ძიუდო

18:12 | 15.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

სამბისტებმა მსოფლიო შეაჯამეს

საქართველოს სამბოს ფედერაციამ ვილნიუსში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი სამბისტების გამოსვლა ტრადიციულად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში შეაჯამა. ავთანდილ ცინცაძე (52 კგ) მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, უშანგი კუზანაშვილს (57 კგ) და ლევან ჟორჟოლიანს (100 კგ) ვერცხლის მედლები ერგოთ, ნიკო კუციამ (82კგ) და დავით ლორიაშვილმა (+100კგ) კი, ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ბრინჯაო ირგუნა ნინო ოძელაშვილმაც (72კგ), ვინც ქართულ ქალთა სამბოს ისტორიაში პირველმა შეძლო ამ რანგის შეჯიბრების კვარცხლბეკზე ასვლა.
“ოთხი წელია, საქართველოს სამბისტთა ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქრო არ მოუპოვებია. ვილნიუსში კი, 3-დღიანი შეჯიბრების პირველივე დღეს მივაღწიეთ საწადელს და უნდა გენახათ, ავთანდილ ცინცაძის ამ წარმატებამ როგორ დადებითად იმოქმედა მთელ გუნდზე. მეორე დღეს კიდევ ორი ოქროს მოგების რეალური შანსი მოგვეცა, მაგრამ ჭიდაობაა და ვერ გამოვიყენეთ. საერთო შედეგით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. სპორტსმენებმა მაქსიმალურად მოინდომეს. სასიხარულოა ისიც, რომ სამბოს პოპულარობა აშკარად იზრდება. ეს ამ მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნების რაოდენობამაც დაადასტურა. მადლობა ყველას, ვისაც ამ წარმატებაში თუნდაც მინიმალური წვლილი მიუძღვის. განსაკუთრებით მინდა მწვრთნელ ემილ რაშის დამსახურება ვახსენო. იგი მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარი მსაჯი იყო და ამ მისიას ბრწყინვალედ გაართვა თავი. დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და რომ არა იგი და კიდევ ერთი მსაჯი - ოთარ ყურაშვილი, მთელ რიგ მომენტებში დავიჩაგრებოდით", – განაცხადა სამბოს ფედერაციის პრეზიდენტმა და ამავდროულად, ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ გიორგაძემ.
სპორტის მინისტრის მოადგილემ გია გალდავამ ფედერაციის ხელმძღვანელობას, მწვრთნელებსა და სპორტსმენებს გამართული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა, წარმატებული გამოსვლა მიულოცა და მორიგი გამარჯვებები უსურვა. თან იქვე დასძინა, სამბო ერთადერთი სახეობაა ოლიმპიურ თუ არაოლიმპიურ საჭიდაო სახეობებს შორის, რომელშიც წლეულს მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოვიპოვეთო. ბოლოს კი, გამორჩეულად ცინცაძეების ოჯახს მიულოცა. ავთო ცინცაძის მამა ძალიან კარგი ძიუდოისტი იყო, ასაკობრივ ნაკრებებში წარმატებულად იჭიდავა და სასიხარულოა, რომ შვილმაც ბრწყინვალე შედეგი აჩვენაო.
სამბოს ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გაბრიელ ბარჯაძემ კი, დამსწრეთ შეახსენა, რომ ცინცაძის ჯილდო საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოგებული მე-18 ოქროს მედალია. სულ კი, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე 24 ქართველი ასულა.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121257