სხვა

1:02 | 28.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

სალუქვაძემ მსოფლიოს თასის სუპერფინალი ზედიზედ მეორედ მოიგო

ქართველმა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ტყვიის სროლაში ნინო სალუქვაძემ მორიგ წარმატებას მიაღწია. გერმანიის ქალაქ მიუნხენში გამართულ მსოფლიოს თასის სუპერფინალში, 41 წლის ქართველმა სპორტსმენმა პირველობა არავის დაუთმო და პრესტიჟული ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიგო.
სალუქვაძემ შარშან ანალოგიურ ტურნირზე ჩინეთის ქალაქ ვუქსში იმარჯვა და წლეულს მიუნხენში ასპარეზობის უფლება მაშინვე დაიბევა, გერმანიაში ჩასულმა კი ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის სტატუსი სრულად გაამართლა.
სპორტული პისტოლეტიდან (25 მ.) სროლაში გამართული შეჯიბრის შესარჩევ რაუნდში სალუქვაძემ მხოლოდ მე-4 შედეგი (578 ქულა) აჩვენა და ფრანგ სელინ გუბერვილს (582), ჩეხ ლენკა მარუშკოვასა (579) და გერმანელ მუნხბაიარ დორჯსურენს (579) ჩამორჩა, თუმცა, შემდეგ შეუდარებლად გაისარჯა.
ფინალურ რაუნდში, რომელშიც 12 მონაწილიდან საუკეთესო რვამ გააღწია, სალუქვაძემ თავი 205.4 ქულას მოუყარა, მე-2 ადგილზე გასულ მარუშკოვას კი მხოლოდ 202.9 ქულა აღმოაჩნდა. შედეგად, ქართველმა ტყვიის მსროლელმა 783.4 ქულა მოაგროვა და მთავარი პრიზის მფლობელი გახდა, ხსენებული მარუშკოვა (781.9) ვერცხლს დაეუფლა, ხოლო ბრინჯაო გუბერვილს (780.5) ერგო.
დასასრულ მოგახსენებთ, რომ სალუქვაძისთვის იღბლიანი ფინალური შეჯიბრისთვის თვალის მიდევნება შემდეგ ბმულზეა შესაძლებელი – http://www.issf-sports.org/tvplayer.aspx?videokey=1058-6618-d-sp.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097169