სტატიები

19:55 | 21.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

“საკრამენტო კინგზი”

ბოლო სეზონები: გაუმართავი მექანიზმი
„საკრამენტოს“ ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული და პერსპექტიული გუნდი ჰყავს, უკანასკნელი სეზონის წინ საბოლოოდ გამოჯანმრთელდა ტაირიკ ევანსი, დამარკუს კაზინსიც, თითქოს, მზად იყო მოემატებინა შედეგებისათვის ყველა საკალათბურთო ასპექტში, თუმცა ოცნებათა მთები მალევე დაიმსხვრა. კლუბის  2011–12 წლების რეგულარულში ნაჩვენებ თამაშს, ძნელია კალათბურთი უწოდო, რადგან გუნდის ყველა ლიდერი კაზინსი–ტორნტონი– ევანსის ტრიოდან, თითოეული ინდივიდუალურად ცდილობა აეღო მატჩში ინიციატივა საკუთარ თავზე და არცერთს არ უფიქრია, კლუბის ინტერესები საკუთარზე წინ დაეყენებინა. შედეგად, რეგულარულის ბოლოსკენ დაფიქსირებული შედეგი, აღარც  უნდა იყოს გასაკვირი: 22 მოგება და 44 წაგება

 

მთავარი მწვრთნელი: კიტ სმარტი
გუნდის ლიდერ დამარკუს კაზინსს სერიოზული კონფლიქტი მოუვიდა გუნდის ყოფილ დამრიგებელთან, კლუბის ხელმძღვანელობამ კი, დავა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ვარსკვლავური მოთამაშის სასარგებლოდ გადაწყვიტა და მთავარ მწვრთნელს კარისკენ მიუთითა. შედეგად, “მეფეების” ახალი დამრიგებელი გახდა კიტ სმარტი. გასული სეზონის შედეგების შემხედვარე, ცოტა არ იყოს, გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ზაფხულში სმარტს კიდევ ერთწლიანაი კონტრაქტი გაუფორმეს, რადგან კალიფორნიულ კლუბს მესაჭედ სჭირდება რკინის ხელის მქონე ადამიანი, რომელიც პირველ რიგში, გუნდში დისწიპლინას დაამყარებს და მოთამაშეთა შორის დიდი ავტორიტეტით ისარგებლებს. ეყოფა კი, კიტს გამოცდილება, რათა ეს პროცესები წარმატებით მართოს?
 

ახალი იმედი: ტომას რობინსონი
ტომას რობინსონი გუნდში ყველაზე დადებითი რეპუტაციის მქონე მოთამაშეა, მძიმე ფორვარდის პოზიციაზე მას აქვს უნარი პარკეტზე თავისი საქმე წარმატებით აკეთოს და თან ჩრდილშიც დარჩეს. იგი მოხვდა გუნდში, სადაც 3 ლიდერი ბურთს ვერ იყოფს. კარიერის პირველ სტადიაზე, ტომასს მოუწევს ყველანაირი შავი სამუშაოს შესრულება (ვნახოთ, სადამდე ეყოფა ნერვები). მისი ტანდემი დამარკუს კაზინსთან, შეიძლება, ერთ-ერთ ყველაზე საშიშად იქცეს მთელს ლიგაში, მაგრამ, თუ კვლავ გაგრძელდება უსისტემო კალათბურთი „საკრამენტოს“  შესრულებით, აუცილებლად საპირისპირო  მოხდება და ეს მოთამაშეები, თავიანთი ქცევით, ხელს შეუშლიან ერთმანეთს.

http://www.youtube.com/watch?v=WmzwMeQy5o0  

მთავარი გმირი: დამარკუს კაზინსი
კაზინსი დღევანდელი “საკრემენტოელი მეფეების” მთავარი პრობლემაა. მისი რთული ხასიათი პირდაპირპროპორციულობით აისახება გუნდის შედეგებზე. დამარკუსის ნიჭის და შესაძლებლობების მქონე წინახაზელი, დღესდღეობით, ძალიან ცოტაა ნბა-ში. მას ძალიან მალევე შეუძლია გახდეს ყველა ვარსკვლავთა კვირეულების უცვლელი მონაწილე, ოღონდ ამისათვის, უნდა დასძლიოს საკუთარი საკალათბურთო ეგოიზმი და მიეჩვიოს გუნდურ თამაშს. მატჩის მიმდინარეობისას, თუ იეჭვა, რომ თანაგუნდელები მას სათანადოდ არ ამარაგებენ პასებით, მაშინ მზადაა ყველას და ყველაფერს ეჩხუბოს. საშუალოდ  მატჩში 19,5 ქულას და 10 მოხსნას აგროვებს, რაც ძალიან კარგი შედეგია, მაგრამ, თუ კლუბთან ერთად გააგრძელა სეზონის განმავლობაში მხოლოდ 22 მატჩში გამარჯვება, მაშინ მისი ვარსკვლავი ნელ-ნელა ჩაქრობას დაიწყებს.

