ჭიდაობა

16:32 | 22.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

სამბისტებმა ევროპირველობას პრესკონფერენცია მოაყოლეს

 

საქართველოს სამბოს ფედერაციამ ევროპის ჩემპიონატზე ქართველი სამბისტების გამოსვლა დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ერთად, სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე შეაჯამა.

შეგახსენებთ, 16-18 მაისს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ ევროპირველობაზე კაცების ნაკრებმა 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქალთა გუნდმა, რომელიც ხალიჩაზე არასრული შემადგენლობით გავიდა, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო გამოიმუშავა, 2 ვერცხლი კი საბრძოლო სამბოზე მოდის.

ვახტანგ ჩიდრაშვილი (57 კგ) და დავით ლორიაშვილი (100 კგ) ევროპის ჩემპიონები გახდნენ. ლევან ნახუცრიშვილს (68 კგ), ბესარიონ ბერულავასა (74 კგ) და ნიკო კუციას (82 კგ) ოქროს მედლამდე თითო გამარჯვება დააკლდათ. ნოდარ მეტრეველმა (+100 კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქალთა ჩემპიონატზე თეა სუხიტაშვილი (68 კგ) და ნინო ოძელაშვილი (72 კგ) პოდიუმის მეორე საფეხურზე ავიდნენ, ხოლო ირინე ლეონიძე (+80 კგ) - მესამეზე. საბრძოლო სამბოში კი მედლები დავით ჩოჩიშვილისა (82) და ნოდარ კუდუხაშვილის (90 კგ) ანგარიშზეა.

სამინისტროში სამბისტები თითქმის სრული შემადგენლობით მივიდნენ. სამბოს ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო ლიპარტელიანმა, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯონდო მუზაშვილმა და სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ რუმინული მონაგარი წარმატებად შეაფასეს.

“ნაკრების საერთო გამოსვლით კმაყოფილი ვარ. შარშანდელ ევროპირველობასთან შედარებით აშკარად უკეთესად გამოვედით. თუ მაშინ სამი ფინალი ვიჭიდავეთ და სამივე წავაგეთ, ამჯერად ხუთი სპორტსმენი მივიდა გადამწყვეტ შეხვედრამდე და ორმა მათგანმა ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. მადლობა თითოეულ სპორტსმენს თავდადებული ჭიდაობისთვის. ასევე მადლობა მწვრთნელებს, სამედიცინო შტაბს, მთლიანად სამბოს ფედერაციას და სპორტის სამინისტროს. ამ წარმატებაში თავისი წვლილი ყველას მიუძღვის” – განაცხადა ჯონდო მუზაშვილმა და იქვე დასძინა, რომ შემოდგომაზე გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატს გუნდი კიდევ უკეთ მომზადებული შეხვდება.

სოსო ლიპარტელიანმა აღნიშნა, რომ ეროვნულმა, ახალგაზრდულმა და ჭაბუკთა ნაკრებებმა ევროპის ჩემპიონატები უკვე მოილიეს და ახლა სეზონის უმთავრესი შეჯიბრებისთვის – მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე გადაერთვებიან.

რუმინულ ევროპირველობაზე 35 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა და საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა. ჩემპიონი რუსეთი გახდა.

ჩემპიონატის ყველაზე ტექნიკურ სამბისტად კი ვახტანგ ჩიდრაშვილი დასახელდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115623