რაგბი

13:48 | 14.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

სამმა პლეი ოფი ოფიციალურად გაინაღდა

საფრანგეთის მორაგბეთა პირველი ელიტარული დივიზიონ Top 14-ის რეგულარული პირველობის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, პლეი ოფის საგზური ოფიციალურად სამმა გუნდმა გაინაღდა, დარჩენილი სამი საგზურისთვის კიდევ ექვსი იბრძვის და რაც ყველაზე სასიხარულოა, ცხრავე გუნდში ქართველი ლეგიონერები გამოდიან.

70 ქულით პირველ ადგილს მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი მჭედლიშვილის “მონპელიე” ინარჩუნებს, რომელმაც 24-ე ტურში სტუმრად “გრენობლი” 36:30 დაამარცხა. მჭედლიშვილი, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერს ახლახანს სამედიცინო ჯოკერის სტატუსით შეუერთდა, განაცხადში არ იყო. სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ნარიაშვილი და გორგოძე - პირველი 72-ე, ხოლო მეორე 74-ე წუთზე შეცვალეს.

სტუმრებმა გადამწყვეტი უპირატესობა პირველსავე ტაიმში მოიპოვეს. ანგარიში ლელოთი მე-7 წუთზე ალექს ტულუმ გახსნა. “მონპელიემ” საკუთარი ნახევრიდან კონტრშეტევა წამოიწყო, ტიმოსი ნაგუსამ მარჯვენა ფლანგზე ხაზი გაჭრა, ცენტრიდან შეტევაში გორგოძე ჩაერთო, რომელმაც ტულუს გრძელი პასი გაუკეთა და მასაც ლელოს გატანა აღარ გაჭირვებია. ზუსტ გარდასახვას მალევე ჯარიმა მოყვა, რაზეც მასპინძლებმა ორი ჯარიმით უპასუხეს და ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს. 24-ე წუთზე ტულუმ დუბლი შეასრულა, გარდასახვას კვლავ ჯარიმა, 36-ე წუთზე კი, ბაგუსას მორიგი კონტრშეტევა და უკვე პირადად მის მიერ გატანილი ლელო მოყვა. ზუსტი გარდასახვის შემდეგ ტაიმი 27:6 დასრულდა და რადგან “მონპელიე” ლელოებით 3:0 იგებდა, მათ უკვე ფიქრი პრემიალურ ქულაზე დაიწყეს.

“გრენობლი” იოლად დანებებას არ აპირებდა და მეორე ტაიმში სამი საპასუხო ლელო თავად გაიტანა. მაგრამ “მონპელიემ” უპირატესობა ჯარიმების ხარჯზე შეინარჩუნა, სტუმრები ქართველი ლეგიონერების შეცვლისას 36:23 იგებდნენ და ბოლოს რომ ლელო-გარდასახვა მიიღეს, ამით მასპინძლებს პრემიალური ქულა დაუტოვეს, თავად კი, არაფერი დაკლებიათ.

დავით ზირაქაშვილის “კლერმონმა” მოქმედი ჩემპიონი, ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი” 23:11 დაამარცხა. ფეიქრიშვილი განაცხადში არ იყო, ხოლო ზირაქაშვილი თამაშში 49-ე წუთიდან ჩაერთო და მასპინძლებმაც მეტოქე ამის შემდეგ გატეხეს. პირველ ნახევარში მასპინძლები არეკნით და ჯარიმით ორჯერ დაწინაურდნენ, მაგრამ შუალედში მიღებული ჯარიმის შემდეგ ლელო გაუშვეს და 6:8 ჩამორჩნენ.

ქართველი პირველხაზელის მოედანზე გამოჩენის შემდეგ, მასპინძლებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს. 55-ე წუთზე ზირაქაშვილმა წითელ ზოლში შექმნილ რაქში იაქტიურა, რის შემდეგაც თამაში გაიშალა და “კლერმონმა” ლელო გაიტანა. გარდასახვას “კასტრმა” ჯარიმით უპასუხა და 59-ე წუთზე ჩამორჩენა 2 ქულამდე დავიდა. დასკვნით 10 წუთში “კლერმონმა” ჯერ ჯარიმა გაიტანა, მერე ზირაქაშვილის მონაწილეობით მოლში მოპოვებულ უპირატესობას კვლავ თამაშის გაშლა და ლელო მოყვა და მასპინძლებმა 23:11 იმარჯვეს. ამრიგად, “კლერმონი” 69 ქულით მესამე ადგილზეა და დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება “ტულონს”, ხოლო “კასტრი” 62 ქულით მეექვსე საფეხურამდე დაეშვა.

