საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ობერვარტის მსოფლიოს თასი გუნდური პირველი ადგილით ჩაამთავრა. ბეთქილ შუკვანის (60 კგ) მიერ მოგებულ ოქროს მედალს დღეს თავისი წილი ოქრო ლევან წიკლაურმა (81 კგ) მიამატა. ადამ ოქრუაშვილს (+100 კგ) კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე გადამწყვეტი გამარჯვებაღა დააკლდა. ზვიად ხანჯალიაშვილი (+100 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ავსტრიული ტურნირი თბილისში ორი კვირის წინ ჩატარებული მსოფლიოს თასის მსგავსად, მონაწილე ქვეყანათა სიუხვით გამოირჩა. ამჯერად ტატამზე 68 ქვეყნის სპორტსმენები გავიდნენ. ხარისხობრივად კი რაოდენობრივისგან აბსოლუტურად განსხვავებული სურათი დაფიქსირდა. სახელოვანი ძიუდოისტებისთვის მსოფლიოს თასი კვლავ ნაკლებად მიმზიდველი აღმოჩნდა.
ლევან წიკლაურმა ობერვარტშიც ისევე ეფექტურად იჭიდავა, როგორც თბილისურ ტურნირზე, ოღონდ ამჯერად მეტად მობილიზებული იყო და ისე გაჩემპიონდა, არც ერთი მოწინააღმდეგისთვის მცირე შანსიც კი არ მიუცია. ოქროს გზას ტოგოელი საჩა დენანიონის 2 წუთში დაიპონებით შეუყვა. თურქ აჰმეთ სარის, პოლონელ ლუკაშ ბლახსა და ლატვიელ კონსტანტინ ოვჩინიკოვსს თითო ვაზარი აკმარა. ფრანგი ლუის პიეტრი ოციოდ წამში დასცა ბეჭებზე. ფინალში კი კანადელ ანტუან ვალუა-ფორტიეს 74 წამში დაასრულებინა ოქროზე ფიქრი.
ადამ ოქრუაშვილს პირველ მეტოქედ ბრიტანელი მეტიუ კლემპნერი ერგო და საქმე ზუსტად ერთ წუთში, შებოჭვით მოუმთავრა. იპონ-იპონ გაუსწორდა მონტენეგროელ მარკო რადულოვიჩს, ფრანგ მეტიუ ბატიეს, სამხრეთკორეელ სუნგ-მინ კიმსა და იაპონელ კაზუჰიკო ტაკაჰაშისაც. ფინალში კი კუბელ ოსკარ ბრისონთან ასევე წმინდად წააგო და 60 ქულას დასჯერდა. გადამწყვეტ შეხვედრამდე ქართველ ძიუდოისტს უმცირესშეფასებიანი ქულაც კი არც ერთი მეტოქისთვის არ დაუთმია.
სწორედ ბრისონმა გადაუკეტა ოქრო-ვერცხლისკენ მიმავალი გზა მეორე ქართველ მძიმეწონოსანს, ზვიად ხანჯალიაშვილს. ამ მეოთხედფინალურ შეხვედრამდე ხანჯალიაშვილმა ორი მეტოქე ჩამოიშორა. პერუელ კარლოს ერიკ ზეგარა პრესერს 20 წამში მოუმთავრა საქმე, მონღოლ მუნხბაატარ ხადბაატარს კი ვაზარით სძლია. რეპეშაჟში გადართულმა ქართველმა მძიმეწონოსანმა ესტონელი მარტინ პადარი წუთსა და 19 წამში დააიპონა, რეპეშაჟის ფინალში კი კაზუჰიკო ტაკაჰაშის ორწუთნახევარში შეუსრულა წმინდა გდება და პირად რეიტინგს 40 ქულა შემატა.
