სტატიები

17:06 | 23.08.2011 | ნანახია [] - ჯერ

საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატების ისტორია (V ნაწილი. XX საუკუნის 80-იანი წლები)

მეოცე საუკუნის მიწურულს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მოვლენები დაჩქარებული ტემპით განვითარდა. ცხადია, ეს ამბავი სპორტს, კერძოდ, კალათბურთსაც შეეხო. თუკი ადრე ამ სახეობის განვითარებაზე ცალკეული ათწლეულებით ვმსჯელობდით, 80-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული ახალ-ახალი ტენდენციები ლამის ყოველწლიურად იკვეთებოდა. მაღალი კლასის მოთამაშეთა გარეში კი მწვრთნელთა არანაირ ჩანაფიქრს აღსრულება არ უწერია და საბედნიეროდ, ჩვენ მიერ განხილული პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი ვარსკვლავი გამოჩნდა საკალათბურთო პარკეტზე. მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა, რამდენიმე მათგანი აუცილებლად საგანგებოდ უნდა გამოვყოთ. დრაჟენ პეტროვიჩმა, ნიკოს გალისმა, არვიდას საბონისმა, შარუნას მარჩულიონისმა, ვალდის ვალტერსმა, დეტლეფ შრემფმა, ტონი კუკოჩმა, ვლადე დივაცმა, ფერნანდო მარტინმა არა მარტო ევროპული კალათბურთი აიყვანეს ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე, არამედ მთლიანობაში კალათბურთის შემდგომი პროგრესის საქმეში იმავე პერიოდის ამერიკელებზე ნაკლები წვლილი არ შეუტანიათ.
წინა ათწლეულიდან მოყოლებული “საკალათბურთო ვექტორი” თანდათან კონტინენტის დასავლეთისკენ იხრებოდა, თუმცა, 1981 წელს ჩეხიისა და სლოვაკიის დედაქალაქებში ჩატარებულმა ევროპის პირველობამ კვლავ აღმოსავლელთა დომინირებით ჩაიარა. ალექსანდრ გომელსკი ყოველთვის გრძნობდა, კონკრეტულ ეპოქაში მის გუნდს უპირველესად რაზე უნდა გაეკეთებინა აქცენტი. საკავშირო ნაკრებში მოთამაშეებსაც ამ პრინციპით იყვანდა. იყო დრო, როცა საბჭოელთა გუნდი პრიორიტეტს ფიზიკურ ძალასა და გამძლეობაზე აკეთებდა. ასეთ დროს უპირატესობა მაღალ კალათბურთელებს ენიჭებოდა. თუმცა, არც გომელსკისა და არც კონდრაშინს ზომიერების გრძნობა არ ღალატობდა და მართალია, ქართველების, ლიტველების, ლატვიელების, ესტონელების სანაკრებო განაცხადში დიდად არ ხიბლავდათ, მაგრამ სწრაფი, ტექნიკურად და ტაქტიკურად მაღალ დონეზე განსწავლული კალათბურტელების გარეშე ვერაფერს რომ ვერ მიაღწევდნენ, მშვენივრად ხვდებოდნენ. გამონაკლისი არც 1981 წელს ჩატარებული კონტინენტის ჩემპიონატი აღმოჩნდა.
ნიკოლოზ დერიუგინი თბილისის “დინამოში” 1974 წლის მიწურულს გამოჩნდა. მეცხრე კლასის მოსწავლე ჯერ დუბლიორთა საკავშირო ჩემპიონატში თამაშობდა წარმატებით. სულიკო თორთლაძის აღზრდილი მეფარე ოსტატობას დღითი-დღე ხვეწდა და მალე მიხეილ ქორქიასთან ერთად, თბილისის “დინამოს” წამყვანი მოთამაშე გახდა. 