სახელი: მარიო
გვარი: ბალოტელი
ეროვნება: იტალიელი
კანის ფერი: მუქი (აფროევროპული)
ასაკი: 21 წლის (თუმცა, შესაძლოა, ნამდვილ ასაკს მალავდეს)
სიმაღლე: 190 სანტიმეტრი
წონა: 88 კილოგრამი
პროფესია: ფეხბურთელი
თვალის ფერი: შავი, ნაცრისფერში გადასული
ხასაითი: უჟმური, გაუწონასწორებელი, არაპროგნოზირებადი
ჰობი: ჩხუბი, გინება, სტრიპტიზ-ბარებში ჯდომა, გულშემატკივრებისათვის ნერვების მოშლა
საყვარელი გამოთქმა: ”ვინც ჩემზე ცუდს იტყვის, კისერს მოვუგრეხ!”
საყვარელი გმირი: სუპერმენი, სუპერმარიო
ოცნება: იყოს ყველაფერში პირველი
ჩვენს დაწესებულებაში 3 თვის წინათ შემოიყვანეს ფიზიკური ძალის გამოყენებით. ბოლო 3 თვის განმავლობაში ხუთ სანიტარს სცემა, დაკბინა ფიზიოთერაპიის ექიმი, ახალგაზრდა ექთანს კი, გაუპატიურების მუქარით, რამდენჯერმე სახალხოდ მკერდის მოშიშვლება აიძულა. სხვა პაციენტებთან ურთიერთობისას, გამოირჩევა აგრესიითა და ცინიზმით. ავადმყოფებიდან ყველაზე მოურჯულებელი მისტერ მაკმიორფიც კი აიძულა, მასთან ერთად ზეწრებისაგან შეკერილი ბურთით დერეფანში ეთამაშა, სადაც გამარჯვებული, რასაკვირველია, თვითონ გამოვიდა.
არ ემორჩილება კლინიკის რეჟიმსა და შინაგანაწესს. გამუდმებით იწუნებს საკვებს. განსაკუთრებით ვერ იტანს ბოსტნეულობას და ოცნებობს სისხლიანი სტეიკის ჭამაზე.
წინა კვირას პაციენტებს შორის ატეხილი ჩხუბის მოთავეც თავად იყო. ჩხუბის მიზეზი გახდა კუბოკრული წითელ-ლურჯი ფერის კეპი, რომელიც ერთ-ერთ ხორვატული წარმოშობის პაციენტს ეხურა. სენიორ ბალოტელის რატომღაც ძალიან არ მოეწონა ზემოაღნიშნული კეპი და კეპის მფლობელს მოსთხოვა ქუდის მოხდა და ფეხებით გათელვა. ამაზე ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა, რის შემდეგაც, ბალოტელიმ ჯერ ქუდის მფლობელს, შემდეგ კი უკვლებლივ ყველა პაციენტს აგინა და სანამ სამკურნალო თერაპიის ოთახში შევათრევდით, ყველას შემდეგი სიტყვებით მიმართა: ”თქვენც ”იმათნაირები” ხართ! მე მაინც ფეხებს ვერ მომჭამთ! მე სუპერმარიო ვარ!”.
პაციენტის ყველაზე დამახასიათებელი თვისება - გამუდმებულად ოცნებობს ყველას დაუმტკიცოს, რომ ცდებიან და ყველაფერში ისაა პირველი. ამის ”დასამტკიცებლად” თითქმის ყველა მეთოდს ხმარობს, რაც კი შეუძლია. თამაშობს ბანქოს, ნარდს, ჭადრაკს, კალათბურთს, ფეხბურთს, სწევს სიმძიმეებს... ბოლო დროს, ამერიკელი ლინგვისტ პაციენტთან გასაჯიბრებლად, ცხოვრებაში პირველად, ლინგვისტური წიგნების კითხვაც კი დაიწყო.
მარცხს ვერ იტანს და სხვებს მისი უპირატესობის აღიარებას აიძულებს. ერთადერთი, აწ უკვე ხსენებული პაციენტი მაკმიორფია, რომელიც ბოლომდე ვერ დაიმორჩილა, თუმცა, იმდენს კი მიაღწია, რომ აღარ ეპასუხება და მათ შორის ფარული ბრძოლა მიმდინარეობს.
განსაკუთრებულად საყურადღებოა პაციენტ ბალოტელის ძილის მდგომარეობა. როდესაც მარიოს სძინავს, ძილში მუდმივად ერთმანეთის მსგავს წინადადებებს ამბობს, რაც სავარაუდოდ, მის პირველად პროფესიას – ფეხბურთს უნდა უკავშირდებოდეს. ”ანდრეა, რატომ არ მაძლევ პასს შე ჩათ..ხო”, ”ოე, ბარელო მოტოციკლეტისტო, სად ჩემს ფეხებში არტყამ?!”, ”ჩეზარე, უკანალი იყო თუ შემცვალო”, ”ჩემდათავად იტალიაში დამბრუნებლის...”, ”ამ ფანებს სახეს ავახევ!” – თითქმის ყოველ ღამე, ასეთ სიტყვებს ამბობს ძილში.
როგორც საფეხბურთო ფსიქიატრიის ახალგაზრდა დოცენტი - პოლ გესკოინი განმარტავს, მარიო ბალოტელის დაავადების ყველა სინდრომი მისთვის ცნობილია. თუმცა, განკურნების მისტერ პოლისეული მეთოდები ჩვენი დაწესებულებისათვის მიუღებელია. პოლ გესკოინი მიიჩნევს, რომ პაციენტ ბალოტელის დაავადებას ”საფეხბურთო შიზოფრენია” ჰქვია და მისი განკურნება მხოლოდ ლუდით, ვისკით და არყითაა შესაძლებელი. თანამედროვე მედიცინა, ჯერჯერობით, არ აღიარებს ახალგაზრდა ინგლისელი საფეხბურთო ფსიქიატრის უდავოდ საინტერესო, მაგრამ ჯერაც ბოლომდე შეუსწავლელ მეთოდებს.
ამჟამად, იძულებული ვართ, იტალიის ხელისუფლებისა და სპორტული ჩინოსნების თხოვნა გავითვალისწინოთ და სენიორ ბალოტელი სამკურნალო დაწესებულებიდან ამ (ჯერაც გაურკვეველ) მდგომარეობაში გავწეროთ.
ჩვენი მხრივ, აქვე ვაცხადებთ, რომ პასუხისმგებლობას არ ავიღებთ იმაზე, რაც ამ ადამიანმა შემდგომში შეიძლება ჩაიდინოს. ჩვენ ვაღიარებთ, რომ მის დაავადებასთან უძლურები ვართ!
ლევან სეფისკვერაძე