ესტონეთის დედაქალაქ ტალინში დაიწყო ევროპის 2010 წლის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში, სადაც, პირველად ქართული სპორტის ისტორიაში, ჩვენი ქვეყანა სამი სპორტსმენითაა წარდგენილი.
ყინულზე ცეკვაში ქართული წყვილი საქმეში პირველივე დღიდან ჩაერთო. 22 წლის ოთარ ჯაფარიძე და მისი 15 წლის პარტნიორი ელისონ რიდი სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობენ. აქამდე, ჯაფარიძეს სამი მეწყვილე – მარინა შელტცინა, ეკატერინა ზაიკინა და იზაბელა ტომასი – ჰყავდა, რიდმა კი საქართველოს მოქალაქეობა სულ ახლახანს მიიღო.
ტალინის “საკუ სუურჰალ არენა”-ზე დაწყებულ ტურნირზე, ჯაფარიძე და რიდი აუცილებელ პროგრამაში ჩაებნენ და 27 მონაწილეს შორის 22-ე ადგილი დაიკავეს.
ქართულმა წყვილმა ტექნიკური ელემენტებისთვის 12.48 ქულა მიიღო, პროგრამულ კომპონენტებში კი – 10.11 და ჯამური 22.59 ქულა დაიმსახურა.
აღნიშნული შედეგით, ჯაფარიძემ და რიდმა შვეიცარიული, ბერძნული, ფინური და ბელარუსული დუეტები მოიტოვეს, აზერბაიჯანული დუეტი კი საასპარეზოდ საერთოდ არ გასულა.
ცნობისთვის, პირველი დღის შემდეგ დიდი უპირატესობით რუსული წყვილი (დომნინა-შაბალინი) დაწინაურდა, რომელმაც თავი 42.78 ქულას მოუყარა.
21 იანვარს დაგეგმილი ორიგინალური პროგრამის შესრულების უფლება 26-ვე დუეტმა მიიღო. უკვე ცნობილია, რომ ქართული წყვილი მე-2 ჯგუფში იასპარეზებს და ტალინურ ყინულზე მე-8 ნომრით გავა. თავისუფალი პროგრამის ჩატარება 22 იანვარსაა ნავარაუდევი.
თუკი ჯაფარიძისა და რიდისგან სადებიუტო ევროპირველობაზე მედლებისთვის ბრძოლას არავინ ელის, გაცილებით უკეთ მოსჩანს 20 წლის ელენე გედევანიშვილის შანსები.
ელენე ევროპის ჩემპიონატზე უკვე მეხუთედ იასპარეზებს. ქართველმა გოგონამ 2006 წელს სენსაციური შედეგი აჩვენა და მე-5 ადგილს უწია, მომდევნო წლებში, გედევანიშვილი მე-8 და მე-7 პოზიციებს დასჯერდა, შარშან კი ჩვენებურს ტურნირი აშკარად ჩაუვარდა და მოკლე პროგრამის შემდეგ 25-ე ადგილზე აღმოჩნდა, რის გამოც თავისუფალ პროგრამაში საერთოდ ვერ მოხვდა.
ქალები სტარტს 22 იანვარს აიღებენ, 23-ში კი ბრძოლას საუკეთესო 24 მონაწილე გააგრძელებს. ქალთა პროგრამაში სულ 43 მონაწილეა, ფავორიტები კი მოქმედი გამარჯვებული ფინელი ლაურა ლეპისტო, მისი თანამემამულეები კიირა კორპი და სუზანა პოიკიო, ორგზის ევროპის ჩემპიონი იტალიელი კაროლინა კოსტნერი და მისი თანამემულე ვალენტინა მარჩეი, ორგზის ვერცხლის მედალოსანი შვეიცარიელი სარა მაიერი, ახალგაზრდათა შორის მსოფლიოს ჩემპიონი რუსი ალიონა ლეონოვა, რუსეთის ჩემპიონი ქსენია მაკაროვა და უნგრელი იუალია სებესტიენი არიან.
დათო მანჯავიძე







