იტალიის ქალაქ ტურინში სტარტი აიღო მსოფლიოს ჩემპიონატმა ფიგურულ ციგურაობაში, რომელშიც მონაწილეობას სამი ქართველი სპორტსმენი იღებს.
ჩვენებურთაგან პირველნი ყინულზე ოთარ ჯაფარიძე და ელისონ რიდი გამოჩნდნენ, რომელთაც მოცეკვავე წყვილთა სავალდებულო პროგრამა შეასრულეს და 27 დუეტს შორის 22-ე ადგილი დაიკავეს.
ქართულმა ტანდემმა ტექნიკურ კომპონენტებში 13.92 ქულა მიიღო, პროგრამული ელემენტებისთვის კი 12.15 ბალი დაიმსახურა და ჯამურად 26.07 ქულას გამორჩა.
ამ მაჩვენებლის წყალობით, ჯაფარიძემ და რიდმა იაპონური, ბრიტანული, დანიური, ავსტრალიური და თურქული წყვილები მოიტოვეს, კიდევ ოთხ ტანდემს კი მინიმალური სხვაობით ჩამორჩნენ.
ქართულ დუეტს მდგომარეობის გამოსწორების შანსი 25 მარტს მიეცემა, როდესაც ყინულზე ორიგინალური პროგრამის შესასრულებლად გავა. კენჭისყრის თანახმად, ოთარი და ელისონი პირველივე ჯგუფში მოხვდნენ და საასპარეზოდ მე-4 ნომრად გავლენ.
პირველი დღის შემდეგ, ყინულზე მოცეკვავე წყვილებს შორის საუკეთესო შედეგი (44.13) კანადელებს ტეს ვირტუესა და სკოტ მოერს გააჩნიათ, რომელთაც მცირედით ამერიკელები მერილ დევისი და ჩარლი უაიტი ჩამორჩებიან – 43.25 ქულა. იტალიის ჩემპიონებს ფედერიკა ფაიელასა და მასიმო სკალის 40.85 ქულით მე-3 ადგილი უკავიათ.
ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველ გულშემატკივართა მთავარი იმედები ტრადიციულად ელენე გედევანიშვილს უკავშირდება, რომელიც ქალთა მოკლე პროგრამაში 26 მარტს ჩაებმება.







