რიო დე ჟანეიროს “დიდ სლემს” საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ექვსი მედლით დაასრულებს. ბეთქილ შუკვანის (60 კგ) ოქროს და ამირან პაპინაშვილისა (60 კგ) და ლაშა შავდათუაშვილის (66 კგ) ბრინჯაოებს დღეს თავის წილ მედლებს ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ), ირაკლი ცირეკიძე (100 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) მიამატებენ. სამივე მათგანი ნახევარფინალშია და შესაბამისად, მინიმუმ კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ასვლა გარანტირებული აქვთ.
შეჯიბრებაში სამივე მეოთხედფინალიდან ჩაერთო და ბრაზილიელი მეტოქეები დაამარცხეს. ლიპარტელიანმა, რომელიც რიოს “დიდ სლემზე” პირველ ნომრადაა განთესილი, ენრიკე სილვას იპონით მოუგო. ცირეკიძემაც წმინდად იმარჯვა, ბრუნო ალტოესთან, ოქრუაშვილმა კი გაბრიელ სანტოსი დააიპონა.
დღესვე ტატამზე ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) და ლევან ჟორჟოლიანიც (100 კგ) გავიდნენ. მათაც ბრაზილიელ მოწინააღმდეგეებთან ჩატარებული მეოთხედფინალებით დაიწყეს, მაგრამ უმალ დამარცხდნენ და საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდნენ. ჭრიკიშვილისთვის დაუძლეველი ზღუდე მსოფლიოს რეიტინგში 189-ე ადგილზე მდგომი ვიქტორ პენალბერი აღმოჩნდა, ხოლო ჟორჟოლიანისთვის 90 კილოგრამი წონითი კატეგორიის მოჭიდავე ჰუგო პესანა.
აქვე ქართველთა ნახევარფინალურ მეტოქეებზეც - ლიპარტელიანი ჩილელ ტომას ბრიჩენოს დაეჭიდება, ცირეკიძე – არგენტინელ კრიშტიან შმიდტს, ოქრუაშვილი – ბრაზილიელ დავიდ მოურას. ფინალური შეხვედრები თბილისის დროით შუაღამის შემდეგ შედგება.
ოთარ მაღლაკელიძე