1977 წლის გაზაფხულზე კი მთელი საკალათბურთო სამყარო აალაპარაკა. მოსკოვში, საბჭოთა კავშირის საბაზო გუნდს, ცსკა-ს კოლიამ 57 (!) ქულა ჩაუგდო (თამაში არმიელებმა 110:100 მოიგეს). ეს შედეგი სამქულიანი ტყორცნების შემოღების შემდეგაც ურთულესად მისაღწევია. თანაც, ისიც ხომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმ თამაშში დერიუგინს მასზე გაცილებით გამოცდილი და შედარებით მაღალი ცენტრების წინააღმდეგობის დაძლევა უხდებოდა. ცხადია, კალათბურთის სპეციალისტებმა და გულშემატკივრებმა ნიკოლოზი ნაკრების წევრობის კანდიდატად ავტომატურად მიიჩნიეს, მაგრამ გომელსკი დერიუგინის ქვეყნის პირველ გუნდში აყვანას არ ჩქარობდა. აქაოდა, მეფარის პოზიციაზე დიდი კონკურანციაა და თბილისელმა სტაბილური გამოსვლით უნდა დაამტკიცოს, პლანეტის და კონტინენტის უმთავრეს ტურნირებზე ასპარეზობის ღირსი რომააო. ალექსანდრ იაკოვლევიჩის სიტყვების გულწრფელობაში ეჭვი იმთავითვე გვეპარებოდა, რიონის ნაპირზე გაზრდილ კალათბურთელთან საუბრისას კი ყველაფერს ნათელი მოეფინა. საქმე ისაა, რომ, რომ გომელსკი დერიუგინს მოსკოვში გადასვლის სანაცვლოდ ნაკრებში რეგულარულად მიწვევასა და საბჭოთა იმპერიის დედაქალაქში სამოთახიანი ბინის გასაღების გადაცემას ჰპირდებოდა. თუკი ნიკოლოზი ამ წინადადებას არ დასთანხმდებოდა, მისთვის სანაკრებო კარი ჩაირაზებოდა. კოლიას ერთი წამითაც არ უყოყმანია. მან პირდაპირ განუცხადა გომელსკის, რომ სამშობლოდ საქართველოს თვლიდა და მისთვის თბილისის “დინამოს” სპორტული ინტერესის დაცვა იყო უმთავრესი და არა ცსკა-სი. ამის გამო დერიუგინმა ევროპისა და მსოფლიოს თითო პირველობა კი გამოტოვა, მაგრამ სანთელ-საკმეველმა თავისი გზა არ დაკარგა და დინამოელმა მეფარემ მოსკოვის ოლიმპიადაზე იასპარეზა.
1981 წელს კი ნიკოლოზ დერიუგინის დებიუტი ევროპის ჩემპიონატზეც  შედგა. ზემოთ ფიზიკურად მძლავრი და ტექნიკური მოთამაშეების სინთეზი ვახსენეთ. სწორედ ამ პრინციპით დააკომპლექტა გუნდი გომელსკიმ. ვლადიმირ ტკაჩენკოსა (220 სმ) და ალექსანდრ ბელოსტენის (214 სმ) გვერდით მოქნილი და ვერცხლისწყალივით მოძრავი ანატოლი მიშკინი და ნიკოლოზ დერიუგინი, აგრეთვე, ლატვიელი სნაიპერი ვალდის ვალტერსი თამაშობდნენ. სწორედ ეს უკანასკნელი გახდა პირველობის მთავარი აღმოჩენა. რიგელი უკანახაზელი პრაქტიკულად შეუცდომლად ტყორცნიდა. მიშკინმა და დერიუგინმა გასაქანი არ მისცეს კრეშიმირ ჩოსიჩს. მოსკოვის ოლიმპიადის ნახევარფინალში ხორვატმა ლამის მარტომ მოუგო საბჭოელებს, რის გამოც მასპინძლებს მხოლოდ ბრინჯაო ერგოთ. პრაღასა და ბრატისლავაში კი სსრკ ორჯერ შეხვდა ბალკანელებს და ორივეჯერ იოლად მოუგო (პირველ ეტაპზე 20 ქულით, ფინალში 17-ით). მესამე ადგილზე ჩემპიონატის მასპინძლები გავიდნენ, რომელთაც ბრინჯაოსთვის გამართულ შეხვედრაში ესპანელთა ძლევა არ გასჭირვებიათ, ოლიმპიადა80-ის ფინალისტი იტალია კი მხოლოდ მეხუთე იყო. მართალია, აპენინელთა რიგებში კვლავინდებურად ბრწყინავდნენ მენეგინი და მარზორატი, მაგრამ “სკუადრა აძურა” კოლექტიურ თამაშში მოიკოჭლებდა და არადამაკმაყოფილებელი შედეგიც აჩვენა.
