მაინც დაძლევ, შედეგით კმაყოფილი რჩები და საქებარ სიტყვებსაც ისმენ”.