ჭადრაკი

16:31 | 13.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

სამი ქართველი სენიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე

ხორვატიის ქალაქ ოპატიაში სტარტი აიღო მსოფლიოს 23-ე ინდივიდუალურმა ჩემპიონატმა ჭადრაკში სენიორთა შორის, რომელშიც ქართველებიც ჩაებნენ. საქართველოს მამაკაცთა შორის წარმომადგენელი არ ჰყავს, ქალებში კი ქვეყნის ღირსებას სამი მოჭადრაკე იცავს.

რეიტინგით პირველია ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილი (2312), თამარ ხმიადაშვილს (2158) მე-5 განთესვა გააჩნია, ნინო მელაშვილს (2126) კი – მე-8.

პირველ ტურში გაფრინდაშვილი შავი ფიგურებით რუს ლარისა ხროპოვას (2009) დაუზავდა, ხმიადაშვილმა შავებითვე ლიტველ მარგარიტა ბალიუნიენეს (1885) სძლია, ხოლო მელაშვილმა თეთრებით რუს ტამარა კორნეევას (1757) მოუგო.

მე-2 ტურში ხმიადაშვილი და მელაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, გაფრინდაშვილი კი ზელანდიელ ჰელენ მილიგანს (1977) ეთამაშება.

მსოფლიოს ჩემპიონატი თერთმეტ ტურად წარიმართება და 23 ნოემბრამდე გასტანს, მისი საპრიზო ფონდი კი 18 ათასი ევროა, საიდანაც ქალთა ტურნირზე მხოლოდ 4 ათასია გათვლილი.

ქალთა პირველობის გამარჯვებული თასთან და ოქროს მედალთან ერთად 1 100 ევროს მიიღებს, სულ კი ფულადი პრიზით 8 მოწინავე მოჭადრაკე დაჯილდოვდება.

0.117284