1983 წლის ჩემპიონატის უმთავრესი მოულოდნელობა კი ის გახლდათ, რომ ფინალში ვერც საბჭოთა ნაკრებმა გააღწია და ვერც იუგოსლავიისამ. იტალიელებმა წინა პირველობაზე უღიმღამო გამოსვლის შემდეგ სათანადო დასკვნები გააკეთეს და საფრანგეთის 3 ქალაქში (ნანტი, ლიმოჟი, კაენი) ცატარებულ ტურნირზე გაიბრწყინეს. მენეგინსა და მარზორატის მხარი სათანადოდ ვილიალტამ და რივამ აუბეს. გადამწყვეტ მატჩში აპენინელებმა შანსი არ დაუტოვეს ესპანელებს (ფინალისკენ მიმავალ გზაზე პირენელებმა სსრკ-ს 95:94 მოუგეს) და 105:96 დაამარცხეს. ესპანელთა შორის აშკარად გამოირჩეოდა 2 ხუან ანტონიო, სან ეპიფანიო და კორბალანი, რომლებიც ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს, თუმცა, იტალიელებს გუნდში რაოდენობრივად მეტი მაღალი კლასის კალათბურთელი ჰყავდათ და მათი ჩემპიონობაც ლოგიკური გახლდათ. ისე კი, საინტერესო იქნებოდა, როგორ დასრულდებოდა “სკუადრა აძურას” დაპირისპირება ტურნირის ყველაზე შედეგიან ნაკრებთან, საბჭოთა კავშირთან (97.2 ქულა საშუალოდ მატჩში).
1985 წელს საბჭოთა კავშირმა 14-ედ და უკანასკნელად მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა. ვლადიმირ ტკაჩენკომ, ალექსანდრ ბელოსტენიმ, სტანისლავ ერიომინმა, ვალდის ვალტერსმა, შარუნას მარჩულიონისმა, არვიდას საბონისმა, ალექსანდრ ვოლკოვმა, რიმას კურტინაიტისმა განსაკუთრებით მძლავრად მეოთხედფინალიდან მოყოლებული ითამაშეს (წინასწარ ეტაპზე სსრკ ესპანეთთან დამარცხდა) – მათ ჯერ ბულგარეთი გააწბილეს – 104:86, შემდეგ კი ჯერ კიდევ მოქმედ ჩემპიონ იტალიას გადაუკეტეს ფინალისკენ მიმავალი გზა – 112:96, პირველობისთვის გადამწყვეტ მატჩში კი ჩეხოსლოვაკიას იოლად მოუგეს – 120:89. ტურნირის სიმბოლური ნაკრების გაცნობისას კი, ალბათ, ჩვენსავით იტყვით – ეს ხუთეული NBA-ს “ოლ სტარის” დონისააო. მართლაც, არვიდას საბონისი, დრაჟენ პეტროვიჩი, ვალდის ვალტერსი, დეტლეფ შრემფი და ფერნანდო მარტინი შეუდარებელი კალათბურთელები იყვნენ. ამ ხუთეულიდან ოთხმა ხომ მოგვიანებით ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაშიც გაიბრწყინა. 1985 წლის ევროპის ჩემპიონატს კი პირველად დაესწრნენ NBA-ს სკაუტები და მათი რეკომენდაციის შემდეგ ოკეანეს გაღმა პირველი ევროპელი კალათბურთელები, ჰოლანდიელი რიკ სმიტსი, გერმანელები დეტლეფ შრემფი და უვე ბლაბი, ესპანელი ფერნანდო მარტინი, ბულგარელი გეორგი გლუჩოვი გამოჩნდნენ.
და კიდევ ერთი. 1985 წლიდან სამოყვარულო კალათბურთშიც დაინერგა სამქულიანი ტყორცნები. ამით შედეგიანობა კიდევ უფრო გაიზარდა და კონტინენტის პირველობაზე საბჭოთა კავშირის საშუალო-სამატჩო მაჩვენებელმა 109-ს მიაღწია. ტურნირის მსვლელობისას ყველაზე მეტჯერ კი სამქულიანი სროლა ბულგარელებმა შეასრულეს. მათი 98 მცდელობიდან ზუსტი 44 ტყორცნა გამოდგა, მლადენოვმა და იზენოვმა კი პერიმეტრს გარედან შესრულებული სროლების სიზუსტის 50 პროცენტიან ზღვარს გადააბიჯეს.
