ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის ევროპის ჩემპიონატის მესამე დღეს – 24 ივნისს ჩემპიონ-პრიზიორები ბოლო სამ წონაში: 81, 90 და +90 კილოგრამებში გამოვლინდნენ. დღეს ჩერნოგორიულ ტატამზე საქართველოს ნაკრების ექვსი წევრი გავიდა და მათგან ყველაზე შედეგიანად დავით რამაზაშვილმა (90 კგ) იჭიდავა. ესტონელი ევგენი კუზნეცოვის, უკრაინის სახელით მოჭიდავე ნოდარ ლაბაძის, რუსეთის სახელით მოჭიდავე შოთა ვანიევისა და რუმინელი ლონუტ ვასიანის იპონ-იპონ ძლევის შემდეგ, რამაზაშვილი ფინალში გავიდა. ევროპის ჩემპიონობამდე კი მხოლოდ კარენ პალიანის (რუსეთი) დამარცხება დააკლდა. სწორედ პალიანმა მოუგო ამავე წონაში მოჭიდავე მეორე ქართველს – გიორგი გველესიანს. ეს შეხვედრა პირველ წრეში შედგა და გველესიანი ტურნირს უმალ გამოეთიშა.
81 კილოგრამ წონით კატეგორიაში კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე გერმანიის დროშის ქვეშ მოჭიდავე ქართველი, სანდრო მაქაცარია ავიდა. სწორედ მან დაასრულებინა ჩემპიონატი საქართველოს ნაკრების ორივე წევრს – ნიკოლოზ შერაზადაშვილს მერვედფინალში, ხოლო ნიკა მოველიძეს რეპეშაჟის ფინალში.
მძიმე წონაში ზაზა გოჯიაშვილმა მშვენივრად დაიწყო – გერმანელი ლუკას როლვეგი და ლატვიელი რალფს რუსინსი წმინდად დაამარცხა, მაგრამ მეოთხედფინალში ფრანგ მესიე კატანასთან იუკოთი წააგო და დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო, სადაც რუს ალექსანდრ ბეგმეტოვთანაც არაფერი გამოუვიდა და საბოლოოდ მეშვიდე ადგილს დასჯერდა. ამავე წონაში გიორგი ძებისაშვილმაც მოირგო კიმონო, ოღონდ ერთადერთხელ – ტურნირს პირველივე წრიდან გამოეთიშა, თურქ კადირ ბინგოლთან წაგებით.
შეგახსენებთ, ჭაბუკთა ევროპირველობა 22 ივნისს დაიწყო. სამდღიანი ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში გალიდერდა. ერეკლე არხოზაშვილი (50 კგ) და კობა მჭედლიშვილი (60 კგ) ჩემპიონები გახდნენ, ბექა ნათათრალაშვილი (55 კგ) ფინალშიღა დამარცხდა, გიორგი კაციაშვილი (55 კგ) კი მესამე ადგილზე გავიდა. 23 ივნისს 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ბაჩანა ბოლქვაძემ გუნდს მეორე ბრინჯაო მოუტანა.
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა 39 ნაკრებს შორის მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ რუსეთს ჩამორჩა.
ძიუდო
ევროპის ჩემპიონატი
ჭაბუკები
ბარი, მონტენეგრო
22-24 ივნისი
50 კგ
1 ერეკლე არხოზაშვილი (საქართველო)
2 მორიის პლაფკი (გერმანია)
3 ელნურ აბასოვი (აზერბაიჯანი)
3 სადიგ გურბანოვი (აზერბაიჯანი)
55 კგ
1 ილხან ბაბაზადა (აზერბაიჯანი)
2 ბექა ნათათრალიშვილი (საქართველო)
3 გიორგი კაციაშვილი (საქართველო)
3 ჰარუთინ დერმიშიანი (სომხეთი)
60 კგ
1 კობა მჭედლიშვილი (საქართველო)
2 დმიტრი მინკუ (ბელარუსი)
3 ილხან მამადოვი (აზერბაიჯანი)
3 მანუჩარ კოდირი (რუსეთი)
7 ბექა უდესიანი (საქართველო)
66 კგ
1 სტრაჰინია ბუნჩიჩი (სერბეთი)
2 პეტრ ზადრო (ბოსნია-ჰერციგოვინა)
3 ბაჩანა ბოლქვაძე (საქართველო)
3 მუსა კოძოევი (რუსეთი)
73 კგ
1 რუსლან გოდიზოვი (რუსეთი)
2 გამზატ ზურგარაევი (რუსეთი)
3 მილიჩ არსო (ჩერნოგორია)
3 კრის ჟენჟული (საფრანგეთი)
81 კგ
1 მიხაილ იგოლნიკოვი (რუსეთი)
2 მარკო ბუბანია (ავსტრია)
3 სანდრო მაქაცარია (გერმანია)
3 მარტინ მატიასი (გერმანია)
5 ნიკა მოველიძე (საქართველო)
90 კგ
1 კარენ პალიანი (რუსეთი)
2 დავით რამაზაშვილი (საქართველო)
3 შოთა ვანიევი (რუსეთი)
3 როკას ნენარტავიჩუსი (ლიტვა)
+90 კგ
1 ფედირ პანკო (უკრაინა)
2 რუსლან შახბაზოვი (აზერბაიჯანი)
3 მესიე კატანა (საფრანგეთი)
3 ალექსანდრ ბეგმეტოვი (რუსეთი)
7 ზაზა გოჯიაშვილი (საქართველო)
გუნდური ჩათვლა
ვაჟები
ო ვ ბ V VII
1 რუსეთი 3 2 4 1 1
2 საქართველო 2 2 2 1 2
3 აზერბაიჯანი 1 0 3 0 0
4 უკრაინა 1 0 0 2 2
5 სერბეთი 1 0 0 2 0
ოთარ მაღლაკელიძე







