საქართველოს სამბისტთა ნაკრების თავკაცმა, ოლეგ იაძემ ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა. ევროპირველობა 12-16 მაისს, სოფიაში გაიმართება და ქართული დროშის ქვეშ მამაკაცთა ნაკრების გარდა, რამდენიმე ქალიც იჭიდავებს.
“უმსუბუქეს წონაში – 52 კილოგრამში დიმიტრი მუმლაძე გვეყოლება. იგი წლების განმავლობაში მეორე ნომრად ითვლებოდა და ახლა შანსი ეძლევა, რადგან უშანგი კუზანაშვილმა ზედა წონაში აინაცვლა. შესაბამისად, კუზანაშვილი სოფიაში 57 კილოგრამში იჭიდავებს. 62-ში დავით სვიმონიშვილი გავა ხალიჩაზე. 68-ში – ბექა იმერლიშვილი, 74-ში – კახა მამულაშვილი, 82-ში ნიკოლოზ კუცია, 90-ში – მინდია ბოდაველი, 100-ში – მირიან პავლიაშვილი, ხოლო +100-ში – ვახტანგ ზოიძე. განაცხადი სამმა მწვრთნელმა: მე, ბადრი ჯანიაშვილმა და ემილ რაშმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩამოვწერეთ და სამივეს მოსაზრება აბსოლუტურად დაემთხვა ერთმანეთს. 68 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მოგეხსენებათ, ლიდერი ლევან ნახუცრიშვილი იყო, რომელმაც შარშან თავი ევროპირველობაზეც გამოიჩინა და მსოფლიოს ჩემპიონატზეც. ნახუცრიშვილი ახლაც ერთ-ერთ უმთავრეს კანდიდატად რჩება, მაგრამ მიმდინარე სეზონში მისმა უმთავრესმა კონკურენტმა – ბექა იმერლიშვილმა ისე ბრწყინვალედ იასპარეზა, აშკარად დაიმსახურა ევროშემადგენლობაში მოხვედრა. ზედიზედ სამი პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი გახდა, რაც 1991 წლის შემდეგ ქართველთაგან არავის გაუკეთებია. 74 კილოგრამშიც საკმაოდ თანაბარი შიდა კონკურენციაა მამულაშვილსა და გიორგი ნოზაძეს შორის. ეს ბიჭი ძიუდოდან სამბოში ახლახან გადმოვიდა და ჯერ ბოლომდე ვერ გაშინაურდა, მიუხედავად იმისა, რომ ტურნირებზე საკმაოდ წარმატებულად იჭიდავა. ცოტა პარტერში ჭიდაობა აქვს დასახვეწი და ამ ეტაპზე განაცხადში მამულაშვილი შევიყვანეთ, თუმც აქედანვე გადაწყვეტილია, ევროპის ჩემპიონიც რომ გახდეს, მსოფლიოზე მის ადგილს მაინც ნოზაძე დაიკავებს. მინდა, მოკლე კომენტარი მირიან პავლიაშვილის შესახებაც გავაკეთო. სამწუხაროდ, ეს ძალიან კარგი სპორტსმენი დაგვიბერდა და ძველებურად ყოჩაღად ჭიდაობა უჭირს. ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ამ რანგის შეჯიბრებაზე აღარ გამოვიდოდა, მაგრამ ერთხელაც მთხოვა, ბოლო შანსი მიმეცა. თუ ისევ უშედეგოდ დარჩება, მაშინ ალბათ, მართლა დაასრულებს კარიერას. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, 100 კილოგრამში მისი ღირსეული შემცვლელი ჯერ არ გვყავს. სოფიაში სავარაუდოდ ორი ქართველი გოგონაც იჭიდავებს. ალბათ, შორენა შარაძე და ნინო ოძელაშვილი. შარაძემ ახლახან ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ნინო ოძელაშვილი კი ამავე ასაკობრივ ჯგუფში მსოფლიოს ჩემპიონია. წარმატებას შარშან შემოდგომაზე, თბილისში მიაღწია” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ოლეგ იაძემ.
ოთარ მაღლაკელიძე