1987 წელს ბერძენთა პირველი ტრიუმფი შედგა. ამას ხელი უპირველესად ნიკოს გალისის, ფანის ქრისტოდულუს, პანაიოტის ფასულასისა და პანაიოტის იანაკისის ფანტასტიკურმა თამაშმა, აგრეთვე, ჩემპიონატის ელადაში ჩატარებამ შეუწყო. ამ ტურნირამდე ბერძნებმა ბოლოს 1981 წელს ითამაშეს კონტინენტის პირველობაზე და მხოლოდ მეათე ადგილი დაიკავეს. არც ათენში დაუწყიატ კარგად შეჯიბრების მასპინძლებს. საწყის ეტაპზე ბერძნებს ესპანელებმაც მოუგეს და საბჭოელებმაც, მაგრამ მეოთხედფინალიდან ელადელთა თამაში ერთი-ორად გაძლიერდა. მათ ჯერ იტალიას მოუგეს (90:78), შემდეგ იუგოსლავიას (81:77) და ფინალში, ტურნირის მსვლელობისას მეორედ, სსრკ-ის წინაშე წარსდგნენ. 1987 წლის ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩი კი ნიკოს გაისთან ერთად, 17 ატასმა ექსპანსიურმა ბერძენმა მაყურებელმა მოიგო. გალისმა 40 ქულა დააგროვა (!), მასპინძელთა ფანების გამაყრუებელი ყიჟინა კი ბერძენ კალათბურთელებს დამატებით ენერგიას სძენდა. ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში პირველად ფინალი ოვერტაიმში გადავიდა და მის დასრულებამდე 2 წამით ადრე ტრიბუნები გაისუსნენ. ამ დროს ანგარიში 101:101 იყო და საჯარიმოს სროლის ხაზზე არგირის კამბურისი დადგა. მან ორივე ტყორცნა ზუსტად შეასრულა, სსრკ-ის იერიშისთვის დრო არ ეყო და ბედნიერმა ბერძნებმა ევროპის ჩემპიონობა ათენის ქუჩებში დილამდე ხმაურიანად იზეიმეს.
1989 წლის ევროპის პირველობაზე უკანასკნელად ითამაშა საბჭოთა კავშირის ნაკრებმა. 1991 წლისთვის ამ მონსტრმა არსებობა შეწყვიტა და მას შემდეგ მოყოლებული ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატებზე დამოუკიდებლად ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, რუსეთი, უკრაინა გამოდიან (ჩვენდა გასახარად, ევროპირველობაზე წელს ქართველებიც ვითამაშებთ). ბარსელონას 1992 წლის ოლიმპიადის შემდეგ აშშ-ის ნაკრებს “დრიმ თიმს” უწოდებენ, ბევრის აზრით კი, პირველი “ოცნების გუნდი” ევროპის 1989 წლის ჩემპიონატზე იუგოსლავიას ჰყავდა. ამ სიტყვების მართებულობაში ბალკანელთა იმდროინდელი ნაკრების შემადგენლობის გაცნობა დაგარწმუნებთ: დრაჟენ პეტროვიჩი, პრედრაგ დანილოვიჩი, ვლადე დივაცი, ტონი კუკოჩი, სტოიან ვრანკოვიჩი, ზორან რადოვიჩი, იურე ზდოვცი, ჟარკო პასპალი. ამ გუნდმა ზაგრებში ყველას ადვილად მოუგო (საბჭოთა კავშირთან არ უთამაშია), ფინალში კი ბერძნებს 98:77 გაუსწორდა და ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა. ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი კვლავ ნიკოს გალისი გახდა (მან სსრკ-ს 43 ქულა ჩაუგდო), თუმცა, დრაჟენ პეტროვიჩის ფონზე ელადელი მაინც უფერულად გამოიყურებოდა. ხორვატიის ნაკრებისა და ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მომავალმა ვარსკვლავმა პეტროვიჩმა პირველობისთვის გადამწყვეტ მატჩში 28 ქულა დააგროვა, ტურნირის დასრულების შემდეგ კი ავტოავარიაში ტრაგიკულად დაღუპული დრაჟენი 1989 წლის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ ერთხმად აღიარეს.

1981. ბრატისლავა, პრაღა
1. საბჭოთა კავშირი. 2. იუგოსლავია. 3. ჩეხოსლოვაკია.

1983. ლიმოჟი, კაენი, ნანტი.
1. იტალია. 2. ესპანეთი. 3. საბჭოთა კავშირი

1985. შტუტგარტი, ლევერკუზენი, კარლსრუე
1. საბჭოთა კავშირი. 2. ჩეხოსლოვაკია. 3. იტალია

1987. ათენი
1. საბერძნეთი. 2. საბჭოთა კავშირი. 3. იუგოსლავია.

1989. ზაგრები
1. იუგოსლავია. 2. საბერძნეთი. 3. საბჭოთა კავშირი



გოჩა კაჭარავა



 

0.181877