სტატიები

17:45 | 24.08.2011 | ნანახია 2461 - ჯერ

საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატების ისტორია (VI ნაწილი. XX საუკუნის 90-იანი წლები)

1991 წლის ევროპის ჩემპიონატის ყველაზე დიდი სენსაცია საკვალიფიკაციო სტადიაზე მოხდა. საბჭოთა კავშირი ერთ ქვეჯგუფში ჩეხოსლოვაკიასთან, საფრანგეთსა და ისრაელთან ერთად მოხვდა. ამ სამეულიდან იმხანად მაინცა და მაინც ძლიერ გუნდად არც ერთი ითვლებოდა, ამიტომაც სულთმბორძავი იმპერიის საკალათბურთო წარმომადგენლის  დასკვნით ეტაპზე გასვლა ლამის ბუნებრივ ამბად მიიჩნეოდა. სსრკ-ის შინ ჩეხოსლოვაკიამაც მოუგო და ისრაელმაც, ამიტომაც რომში ჩასატარებელ ტურნირზე ასპარეზობის უფლების მოსაპოვებლად მოსკოვში საფრანგეთის დამარცხება იყო აუცილებელი. პრინციპში, ეს ამოცანა შეუსრულებლად სულაც არ გამოიყურებოდა, მითუმეტეს, პარიზში გამართული პაექრობა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. მოსკოვში კი, მოულოდნელად, ფრანგებმა არა მარტო მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს კონტინენტის მრავალგზის ჩემპიონს, არამედ დაამარცხეს კიდეც (85:84) და თავად გაემგზავრნენ იტალიის დედაქალაქში. რომის ტურნირზე მონაწილეობა 8 ნაკრებმა – იუგოსლავია, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი, ბულგარეთი – მიიღო. უშუალოდ ჩემპიონატის მსვლელობისას კი მეტად საინტერესო რამ მოხდა. ევროპირველობა91-ის მსვლელობისას დამოუკიდებლობის აქტი მიიღო სლოვენიის პარლამენტმა. ბალკანელთა ნაკრებში ამ ქვეყნის წარმომადგენელი იურე ზდოვცი ირიცხებოდა, რომელმაც ტურნირის 2 საწყის მატჩში მიიღო მონაწილეობა კი მიიღო, მაგრამ სლოვენიის მიერ იუგოსლავიის შემადგენლობიდან მიღებული გადაწყვეტილების დღიდან ჩემპიონატში მონაწილეობაზე სასტიკი უარი განაცხადა, აქაოდა, იუგოსლავიის მოქალაქე უკვე აღარ ვარო. ზდოვცის იმდროინდელმა პარტნიორებმა სლოვენიელის საქციელი საერთო საქმისა და კალათბურთის ღალატად შეაფასეს, ამიტომაც იურეს სალმის მიცემა შეუწყვიტეს. არადა, იუგოსლავია რომს ისედაც შესუსტებული შემადგენლობით ეწვია. გუნდის ევროპის პირველობაზე სათამაშოდ დრაჟენ პეტროვიჩისა და სტოიკო ვრანკოვიჩის გარეშე გაემგზავრა, სამაგიეროდ, ჯერ კიდევ ერთიანი ქვეყნის საკალათბურთო ნაკრებში ხორვატები, დინო რაჯა და ტონი კუკოჩი თამაშობდნენ. სერბებისა და ხორვატების გაერთიანებულმა გუნდმა 5 შეხვედრა ჩაატარა კონტინენტის 1991 წლის პირველობაზე და ხუთივე მათგანში მოწინააღმდეგეს ძალდაუტანებლად, საკმაოდ ადვილად მოუგო. არადა, ადრეული სტადიის თამაშებს თავი რომ დავანებოთ, ფინალში სამხრეთსლავებს შეჯიბრების ორგანიზატორ-მასპინძლები შეხვდნენ. აპენინელ ფანთა მხარდაჭერის მიუხედავად, იუგოსლავიამ სწორი ტაქტიკა შეარჩია, მთელი მატჩის განმავლობაში ძალა თანაბრად გაანაწილა (პირველი ტაიმი 8 ქულით მოიგო, მეორე - შვიდით) და ბოლოჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი. ვფიქრობთ, იუგთა იმ გუნდის შემადგენლობას ინტერესით გაეცნობით: პრედრაგ დანილოვიჩი, ვლადე დივაცი, ალექსანდრ ჯორჯევიჩი, ზორან ივანოვიჩი, არიან კომანეცი, ტონი კუკოჩი, ჟარკო პასპალი, ველიმირ პერანოვიჩი, დინო რაჯა, ზორან სავიჩი, ზორან სრეტენოვიჩი, იურე ზდოვცი.
