საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბუქარესტში გუშინ დაწყებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 მედალი მოიპოვა. სულ ჩემპიონ-პრიზიორები ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ვლადიმერ ადეიშვილის შეგირდთაგან კი რუმინულ ხალიჩაზე ნიკა ცეცხლაძე (50 კგ), ქემალ ხარაბაძე (60 კგ), ზურაბ დათუნაშვილი (74 კგ) და სანდრო დიხამინჯია (96 კგ) გავიდნენ.
დათუნაშვილსა და დიხამინჯიას მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებამდე გადამწყვეტი გამარჯვებები დააკლდათ. დათუნაშვილი რუმინელ ალექსანდრუ სორინ იანტოჩის, ყაზახ მახათ ბაიარისტანოვს, აზერბაიჯანელ ტოგრულ იუნისლისა და რუს მიხაილ კორნილოვს ისე გასცდა, არათუ სეტი, ქულაც არ დაუკარგავს. ფინალში კი სომეხ რაფიკ მანუკიანთან სამსეტიან დაძაბულ შეხვედრაში წააგო.
დიხამინჯია ვერცხლს რუსმა ისლამ მაგომედოვმა დააჯერა. იქამდე ქართველმა კლასიკოსმა ირანელი მეჰრადად მოჰამად ბაიანდორი, ჩინელი დი ქსიაო და გერმანელი პეტერ იოლერი ჩამოიცილა.
ხარაბაძე მესამე ადგილს დასჯერდა. ოქრო-ვერცხლის გზა მას ნახევარფინალში, მომავალმა ჩემპიონმა, უზბეკმა ბობირბეკ ზაილობიდინოვმა ჩაუკეტა. ამ შეხვედრამდე ქემალმა სამ მეტოქეს აჯობა: უკრაინელ დმიტრო ციმბალიუკს, ყაზახ იბრაგიმ მაგომედოვს და თურქ ემრე არსლანს. რეპეშაჟის ფინალში კი შვედ ნიკლას ამნემოს სძლია.
ცეცხლაძემაც მომავალ ჩემპიონთან წაგებით დაასრულა ძირითად ბადეში გამოსვლა. აზერბაიჯანელ ვილაიატ გაჰრამანლისთან დაპირისპირებამდე ერთი მოწინააღმდეგის – სამხრეთკორეელი ჰან იუნგის ჩამოშორება მოასწრო, ხოლო დამამშვიდებელ ეტაპს პირველივე წრიდან გამოეთიშა, სომეხ რუდიკ მკრტჩიანთან წაგებით.
27 ივლისს მედლები დარჩენილ ოთხ წონაში გათამაშდება. საქართველოს სახელით კი ამირან შავაძე (55 კგ), საჩინო დავითაია (66 კგ), რევაზ ნადარეიშვილი (84 კგ) და შოთა გოგისვანიძე (120 კგ) იჭიდავებენ.
ოთარ მაღლაკელიძე







