ლაშა სალუქვაძემ აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგაში პირველი გოლი გაიტანა.
22-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში კახა ცხადაძის მიერ გაწვრთნილი ბაქოს “ინტერი” სტუმრად მოქმედ ჩემპიონ თანაქალაქელ “ნეფთჩის” დაუზავდა – 2:2.
“ინტერის” რიგებში ალექსანდრე იაშვილმა, ბაჩანა ცხადაძემ და სალუქვაძემ სრულად ითამაშეს. ამ უკანასკნელმა 81-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა მეტოქე მცველების შეცდომით ისარგებლა და თანაგუნდელები დააწინაურა – 2:1. აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში 32 წლის ქართველმა მცველმა 16 მატჩი ითამაშა და მეტოქის კარი პირველად აიღო. საბოლოოდ, “ინტერმა” უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და მხოლოდ ქულა აიღო.
წელს, ჩემპიონატში პირველი თამაში მოიგო ზაქათალის “სიმურგმა”, რომელსაც გიორგი ჩიხრაძე თავკაცობს. ზაქათალელებმა შინ “სუმგაითს” 3:0 აჯობეს. აქამდე, “სიმურგს” ზედიზედ სამი მატჩში ქულა არ აუღია.
აზალ-მა, რომლის ღირსებასაც ლაშა კასრაძე იცავს, თავის მოედანზე “გაბალასთან” 1:2 წააგო. ქართველ ცენტრალურ მცველს, რომელიც აზალ-ში ზამთარში თბილისის “ვიტ ჯორჯიადან” გადავიდა არ უთამაშია.