1993 წელს კი ევროპის მოქმედ ჩემპიონ იუგოსლავიას, დაქწესებული სანქციების გამო, კონტინენტის პირველობაზე მონაწილეობის უფლება არ დართეს. სამაგიეროდ, საკვალიფიკაციო ბარიერი წარმატებით გადალახეს ხორვატიამ, ბოსნიამ და სლოვენიამ, რომელთაც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამგზავრების უფლება მოიპოვეს. ტურნირზე 16 ეროვნულმა გუნდმა (გერმანია, რუსეთი, ხორვატია, საბერძნეთი, ესპანეთი, ესტონეთი, საფრანგეთი, ბოსნია, იტალია, ლატვია, თურქეთი, ბელგია, შვედეთი, ბულგარეთი, ისრაელი, სლოვენია) იასპარეზა. როგორც ხედავთ, შსარჩევი ბარიერი ორმა ბალტიისპირულმა ქვეყანამ, ლატვიამ და ესტონეთმა, გადალახა, ყველასთვის მოულოდნელად კი ლიტველებმა საკვალიფიკაციო მატჩები ჩააფლავეს. თუმცა, ერთიცაა – რამდენიმე ლიტველმა ვარსკვლავმა, მწვრთნელთან მომხდარი გაუგებრობის გამო, ნაკრებში თამაში იუკადრისა. ამან კი საბოლოოდ საერთო საქმეს ავნო.
გერმანელებს მანამდეც კარგი კალათბურთელები ჰყავდათ, თუმცა, ძლიერი ნაკრების ჩამოყალიბებას ვერა და ვერ ახერხებდნენ. 1993 წლის ევროპის ჩემპიონატის წინ ალემანებს სათავეში ახალგაზრდა იუგოსლაველი სპეციალისტი სვეტისლავ პეშიჩი ჩაუდგა და საკალათბურთო სასწაულიც მოახდინა. მართალია, მასპინძელთა რიგებში მაღალი დონის კალათბურთელები, უკანახაზელები მიხაელ კოხი და ჰენრიკ რიოდლი, ფორვარდი ჰენინგ ჰარნიში და ცენტრი კრისტიან ველპი გამოდიოდნენ, მაგრამ საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვაზე უარი განაცხადა NBA-ში მოასპარეზე მეფარემ დეტლეფ შრემფმა. ამის გამო, გერმანელთა საჩემპიონო ამბიციას სერიოზულად არავინ განიხილავდა, მაგრამ... ქვეჯგუფში გერმანელებმა მეორე ადგილი დაიკავეს და მეოთხედფინალში ესპანეთზე “გავიდნენ”. ძირითადი დროის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე პირენელები 6 ქულას იგებდნენ, მაგრამ ველპმა კარგად ისარგებლა ესპანელთა უყურადღებობით და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა. დაძაბული პაექრობა დამატებით დროშიც გაგრძელდა, იღბალმა კი გერმანელებს გაუღიმა (79:77). პეშიჩის გუნდის “სანახევარფინალო გამომცდელი” საბერძნეთი იყო. უკომპრომისო ბრძოლა აქაც ბოლო წამამდე მიდიოდა. იანაკისს, ფასულასს, ქრისტოდულუსა და გალისს ძალა არ ეყოთ (ოთხივე მათგანი საკალათბურთო კარიერას ასრულებდა), თანაც, პეშიჩმა მათი განეიტრალება მოახერხებინა თავის შეგირდებს (ფასულასმა ერთადერთი ქულა გააკეთა) და ფინალში გერმანია საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეს, რუსეთს დაუპირისპირდა. ეს მატჩი ევროპის ჩემპიონატების ფინალთა შორის საუკეთესოთა შორის დღემდე მოიხსენიება. ძირითადი დროის ამოწურვამდე 15 წამით ადრე რუსმა სერგეი ბაბკოვმა 2 საჯარიმო ტყორცნა ზუსტად გამოიყენა და თავისი გუნდი 70:68 დააწინაურა. აქ კი