ქართველმა ძიუდოისტებმა, ამირან პაპინაშვილმა, ბეთქილ შუკვანმა (ორივე 60 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (66 კგ) რიო დე ჟანეიროში დღეს დაწყებულ “დიდ სლემზე” ნახევარფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვეს და შესაბამისად, მედალიც გაინაღდეს, რადგან ამ ტურნირზე რეპეშაჟის წესი არ მოქმედებს.
პაპინაშვილი და შუკვანი, რომლებიც “დიდ სლემზე” პირველ-მეორე ნომრებად არიან განთესილნი, საქმეში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაერთნენ, ბრაზილიელ მეტოქეებთან შეხვედრებით და ორივემ იპონით იმარჯვა. პაპინაშვილმა დანიელ მორაეშს აჯობა, ხოლო შუკვანმა - ერიკ ტაკაბატაკეს.
შავდათუაშვილმა კიმონო ორჯერ მოირგო. მასპინძელ რიკარდო აირიშს ორი იუკოთი გასცდა, კოლუმბიელ ფაბიან გონზალესს - ერთით.
დღესვე ტატამზე 73 კილოგრამში მოჭიდავე ნუგზარ ტატალაშვილიც გავიდა და მე-5 ადგილი დაიკავა. სალვადორელ კარლოს ფიგეროას წმინდად აჯობა, მეოთხედფინალში კი ბრაზილიელ ადრიანო სანტუშთან კინკილა იუკოთი დამარცხდა.
ნახევარფინალში პაპინაშვილი ბრაზილიელ დიეგო სანტუშს დაეჭიდება, შუკვანსაც ბრაზილიელი მეტოქე ეყოლება – ბრენო ალვეში, ხოლო შავდათუაშვილი რუს დენის ლავრენტიევს შეხვდება.
ოთარ მაღლაკელიძე







