თურქეთის ქალაქ ანკარაში მიმდინარე ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე კრივში, მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება სამმა ქართველმა სპორტსმენმა მოიპოვა. მედლებისთვის ბრძოლას ზაალ კვაჭატაძე (69 კგ.), ჯაბა ხოსიტაშვილი (75 კგ.) და მიხეილ ბახტაძე (+91 კგ.) აგრძელებენ.
ზაალ კვაჭატაძემ პირველ შეხვედრაში ბელგიელ მოჰამედ სდერს საქმე პირველივე რაუნდში მოუთავა, შემდეგ კი უკრაინელ დენის ლაზარევთან გაცილებით რთული ბრძოლა გადახდა და მინიმალური უპირატესობით იმარჯვა. მეოთხედფინალურ შერკინებაში, რომელიც 21 ივნისს შედგება, კვაჭატაძე ირლანდიელ უილიამ მაკლაფლინს გაეჯიბრება.
ხვალვე სომეხ ხაჩატრიანსა და მაკედონიელ ჟუტას შორის უმჯობესს დაუპირისპირდება ჯაბა ხოსიტაშვილი, რომელმაც ინგლისელ ენტონი ოგოგოს დაძაბულ ბრძოლაში 14:13 მოუგო, ხოლო მერვედფინალში უნგრელ ზოლტან ჰარჩას აჯობა.
მძიმეწონოსანი მიხეილ ბახტაძე საქმეში პირდაპირ მერვედფინალიდან ჩაება და პოლონელ მარჩინ რეკოსვკის 29:15 სძლია. მომდევნო ეტაპზე ქართველი მოკრივის მეტოქე სლოვენიელი როკ ურბანჩი იქნება.
სამწუხაროდ, ევროპის ჩემპიონატს უკვე გამოეთიშნენ დანარჩენი ქართველი მოკრივეები. 56 კგ. წონით კატეგორიაში ნიკოლოზ იზორიამ შოტლანდიელ ჯოზეფ ჰამს 16:9 სძლია, მერვედფინალში კი ირლანდიელ ჯონ ნევინთან 10:15 დამარცხდა. იაგო კიზირია (81 კგ.) პირველ წრეში თავისუფალი გახლდათ, მერფედინალში კი იტალიელ იაგო ფლორისთან 8:16 წააგო.
ავთანდილ ჭუბაბრია (49 კგ.) თურქ ფერჰატ პეჰლივანთან 6:14 დამარცხდა, ბაკურ გოგოჭურმა (64 კგ.) ინგლისელ ტომას სტალკერთან წინააღმდეგობა მეორე რაუნდში შეწყვიტა, გიორგი კილანავამ (52 კგ.) ფრანგ ელიე კონკისთან 14:16 წააგო, კობა ფხაკაძეს (60 კგ.) შოტლანდიელმა ჯოშ ტეილორმა აჯობა, ხოლო ლევან გულედანმა (91 კგ.) ტრავმა მიიღო და ირლანდიელ კონორ შეენანს მესამე რაუნდში დანებდა.