პეშიჩმა წუთშესვენება აიღო და თამაშის საკუთარ თავზე აღება კრისტიან ველპს დაავალა. მანაც ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ ბურთი რუსთა კალათაში ჩატენა და ვინაიდან მისმა ვიზავიმ ამ დროს წესი დაარღვია, მსაჯებმა ველპი საჯარომო ხაზზე დააყენეს. კრისტიანსაც ხელი არ აკანკალებია და გერმანია ევროპის ჩემპიონი გახადა (71:70). ტურნირის დასრულების შემდეგ კი ველპი სავსებით სამართლიანად აღიარეს პირველობის საუკეთესო კალათბურთელად.
არანაკლებ დამაინტრიგებელი გამოდგა კონტინენტის 1995 წლის პირველობის ფინალიც. შესაბამისად ხანგრძლივი და მცირე პაუზის შემდეგ, საკალათბურთო ევროასპარეზს ლიტველები და იუგოსლავები დაუბრუნდნენ. წინასწარ ეტაპზე მათი დაპირისპირება ბალკანელთა გამარჯვებით დასრულდა, ფინალში კი ბალტიისპირელებს რევანშის აღებისა და რაც მთავარია, ევროპის ჩემპიონობის მესამედ მოგების საშუალება მიეცათ. ლიტველთა ამბიცია საფუძველს მოკლებული სულაც არ იყო, მათ რიგებს ხომ არვიდას საბონისი, შარუნას მარჩულიონისი და რიმას კურტინაიტისი იცავდნენ. ევრო95-ის ფინალი კი ალექსანდრ ჯორჯევიჩისა და შარუნას მარჩულიონისის ბენეფისად იქცა. სერბ-ჩერნოგორელთა გაერთიანებული გუნდის 188 სმ სიმაღლის გამთამაშებელმა 41 ქულა გააკეთა (12 სამქულიანი მცდელობიდან 9 ზუსტი გამოუვიდა), მარჩულიონისმა კი 32 ქულასთან ერთად 6-6 შედეგიან პასსა და მოხსნას მოუყარა თავი. საბოლოოდ კი მაინც იუგოსლავებმა იმარჯვეს (96:90). აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ პრედრაგ დანილოვიჩის მიერ პირველ ტაიმში შესრულებული ტრიუკი. 202 სმ სიმაღლის ფორვარდმა დრიბლინგით ლამის მთელი მოედანი გადასერა და მიუხედავად იმისა, ლიტველთა ფართან საბონისი რომ იდგა, მასზე გაცილებით მაღლა “აიწია” და მარჯვენა ხელით ბურთი ბალტიისპირელთა კალათში ჩატენა. მთლიანობაში ლიტველები მოწინააღმდეგეს არ ჩამორჩებოდნენ, მაგრამ ცალკეულ ეპიზოდებში ისინი ნერვებს ვერ ითოკავდნენ. ერთ-ერთ ეპიზოდში ლიტველებმა მსაჯის გადაწყვეტილება გააპროტესტეს (არბიტრმა საბონისი დააჯარიმა) და ასპარეზობის გაგრძელება იუარეს. არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, სათადარიგოთა სკამზე მსხდომ პროტესტანტ ლიტველებთან ვლადე დივაცი და ალექსანდრ ჯორჯევიჩი რომ არ მისულიყვნენ და თამაშის განახლება არ ეთხოვათ.
2 წლის შემდეგ კატალონიის საკალათბურთო პარკეტებზე ვლადე დივაცს არ უასპარეზია, მაგრამ პრედრაგ დანილოვიჩმა, ჟარკო პასპალმა და დეიან ბოდიროგამ იმდენად შთამბეჭდავად ითამაშეს, სერბებს “საკრამენტო კინგზის” მეფარის არყოფნა არცკი დასტყობიათ. არადა, თავიდან იუგოსლავებს გაუჭირდათ. ისინი ჯერ იტალიელებთან დამარცხდნენ (69:74), შემდეგ ხორვატებს ძლივს “გადაურჩნენ” (64:62). პრინციპულ მოწინააღმდეგესთან მოპოვებულმა გამარჯვებამ სერბებს ფრთები შეასხა, დანარჩენი შეხვედრები მათ ერთი ამოსუნთქვით ჩაატარეს და ყველა მათგანში მოწინააღმდეგეზე გაცილებით სოლიდურად გამოიყურებოდნენ. ფინალში იუგოსლავიის პირისპირ იტალიელები წარსდგნენ. თუკი ჯგუფურ ეტაპზე აპენინელებმა 74 ქულა ჩაუგდეს სერბებს, გადამწყვეტ მატჩში ბალკანელებმა აქცენტი დაცვაზე კიდევ უფრო გააკეთეს, “სკუადრა აძურას” ლიდერები დენის მარკონატო და გრეგორ ფუჩკა “ამოკეტეს” და მოწინააღმდეგეს მხოლოდ... 