69 ქულა აქვს ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონსაც”, რომელმაც სტუმრად ზაზა ნავროზაშვილის “ბორდო” დაძაბულ ბრძოლაში 22:20 დაამარცხა. ნავროზაშვილს საფრანგეთის ელიტარულ ლიგაში თამაში არც ამჯერად მოუწია, მიქაუტაძე შეცვლაზე 50-ე, ხოლო ჩილაჩავა 70-ე წუთზე შევიდა.

სტუმრებმა პირველი ტაიმი ჩააგდეს და 6:17 ჩამორჩნენ, 50-ე წუთზე კი, 9:20 აგებდნენ. მიქაუტაძის მოედანზე გამოსვლიდან 2 წუთში, “ბორდო” ჯარიმით დაისაჯა და “ტულონმა” მონაგარს 3 ქულა შემატა, ხოლო 66-ე წუთზე ბრაიან ჰაბან ლელო გაიტანა და გარდასახვით ჩამორჩენა მინიმუმამდე დავიდა. 71-ე წუთზე მასპინძლები უკვე საკუთარ შერკინებაში დაჯარიმდნენ, დარტყმა ამჯერადაც ზუტი იყო და მას შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა. ტულონელებმა ამ მოგებით პლეი ოფში თამაში ოფიციალურად დაიბევეს და რეგულარულ გათამაშებაში პირველ-მეორე ადგილის დაკავების შანსიც შეინარჩუნეს. 59 ქულით მე-7-ე საფეხურზეა “ბორდო”, საპლეიოფო ზინას 3 ქულა აშორებს და დაკარგული მისთვისაც არაფერია.

დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტრომ” ქართველი პირველხაზელის გარეშე აუტსაიდერი “ბიარიცი” 37:7 დაამარცხა, პრემიალური ქულაც მიითვალა და 65 ქულით მეოთხე ადგილზე გამაგრდა.

ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზა” “ჰაინეკენის თასიდან” გავარდნის შემდეგ სრულად ჩემპიონატზე გადაერთო და ერთ-ერთი კონკურენტი, გოდერძი შველიძისა და კარლენ ასიეშვილის “ბრივი” 16:9 დაამარცხა. კაკოვინი და ასიეშვილი ტრავმირებული არიან, ბრეგვაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და ერთი საათი ითამაშა, ხოლო შველიძე მოედანზე პირველიდან 54-ე წუთამდე გაისარჯა.

ბრეგვაძე აქტიური იყო და მისმა გუნდმა 16-ვე ქულა მაშინ აიღო, როდესაც ის მოედანზე იყო. ტულუზელებმა ტაიმი 13:3 მოიგეს, 57-ე წუთზე ჯარიმით უპირატესობა გაზარდეს, დასკვნით 20 წუთში კი, ორი ჯარიმა გაუშვეს და 75-ე წუთზე ლელოს გაშვებასაც გადაურჩნენ. და მაინც,მათ ჩემპიონატში ფრისა და მარცხის შემდეგ 4 ქულა ჩაიწერეს, 62 ქულა აქვთ, “კასტრს” დამატებითი მაჩვენებლებით სჯობნიან და მეხუთე ადგილზე არიან. “ბრივმა” ამ თამაშში პრემიალური ქულა აიღო, 56 ქულით მე-9 პოზიციაზეა და რადგან საპლეიოფო ზონას 6 ქულა აშორებს, რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე იქ მოხვედრის თეორიულ შანსს მაინც ინარჩუნებს.

ბოლო დროს საქმეები ცუდად მისდის დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსეს”, რომელმაც უკანასკნელი რვა შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პარიზელებმა ექვსიდან ხუთი თამაში Top 14-ში წააგეს და 59-ე ქულით მე-8 ადგილზე არიან, თუმცა, დასკვნით ორ ტურში პლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებენ.

ამჯერად “სტად ფრანსეს” “ბაიონმა” 24:19 მოუგო და პრემიალურ ქულას დააჯერა. ორივე ქართველი პირველხაზელი განაცხადში იყო და მოედანზე ერთდროულად, 71-ე წუთზე შევიდნენ, მაგრამ თანაგუნდელთა გაფუჭებულ საქმეს ვეღარ უშველეს. ამ დროს ანგარიში 16:24 იყო და პარიზელებმა პრემიის მომტანი ჯარიმა 74-ე წუთზე კაცნაკლულებმა გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ელიტარული ლიგის მიმდინარე სეზონში ეს ჟვანიას პირველი თამაში იყო.

ქართველი ლეგიონერების ერთადერთი გუნდი, რომელიც პლეი ოფში მოსახვედრად კი არა უძლიერესთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, გიორგი ჟღენტის “პერპინიანია”, რომელმაც ქართველი ლეგიონერის გარეშე “ოინაქსს” 22:12 მოუგო, 50 ქულით მე-11 ადგილზეა და გასავრდნ ზონას 2 ქულა აშორებს. Top 14-ის მორიგი ტურის თამაშები 18-19 აპრილს გაიმართება.  

0.116349