წარმატებული აღმოჩნდა “მასის” ქართველი ლეგიონერებისთვის “ფედერალ 1”-ის მეორე ტურის მატჩი. გარდა იმისა, რომ გუნდმა დიდი ანგარიშით იმარჯვა და პრემიალური ქულაც მიითვალა, ექვსიდან სამი ლელო ჩვენებურებმა საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერეს.
დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, არჩილ კობაურის, ელიზბარ ყუფარაძის და შალვა სუთიაშვილის “მასი” ირაკლი ნინიძის “დიჟონს” მასპინძლობდა. სუთიაშვილმა შერკინების მესამე ხაზში სრულად ითამაშა და ორი ლელო გაიტანა, ერთი ლელო მიითვალა დადუნაშვილმა, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს. პირველიდან 56-ე წუთამდე ითამაშა ყუფარაძემ.
მასპინძლებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და ტაიმი 24:6 მოიგეს. სუთიაშვილმა პირველი ლელო 28-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში 22:3 გახადა. 52-ე წუთზე ლელო დადუნაშვილმა გაიტანა და საკუთარი გუნდის უპირატესობა 23 ქულამდე გაზარდა, ხოლო ბოლო წუთზე თავი კვლავ სუთიაშვილმა გამოიჩინა. “მასიმ” 45:6 იმარჯვა და ქულათა მაქსიმუმით (10) I ჯგუფს ლიდერობს. უქულო “დიჟონი” ბოლო ადგილზეა.
შოთა საყვარელიძისა და გიორგი ტორაძის “სენ-ჟენმა” “ლილს” სტუმრად 12:11 სძლია. საყვარელიძე მესამე ხაზში შეუცვლელად გაისარჯა. მისმა გუნდმა დასკვნით 5 წუთში ორი ჯარიმა გაიტანა და გამარჯვებას მის ხარჯზე მიაღწია. “სენ-ჟენი” 8 ქულით მე-3 ადგილზეა. 8 ქულით მეორეა ნოდარ ჭეიშვილის “ნევერი”, რომელმაც ბაჩუკი გუჯარაიძის “სენტ-ნაზერი” 19:13 დაამარცხა. ქართველ ლეგიონერებს მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ. “სენ ნაზერი” 1 ქულით მე-9 ადგილზეა.
თემურ გელანტიასა და რევაზ გიგაურის “მონლიუსონი” “ვანს” დაუზავდა - 21:21. ორივე ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველხაზელმა გელანტიამ 52 წუთი ითამაშა, ხოლო გარემარბმა გიგაურმა მოედანზე 54 წუთი გაატარა. “მონლუსონი” 2 ქულით მე-7 ადგილზეა.
II ჯგუფში გიორგი კუთარაშვილის “ანესი” “რომანთან” 15:37 დამარცხდა და 4 ქულით მე-8 ადგილზეა. კუთარაშვილი შეცვლაზე 54-ე წუთზე შევიდა. 19:26 დამარცხდა “ექს-ან-პროვანსთან” საბა ქართველიშვილის “ჩამბერი”. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს. “ჩამბერი” 5 ქულით მე-7 პოზიციაზეა.
ავთო კოპალიანის “მაკონმა” “ლა ვულტ-ვალანსი” 37:15 დაამარცხა. ქართველმა პირველხაზელმა სრულად ითამაშა, მისმა გუნდმა კი, 4 უპასუხო ლელო გაიტანა, პრემიალური ქულაც ჩაიწერა და 6 ქულით მე-3 ადგილზეა. სტუმრად “ლა სენს” 23:21 სძლია გიორგი ჯაშიტაშვილის “შალონმა”, მაგრამ ქართველი ლეგიონერი განაცხადში არ იყო. “შალონი” 5 ქულით მე-6 ადგილზეა.
მეორე მატჩშიც დამარცხდა და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა მერაბ კვირიკაშვილისა და ზერო პეტრიაშვილის “ვიენი”, რომელიც “ობნას” მასპინძლობდა. მასპინძლებს 12-ივე ქულა კვირიკაშვილმა შესძინა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. მან პირველ ტაიმში 3 ჯარიმა გაიტანა და საკუთარი გუნდი 9:3 დააწინაურა, მეოთხე დარტყმა კი, 74-ე წუთზე შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 12:14. პეტრიაშვილი განაცხადში არ იყო, ხოლო “ვიენი” 1 ქულით მე-9 ადგილზეა.
III ჯგუფში პრემიალური ქულით იმარჯვა თედო ზიბზიბაძის, გიორგი გაბელიასა და ნიკოლოზ მაღალდაძის “პერიგომ”. პერიგოელები ნიკოლოზ გიორგაძის “ჰენდაის” მასპინძლობდნენ, ხუთი ლელო გაიტანეს და 42:18 იმარჯვა. ზიბზიბაძემ შუამარბად შეუცვლელად ითამაშა, გაბელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მაღალდაძე განაცხადში არ იყო. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 64 წუთი ითამაშა გიორგაძემ.
“პერიგო” 7 ქულით მე-4 ადგილზეა, ხოლო უქულო “ჰენდაი” ბოლო მე-10 ადგილს იკავებს. გიორგი ტალახაძის “როდეზი” ქართველი ლეგიონერის გარეშე 9:25 დამარცხდა “მონტობანთან”. “როდეზი” 1 ქულით მე-8 ადგილზეა.
IV ჯგუფში ლაშა მალაღურაძის, სიმონ მაისურაძის, გიორგი მჭედლიშვილისა და ბექა ურჯუკაშვილის “ბანიერი” 17:18 დამარცხდა “ვალანს დ’აჟენთან”. მგეზავმა მალაღურაძემ და შუამარბმა ურჯუკაშვილმა სრულად ითამაშეს, სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ პირველხაზელები მაისურაძე და მჭედლიშვილი - პირველი 57-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მეორე შესვენებისას. მალაღურაძემ ტაიმში ორ-ორი ჯარიმა გაიტანა, საბოლოო შედეგი კი, 59-ე წუთზე დაფიქსირდა. “ბანიერი” 2 ქულით ბოლოსწინა მე-9 ადგილზეა.
1 ქულით ბოლო ადგილზეა მიხეილ გაჩეჩილაძის “აჟეტმო”, რომელიც “ლურდთან” 22:27 დამარცხდა. ქართველმა მეორეხაზელმა შეუცვლელად ითამაშა. “ფედერალ 1”-ის მომდევნო ტურის თამაშები 21-22 სექტემბერს გაიმართება.