49 ქულის გაკეთების საშუალებაღა მისცეს. იუგოსლაველთა აქტივის (61 ქულა) სოლიდური ნაწილი (36 ქულა) ჩვენ მიერ ზემოთ ნახსენებ დანილოვიჩ-რებრაჩა-პასპალის ტრიოზე თანაბრად გადანაწილდა.
1997 წელს პირველად ითამაშეს ევროპის ჩემპიონატზე უკრაინელებმა, რომლებმაც საბოლოოდ 13-ე ადგილი დაიკავეს.
გასული საუკუნის ბოლო ევროპის ჩემპიონატს შვიდმა ფრანგულმა ქალაქმა უმასპინძლა. ტურნირში მონაწილეობა იტალიამ, ესპანეთმა, იუგოსლავიამ, საფრანგეთმა, ლიტვამ, რუსეთმა, გერმანიამ, თურქეთმა, ისრაელმა, სლოვენიამ, ხორვატიამ, ჩეხეთმა, მაკედონიამ, უნგრეთმა, ბოსნიამ და საბერძნეთმა მიიღეს. ტურნირის ყველაზე მეტად დამახასიათებელი ნიშანი ის გახლდათ, რომ პრაქტიკულად 16-ივე ნაკრები თანაბარი ძალია გუნდი იყო და ჩვენი სიტყვების დასადასტურებლად ერთ ფაქტს მოვიყვანთ. 199 წელს ევროპის ჩემპიონი იტალია გახდა, რომელმაც შეჯიბრების მსვლელობისას 2 მატჩი (ხორვატიასა და ლიტვასთან) წააგო. არადა, საბოლოოდ ხორვატებმა 11-ე, ლიტველებმა კი მეხუთე ადგილები დაიკავეს. თუმცა, “სკუადრა აძურას” ამბავი ხომ მოგეხსენებათ. ფინალის მოახლოებასთან ერთად, აპენინელები თამაშს თანდათან აუმჯობესებდნენ, რუსებისა და იუგოსლავთა დამარცხების შემდეგ კი, ესპანელებთან ჩასატარებელი შეხვედრის წინ, ფავორიტად უკვე იტალიელებს ასახელებდნენ. “სკუადრა აძურა” თავიდანვე დაწინაურდა, პირველი ტაიმი 8 ქულით მოიგო, შესვენების შემდეგ კი მეტოქეს უფრო ახლოს “მისვლის” საშუალება არ მისცა (64:56). ასე და ამგვარად, იტალია მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი, ფინალში კი 215 სმ სიმაღლის ფორვარდმა გრეგორ ფუჩკამ ორმაგი დუბლი შეასრულა (10-10 ქულა და მოხსნა).
ამ დეკადაში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ციკლში მონაწილეობის მიღება საქართველოს ეროვნულმა გუნდმაც დაიწყო. გასაული საუკუნის ბოლო ათწლეულში ჩვენმა ნაკრებმა რამდენიმე დასამხსოვრებელი მატჩი კი ჩაატარა (სლოვაკეთთან, ბოსნიასთან, საბერძნეთთან, ისრაელთან), მაგრამ საქართველოს კონტინენტის პირველობის დასკვნით ეტაპზე ასპარეზობა 2011 წლამდე ოცნებათღა რჩებოდა...

1991. რომი
1. იუგოსლავია. 2. იტალია. 3 ესპანეთი

1993. ბერლინი, კარლსრუე, მიუნხენი
1. გერმანია. 2. რუსეთი. 3. ხორვატია

1995. ათენი
1. იუგოსლავია. 2. ლიტვა. 3. ხორვატია

1997. ბადალონა, ბარსელონა, ხერონა
1. იუგოსლავია. 2. იტალია. 3. რუსეთი.

1999. ანტიბი, კლერმონ-ფერანი, დიჟონი, ტულუზა, ლე მანი, პო, პარიზი
1. იტალია. 2. ესპანეთი. 3. იუგოსლავია


გოჩა კაჭარავა





 


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:44 | 26.08.2011
alejandro (44439)

ავტორ ყოჩაღ,უდიდეს კომპლიმენტებს იმსახურებ ჩემგან!მართლაც რომ დიდებული სტატიები გამოაცხე!

0.132496