 

http://www.youtube.com/watch?v=978B0AOaWG4

მეხუთე ბორბალი: ჯიმერ ფრიდეტი
ჯიმერ ფრიდეტმა სასტარტო სეზონი სრულად ჩააგდო, მაგრამ ყველაზე ცუდი მისთვის ის გახლავთ, რომ თითქოს, მისი ადგილი „საკრამენტოში“ საერთოდ აღარ არის. მის პოზიციაზე აარონ ბრუქსის გუნდში მოსვლის მერე, საკმაოდ პერსპექტიულ აიზია ტომასსაც კი, რომელმაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თავის გამოჩენის მცირე შესაძლებლობა მიეცემა, ფრიდეტის შანსებზე  რომ აღარაფერი ვთქვათ. ლიმერის აგენტმა კლუბს სთხოვა რათა გაეცვალათ რომელიმე გუნდში ფრიდეტი, მაგრამ ხელმძღავნელობამ თავი შორს დაიჭირა ამ წინადადებისგან, რადგან სანამ კლუბში არ ამოიწურება ევანსისა და ტორნტონის ურთიერთგაგების, შეთამაშების პრობლემა, მანამდე ჯიმერი, სათადარიგო სკამიდან, შეიძლება, ნებისმიერ დროს გახდეს საჭირო.

http://www.youtube.com/watch?v=R6mqFMdhDe4



X ფაქტორი: ტაირიკ ევანსი
ამერიკულ პრესაში არ წყდება სტატიები იმის შესახებ, თუ როგორი სერიოზულობით ემზადება ტაირიკ ევანსი ახალი სეზონისათვის, ეს ლოგიკურიც გახლავთ, რადგან საწორზე ძალიან ბევრი მილიონი დოლარი და კარიერის წარმატებით გაგრძელების პერსპექტივა დევს. მის მიერ ჩატარებულ ბოლო ორ სეზონს, შთამბეჭდავს ნამდვილად ვერ დავარქმევთ, მაგრამ ვერავინ იტყვის იმასაც, რომ ტაირიკი არაფრად ვარგოდა. თუნდაც „ლოს ანჯელეს ლეიკერსის” წინააღმდეგ მის მიერ ჩატარებული მატჩი გავიხსენოთ. კლუბის  ხელმძღვანელობამ, ევანსისთვის მეტი თავისუფლება რომ მიეცათ მოედანზე, სხვა გუნდში გაუშვა კევინ მარტინი, თუმცა შემდეგ, ამ ლოგიკის საპირისპიროდ, „ნიუ ორლეანიდან“ მოიყვანა ბურთის თრევის არანაკლებად მოყვარული მარკუს ტორნტონი. გენერალურმა მენეჯერმა საბოლოოდ უნდა გააკეთოს ამ ორ მოთამაშეს შორის არჩევანი და მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში ტორნტონი გაცილებით სასარგებლო გახლდათ, გავრისკავ და ვიტყვი, რომ ევანისის შანსები გაცილებით დიდია თუნდაც იმიტომ, რომ მარკუსი თავისი შესაძლებლობების პიკზე გახლავთ უკვე, ხოლო ტარიკს, საკუთარი ასაკიდან გამომდინარე, ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომ კიდევ ერთხელ მოუმატოს ნებისმიერ საკალათბურთო ასპექტში.

http://www.youtube.com/watch?v=I1KBp5jzIL4



სასტარტო ხუთეული: აარონ ბრუქსი, ტაირიკ ევანსი, ჯეიმს ჯონსონი, ტომას რობინსონი, დამარკუს კაზინსი.

გუნდის ლიდერების სტატისტიკური მონაცემები

 ქულები:კაზინსი – 19,5

მოხსნებუ: კაზინსი – 10,7

გადაცემები: ბრუქსი – 4,8

ჩაჭრები: ევანსი – 1,5

დაფარებები: კაზინსი – 1,8

დაკარგვები: ევანსი – 2,8

დასკვნა: გუნდის გენერალურ მენეჯერს, გუნდში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, ზაფხულში თითქმის არაფერი გაუკეთებია. “საკრამენტოში” დღესდღეობით თავმოყრილია ძალიან ბევრი ისეთი მოთამაშე, რომელთაც ხშირად სურთ ბურთის მიღება და შეტევის დაგვირგვინება: კაზინსი, ევანსი, ტორნტონი, რობინსონი, ბრუქსი, ჯიმერი და სალმონსი. ხოლო მათი პასებით მომმარაგებელი კი ძალიან ცოტაა. ამერიკელი საკალათბურთო სპეციალისტები თვლიან, რომ საკრამენტოს ძალიან დიდი ტალანტი აქვს, მაგრამ ამის გარდა, მას არაფერი გააჩნია. სანამ კლუბში არსებული კონტიგენტი საკალათბურთო ინტელექტით არ „გაიზრდება“, ვიდრე ურთიერთქმედების ხარჯზე არ ისწავლიან შედეგის მიღწევას, მანამდე, ყველანაირ გუნდურ წარმატებაზე ლაპარაკი ნაადრევია. მომავალ დრაფტზე, თუნდაც პირველ ხუთეულში არჩევანის საშუალებაც რომ მიიღონ “მეფეებმა”, ეს პირობაც ვერ გახდება გადამრჩენად, რადგან ასეთ უსისტემო კალათბურთში, ნებისმიერი ნიჭიერი ახალწვეული დაიკარგება.

 

გიორგი ბარბაქაძე






 

0.22169