სხვა

17:50 | 25.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

სამივე ქართველმა დადებითი ბალანსი გაინაღდა

დასასრულს მიუახლოვდა სუმოს სეზონის მეხუთე, ტოკიოს ბაშო, რომელში გამარჯვებაც უკვე გაინაღდა მონღოლმა თეთრმა ფენიქსმა ჰაკუჰომ. ტურნირის 14 დღე ისე მიილია, მას ერთი შერკინებაც არ წაუგია. ეგ კი არა, მიმდინარე სეზონში ჯერაც წაუგებელია და თუ შემდეგ 9 ბრძოლასაც წაუგებლად დაასრულებს, ლეგენდარული ფუტაბიამას რეკორდს გააუმჯობესებს, ვისაც ზედიზედ 69 ბრძოლა აქვს მოგებული. ცნობისათვის, ჰაკუჰომ ამ სეზონში უკვე 61 შერკინება მოიგო.
რაც შეეხება ქართველებს, მათ უკვე თავი ქუდში აქვთ. ანუ, სამივე მოჭიდავე ტურნირს დადებითი ბალანსით დაასრულებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სეზონის ბოლო ბაშოზე მათ წოდებაც უკეთესი ექნებათ.
ბაშოს მე-14 დღეს ორი ქართველი რიკიში ერთმანეთის პირისპირ დადგა. ქართულ ჯახში, გაგამარუმ კოკაი დაამარცხა და მეცხრე გამარჯვება მიითვალა, რითაც ის ქართველთა შორის საუკეთესოა. გაგამარუმ სუმოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ილეთით - იორიკირით შესძლო მასზე გამოცდილი კოკაის დამარცხება. ორმა ქართველმა გოლიათმა მიწოლით სცადა გამარჯვება. გაგამარუმ თავიდანვე უფრო ხელსაყრელი პოზიცია დაიკავა, მეტოქეს მავაშში (ქამარში) სწვდა და დოჰიო დაატოვებინა.
რაც შეეხება ტოჩინოშინს, მას ტურნირის ერთ-ერთი ლიდერი - მე-12 მაეგაშირა ტაკეკაზე (მე-12 მაეგაშირა) შეხვდა, ვისაც მანამდე მხოლოდ ორი შერკინება ჰქონდა წაგებული და ჰაკუჰოს რეალური კონკურენტი იყო. ჩვენებურმა ილეთი უვატენაგე გამოიყენა - ერთი ხელით მკლავი დაუჭირა, მეორეთი ქამარში სწვდა და ერთბაშად დაიქნია. თან დოჰიოსკენ დაქანებულ ტაკეკაზეს თავისი ტანითაც დააწვა და ბოლოს თავადაც ზედ დაეცა.
სხვათა შორის, ტაკეკაზეს მთავარმა მეტოქე იოშიკაზემაც (მე-11 მაეგაშირაა) ტურნირის ბოლოსწინა დღეს მესამე მარცხი იწვნია - ის მე-3 მაეგაშირა კოტოშოგიკუსთან დამარცხდა. ახლა ორივეს 11 გამარჯვება აქვს და ისინი მეორე ადგილს იყოფენ.
ტურნირის ბოლო დღეს, სამივე ქართველ მეტოქეს საქმე მაეგაშირებთან ექნება. კოკაი მე-13 მაეგაშირა საკოკურაის შეხვდება, ვისაც დადებითი ბალანსისთვის მოგება აუცილებლად სჭირდება. გაგამარუს მეტოქე მე-5 მაეგაშირა ჰაკუბაა, ვისაც 8 მოგება აქვს. ამდენივე შერკინება მოიგო ტოჩინოშინის მეტოქე შიმოტორიმაც, ვინც ტურნირზე მე-10 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს.
რაც შეეხება ჰაკუჰოს, რეკორდის მიღწევაში მას სერიოზული მეტოქე ეყოლება ოზეკი ჰარუმაფუჯის სახით, ვინც ორი კვირის განმავლობაში მხოლოდ 8 შერკინების მოგება შეძლო.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167643