სხვა

18:19 | 19.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

სამოცდამეცხრე მეთოთხმეტეს მიუახლოვდა

რიგით 69-ე იოკოძუნა ჰაკუჰოს ტოკიოს კვარტალ რიოგოკუს “კოკუგიკანში” გამართული ბაშო გასული წლის სექტემბრის შემდეგ არ მოუგია, თუმცა, როგორც სჩანს, ნავსიან სერიას უახლოეს დღეებში შეწყვიტავს. “თეთრ ფენიქსად” წოდებულმა 25 წლის სუმოისტმა მაისის ბაშოზე ზედიზედ მე-11 გამარჯვება იზეიმა და მე-14 “იმპერატორის თასს” კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.
ჰაკუჰოს შეჩერება ვერც ვეტერანმა ოძეკი კაიომ შეძლო, მონღოლი გოლიათის უმთავრესმა მდევარმა ესტონელმა ბარუტომ კი ოძეკი ჰარუმაფუჯისთან შიტატენაგეთი წააგო და და ლიდერს უკვე სამი გამარჯვებით ჩამორჩა.
ამდენად, იოკოძუნას უახლოეს კონკურენტად რუსი არანი (26 წლის ალან გაბარაევი) შერჩა, რომელიც აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირას წოდებით ირჯება, თუმცა, უკვე 9 მეტოქის დამარცხება მოახერხა.
ბევრი რამ ხვალინდელ ბრძოლებში გაირკვევა, როდესაც მონღოლი და ესტონელი ერთმანეთს შეერკინებიან, არანი კი ძალებს მე-4 მაეგაშირა ასასეკირიუსთან მოსინჯავს. სპეციალისტთა აზრით, დიდი შანსია ტოკიოში ჰაკუჰომ 15-ვე შეხვედრა მოიგოს და მორიგი ძიონ-შო დააფიქსიროს.
მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა უმაღლესი მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე ახალგაზრდა სეკიტორმა ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ქართველმა, რომელიც ტოკიოს ტურნირზე დასავლეთის მე-2 მაეგაშირას ტიტულით ირჯება, სეკივაკე ამინიშიკი იორიტაოშით დაამარცხა.
ტოჩინოშინიმ ბრძოლის სტარტზე ჰიდარი-უვატეს (მეტოქის მავაშის დაკავება მარჯვენა ხელის ზემოდან) ვერ მოახერხა, თუმცა, მეტოქის შიტატენაგე მოიგერია და “მატადორის” დოჰიოდან გაყვანა ძალისმიერი ილეთით შეძლო.
გორგაძეს 5 მარცხის წილ 6 გამარჯვება მოუგროვდა და დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) გასაფორმებლად დარჩენილი ოთხი დღის განმავლობაში ორი ბრძოლის მოგებაც ეყოფა. ლევანის შემდეგი მეტოქე კიდევ ერთი სეკივაკე კისენოსატოა, რომელსაც ჩვენებურის დარი ბალანსი აქვს. შარშან სექტემბერში ქართველმა იაპონელს იორიტაოშით აჯობა.
უარყოფით ბალანსი (მაკე-კოში) მცირედით შეალამაზა ქართული სუმოს პიონერმა ლევან ცაგურიამ. კოკაიდ წოდებულმა 29 წლის ქართველმა სუმოს სამყაროში არცთუ პატივსაცემი ილეთი ჰენკა (სასტარტო შეჯახებისთვის თავის არიდება) გამოიყენა და მოტყუებული გოეიდო ჰატაკიკომით დაჯაბნა.
“შავ ზღვას” 3 მოგება და 8 მარცხი გააჩნია, ხვალ კი ძალებს პირველ მაეგაშირა მიაბიამასთან მოსინჯავს, რომელთანაც ბოლო 5 შეხვედრა წაგებული აქვს. ამ უკანასკნელს კაჩი-კოშისთვის დარჩენილი ოთხივე ბრძოლის მოგება მართებს და ცხადია, ქართველთან მაქსიმალური მობილიზაციით გაირჯება.
დადებით ბალანსამდე და შესაბამისად, მაკუუჩიში აღზევებამდე კვლავ ერთი მოგება აშორებს ძურიოს პირველ ნომერ თეიმურაზ ჯუღელს იგივე გაგამარუს. ქართველ გოლიათს (წონა – 202 კილოგრამი) მაკუუჩი დივიზიონში მიმდინარე ბაშოზე უკვე მესამედ უხმეს, თუმცა, წინა ორი შემთხვევისგან განსხვავებით, თეიმურაზს მარცხი შეემთხვა.
31 წლის ექს-სეკივაკე ჰოკუტორიკიმ ჩვენებური ჰიკიოტოშზე გამოიჭირა და 7 გამარჯვების ფონზე მე-4 წაგება აგემა. შესაძლოა, გაგამარუმ კაჩი-კოში ხვალვე გაიფორმოს, როდესაც ისევ ძურიოს დაუბრუნდება და მე-6 ნომერ ტოსანოუმის შეერკინება, ვინც მიმდინარე წლის იანვარში ოშიდაშით ჰყავს დამარცხებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088488