სხვა

15:50 | 21.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

სამი ქართველის ერთი ბალანსი

ფუკუოკას ”კოკუსაი სენთერში” მიმდინარე წლის დასკვნით სუპერტურნირზე ტრადიციულად სამი ქართველი სუმოისტი ასპარეზობს, თუმცა, მათ შედეგებს, ჯერჯერობით დამაკმაყოფიელებს ვერ ვუწოდებთ – ტოჩინოშინის, კოკაისა და გაგამარუს ერთნაირი ბალანსი – 3 მოგება და 5 მარცხი გააჩნიათ და უარყოფითი ბალანსისკენ მიიწევენ.
ქართველთაგან უმაღლესი წოდების (კომუსუბი) მქონე ტოჩინოშინიმ იგივე ლევან გორგაძემ ამ უქმეებზე პირველ მაეგაშირა კოტოშოგიკუს აჯობა, შემდეგ კი ბულგარელ ოძეკი კოტოოშუსთან უვატენაგეთი დამარცხდა.
23 წლის ტოჩინოშინის დადებით ბალანსზე (კაჩი-კოში) გასასვლელად დარჩენილი 7 ბრძოლიდან მინიმუმ ხუთის მოგება სჭირდება, რისთვისაც დიდი ძალისხმევა დასჭირდება. გორგაძის მორიგი მოწინააღმდეგე კიდევ ერთი ოძეკი ბარუტო იქნება. ესტონელ კაიდო ჰოოვლსონს კიუშიუ ბაშოზე 7 შეხვედრა აქვს მოგებული, ქართველი კი ბოლო სამი შერკინებაში ჰყავს დამარცხებული – ჰატაკიკომოთ, უვატეგანეთი და ოშიდაშით.
რთული მისია აქვს შესასრულებელი აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა კოკაის იგივე ლევან ცაგურიას. ქართული სუმოს პიონერმა მე-6 მაეგაშირა ტოკუსეგავა იორიკირით დასცა, მე-4 მაეგაშირა ჰაკუბასთან კი შიტატენაგეთი დამარცხდა და ნოემბრის ბაშოზე მე-5 წაგება იწვნია. 29 წლის კოკაი მდგომარეობას გამოსწორებას მე-8 მაეგაშირა შიმიტორისთან ეცდება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ცაგურიამ 32 წლის იაპონელს ორჯერ აჯობა და 3 მარცხი განიცადა.
თანამემამულეთა მსგავსად, ზურგს 3 გამარჯვება უმაგრებს ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე მძიმე სეკიტორ თეიმურაზ ჯუღელს, რომელსაც სუმოს სამყაროში გაგამარუს შიკონათი იცნობენ. განსხვავება ისაა, რომ ჯუღელმა ბოლო ორი დღე წარმატებულად ჩაამთავრა.
აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირას წოდების მქონე გაგამარუმ მე-11 მაეგაშირა მონღოლ მოკონამისა და მე-15 მაეგაშირა სამხრეთკორეელ კასუგაოს ოშიდაშით სძლია, ორშაბათს კი ძალებს კიდევ ერთ მე-15 მაეგაშირა კორიუსთან მოსინჯავს. ქართველი გოლიათი მონღოლს პირველად დაუპირისპირდება.
8 დღის თავზე, ფუკუოკას ბაშოს 5 ლიდერი ჰყავს, რომელთაც მხოლოდ თითო მარცხი გააჩნიათ. ესენი იოკოძუნა ჰაკუჰო, ოძეკები ბარუტო და კაიო და მე-9 მაეგაშირები ტოიონოშიმა და კიოკუტენჰო არიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093784