სამუდამო დისკვალიფიკაციის შემდეგ ამნისტირებული ნოდარ მეტრეველის საერთაშორისო არენაზე დაბრუნება ავსტრიაში არ შედგა. 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ძიუდოისტი ობერვარტის მსოფლიოს თასის ქართულ განაცხადში კი იყო, მაგრამ სატურნირო ბადე მის გარეშე შეივსო. ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეტრეველმა ტატამზე გასვლა ზედმეტი წონის გამო ვერ შეძლო. შედეგად, 100 კილოგრამი უქართველებოდ ჩაჭიდავდა.
პიტერ ზაიზენბახერის გუნდის ექვსი წევრიდან სამი: ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ), ზურაბ ზვიადაური და ბეთქილ ნავერიანი (ორივე 90 კგ) შეჯიბრებას საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშა.
ყველაზე მოულოდნელი ჭრიკიშვილის წარუმატებლობა იყო. თბილისის მსოფლიოს თასის ჩემპიონმა ობერვარტში მხოლოდ ერთი ეტაპი გადალახა – ბელარუსი ალექსანდრ სტიაშენკას ორი იუკოთი ძლევის შემდეგ უნგრელ ლასლო სზოკნიაისთან თავად დავარდა იუკოზე, ოქროს დროში. ზვიადაურმა სამეულის შანსი შვეიცარიელ სირილ გროსკლაუსთან წაგებით დაკარგა. ოლიმპიური ჩემპიონი იუკოთი დაწინაურდა, რის შემდეგაც კონტრ-ილეთზე წამოეგო და ვაზარზე მოჰყვა. დარჩენილ დროში აქტიურად შეუტია და ერთი გდებაც შეასრულა, მაგრამ მიზნის მისაღწევად ორი იუკო არ ეყო. ამ ორთაბრძოლამდე ზურაბ ზვიადაურმა ავსტრიელ კრისტოფ რადლერს ვაზარით აჯობა.
წინასწარი ინფორმაციით, ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტი უახლოეს საერთაშორისო ტურნირებზეც მაქსიმალურად დაიტვირთება, მაგრამ ლონდონის ოლიმპიური ლიცენზიისთვის საჭირო ქულების ასაკრეფად მხოლოდ თეურიული შანსიღა რჩება. ხანგრძლივმა პაუზის შემდეგ ჩვეულად აჭიდავებას ზვიადაური ჯერაც ვერ ახერხებს.
ძიუდო
მსოფლიოს თასი
ობერვარტი. ავსტრია
12 თებერვალი
81 კგ
1 ლევან წიკლაური (საქართველო)
2 ანტუან ვალუა-ფორტიე (კანადა)
3 კონსტანტინს ოვჩინიკოვსი (ლატვია)
3 ლუის პიეტრი (საფრანგეთი)
90 კგ
1 დმიტრი გერასიმენკო (სერბეთი)
2 ვალენტინ გრეკოვი (უკრაინა)
3 კრისტოფერ ლამბერტი (გერმანია)
3 კიუ-ვონ ლი (სამხრეთ კორეა)
100 კგ
1 დიმიტრი პეტერსი (გერმანია)
2 გრიგორი მინასკინი (ესტონეთი)
3 ელკო ფან დერ ხესტი (ჰოლანდია)
3 ტემუულენ ბატულგა (მონღოლეთი)
+100 კგ
1 ოსკარ ბრისონი (კუბა)
2 ადამ ოქრუაშვილი (საქართველო)
3 ზვიად ხანჯალიაშვილი (საქართველო)
3 სუნგ-მინ კიმი (სამხრეთ კორეა)
გუნდური ჩათვლა
ო ვ ბ V VII
1 საქართველო 2 1 1 2 1
2 იაპონია 1 1 1 3 2
3 საფრანგეთი 1 0 1 1 0
4 გერმანია 1 0 1 0 1
5 კუბა 1 0 0 0 0
5 სერბეთი 1 0 0 0 0
7 სამხრეთ კორეა 0 1 6 1 0
8 აზერბაიჯანი 0 1 0 0 1
8 ესტონეთი 0 1 0 0 1
8 უკრაინა 0 1 0 0 1
ოთარ მაღლაკელიძე







