ძიუდო

0:34 | 20.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

სამი ქართველი სამეულს ვერ შეწვდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა დიუსელდორფის დიდი პრიზის პირველი დღე უმედლოდ ჩაამთავრა. გუშინ, გერმანულ ტატამზე,  მამაკაცთა პირველ-სამ წონით კატეგორიაში ჩემპიონ-პრიზიორები გამოვლინდნენ. კიმონო სამმა ქართველმაც მოირგო და მათგან საუკეთესო შედეგი 60 კილოგრამში მოჭიდავე ამირან პაპინაშვილმა აჩვენა - ფინელი ვალტერი იოკინენისა და გერმანელი ტობიას ენგლმაიერის თითო ვაზარ-იუკოთი ძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში სამხრეთკორეელ ჯინ-მინ იანგთან წმინდად წააგო და რადგან დიდ პრიზზე რეპეშაჟის წესი არ მოქმედებს, უმალ მე-5 ადგილი დაიკავა.
უმსუბუქეს წონაში დავით ასუმბანმაც იჭიდავა, მაგრამ მხოლოდ ორჯერ. მან ტურნირი თბილისის მსოფლიოს თასის ფინალისტის, ყაზახი იერკებულან კოსაიევის იპონით ძლევით გახსნა, მეთექვსმეტედფინალში კი, უკრაინის სახელით მოჭიდავე ქართველ მსოფლიოს ჩემპიონთან, გიორგი ზანთარაიასთან შეხვედრაში თავად წამოეგო იპონზე.
66 კილოგრამში საქართველოს ნაკრებს მონაწილე არ ჰყავდა, 73-ში კი შეჯიბრში ნუგზარ ტატალაშვილი ჩაერთო და ისიც, ასუმბანის მსგავსად, მეთექვსმეტედფინალში დამარცხდა. ტატალაშვილისთვის დაუძლეველი ბარიერი, ესტონელი კინტერ როტბერგი აღმოჩნდა, იქამდე კი, გერმანელი რენე შნეიდერი ჩამოიცილა.
პირველ-ორ წონაში აზიური ფინალები შედგა. ორივეში ერთმანეთს იაპონელი და სამხრეთკორეელი ძიუდოისტები დაუპირისპირდნენ და ორივე შეხვედრა იაპონელთა გაჩემპიონებით დაგვირგვინდა. პაპინაშვილის მომგები იანგი ჰიროაკი ჰირაოკამ დაამწუხრა, იუნ-ჰო ჩოს კი მასააკი ფუკუოკამ აჯობა. 73 კილოგრამში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე, ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ბელგიელი დირკ ვან ტიჩელტი ავიდა. გადამწყვეტი გამარჯვება მან ესპანეთის სახელით მოჭიდავე იაპონელთან, კიოში უემაცუსთან მოიპოვა.
ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს, დიუსელდორფის ტატამზე ქალთა ოთხ წონით კატეგორიაშიც გათამაშდა მედლები და აქაც იაპონელებმა იყოჩაღეს სხვებზე მეტად – 3 ოქრო მოინაგრეს, მეოთხემდე კი ერთი ნაბიჯი დააკლდათ.
კვირას, საქმეში მამაკაცთა დარჩენილი ოთხი და ქალთა სამი წონითი კატეგორიის წარმომადგენლები ჩაერთვებიან. საქართველოს დროშის ქვეშ, რა თქმა უნდა, მხოლოდ მამაკაცები იჭიდავებენ. 81 კილოგრამში - ლევან წიკლაური და ავთანდილ ჭრიკიშვილი, 90-ში – ვარლამ ლიპარტელიანი, 100-ში – ირაკლი ცირეკიძე, ხოლო მძიმე წონაში – ზვიად ხანჯალიაშვილი და ნოდარ მეტრეველი.

ოთარ მაღლაკელიძე

ძიუდო. დიდი პრიზი
დიუსელდორფი. 19 თებერვალი

კაცები
60 კგ

1 ჰიროაკი ჰირაოკა (იაპონია)
2 ჯინ-მინ იანგი (სამხრეთ კორეა)
3 ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი)
3 ელიო ვერდე (იტალია)
5 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

66 კგ
1 მასააკი ფუკუოკა (იაპონია)
2 იუნ-ჰო ჩო (სამხრეთ კორეა)
3 სერგეი დრებო (უკრაინა)
3 მიხაილ პულიაევი (რუსეთი)

73 კგ
1 დირკ ვან ტიჩელტი (ბელგია)
2 კიოში უემაცუ (ესპანეთი)
3 იოსებ პალელაშვილი (ისრაელი)
3 იუკი ნიშიამა (იაპონია)

ქალები
48 კგ

1 ტომოკო ფუკუმი (იაპონია)
2 შერლინ ვან სნიკი (ბელგია)
3 ალინა დუმიტრუ (რუმინეთი)
3 შუგენ ვუ (ჩინეთი)

52 კგ
1 იუკა ნიშიდა (იაპონია)
2 მაჟილდა კელმენდი (ძ.ს.ფ.)
3 ანა კარასკოსა (ესპანეთი)
3 ჰონგმეი ჰი (ჩინეთი)

57 კგ
1 რაფაელა სილვა (ბრაზილია)
2 კაორი მაცუმოტო (იაპონია)
3 კორინა კაპრიორიუ (რუმინეთი)
3 ჯულია კინტავალე (იტალია)

63 კგ
1 იოში უენო (იაპონია)
2 ალის შლეზინგერი (ისრაელი)
3 მუნხზაია ცედევსურენი (მონღოლეთი)
3 ელისაბეტ ვილებურდსი (ჰოლანდია)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169429