სტატიები

20:50 | 29.08.2011 | ნანახია [] - ჯერ

საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატების ისტორია (მეშვიდე ნაწილი. ევროპის 2001 და 2003 წლების ჩემპიონატები)

ოცდამეერთე საუკუნის ევროპის პირველ ჩემპიონატზე კონტინენტის საუკეთესო ნაკრებებმა საკვალიფიკაციო ბარიერი წარმატებით გადალახეს და თურქეთში ჩატარებულ ტურნირზე თავი შემდეგი ქვეყნების ეროვნულმა ნაკრებებმა მოიყარეს: იუგოსლავია, თურქეთი, ესპანეთი, გერმანია, რუსეთი, საფრანგეთი, ხორვატია, ლატვია, საბერძნეთი, ისრაელი, ლიტვა, ბოსნია, ესტონეთი, სლოვენია, უკრაინა. კალათბურთის მოყვარულები დამაინტრიგებელი ორთაბრძოლების მოლოდინით იყვნენ. მათი იმედი გამართლდა, თუმცა, მაინც არავინ ელოდა, იუგოსლავია ასე ადვილად თუ გაიკვლევდა გზას ფინალური მატჩისკენ. გადამწყვეტ შეხვედრამდე დეიან ბოდიროგამ და კომპანიამ ჯგუფში 3 შეხედრა, თითოც მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში ჩაატარა და არც ერთ მათგანში მოწინააღმდეგეს მოგების იოტისოდენა შანსიც არ დაუტოვა. თავად განსაჯეთ – ბალკანელებმა ბალტიისპირულ 2 ქვეყანას, ესტონეთსა (113:58) და ლატვიას (114:78) ლამის ორმაგი ანგარიშით სძლიეს და არც ხორვატიასთან (80:66), გერმანიასა (86:73) და ნახევარფინალში ესპანეთთან (78:65)ასპარეზობების მსვლელობისას დაეჭვებული ვინმე სვეტოსლავ პეშიჩის მიერ გაწვრთნილი გუნდის საბოლოო წარმატებაში. სერბებისგან განსხვავევებით, ფინალამდე დრამატული გზა განვლო ჩემპიონატის მასპინძელმა თურქეთმა. 5 შეხვედრა ჩაატარეს მცირეაზიელებმა, რომელთაგან 4 მოიგეს, მაგრამ ქულათა ბალანსი... უარყოფითი ჰქონდათ. თურქებმა ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა სლოვენიასთან 14 ქულის სხვაობით წააგეს (57:71), ლატვიას (85:82), ესპანეთს (84:79), ხორვატიასა (87:85) და გერმანიას (79:78) კი მისხალი უპირატესობით მოუგეს. განსაკუთრებით რთული ნახევარფინალში ჩვენი კარგი ნაცნობის, ფინელი სპეციალისტის ჰენრიკ დეტმანის დამოძღვრილი ალემანების ძლევა გამოდგა.. დარბაზში საშინელი ღრიანცელი იდგა, რამაც გერმანელები ვერ გატეხა, მაგრამ მსაჯებზე ზეგავლენა კი მოახდინა. არბიტრებმა რამდენჯერმე საორჭოფო სიტუაციაში გადაწყვეტილება შეჯიბრების ორგანიზატორი ქვეყნის ნაკრების სასარგებლოდ მიიღეს, ოვერტაიმში კი თურქებს უფრო მტკიცე ნერვები აღმოაჩნდათ.
ბალკანურ-ანატოლიური საფინალო დაპირისპირების ფავორიტი იუგოსლავია იყო, თუმცა, ჩემპიონობისთვის ბრძოლის დასკვნითი მატჩისს პეციფიკისა ხომ მოგეხსენებათ. თანაც, თურქმა ქომაგებმა “თავი გაიგიჟეს” (ფინალს 12 ათასი მაყურებელი დაესწრო) და მათ საყვარელ კალათბურთელებსაც პირველ პერიოდში ყველაფერი გამოსდიოდათ. ბესოკისა და ქუთლუაის წყალობით მასპინძლები 7:0 დაწინაურდნენ, მატჩისთვის განკუთვნილი პირველი ათწუთიანი მონაკვეთი კი 22:15 მოიგეს. მეორე მეოთხედის დასაწყისში პეშიჩმა ტაქტიკა შეცვალა. მან სათამაშოდ დრობნიაკის ნაცვლად სტოიაკოვიჩი შეუშვა. ამის შემდეგ იუგოსლავიელთა ხუთეულში 4 უკანახაზელი აღმოჩნდა, რამაც მათი შეტევები უფრო სწრაფი გახადა. პეშიჩის ბიჭებმა ზედიზედ 6 შედეგიანი იერიში დააგვირგვინეს ზუსტი ტყორცნებით, მატჩის ის მონაკვეთი 12:4 მოიგეს და ანგარიშშიც დაწინაურდნენ – 31:30. გარკვეული კორექტივები თურქთა მწვრთნელმა აიდინ ორსიმაც შეიტანათავისი გუნდის თამაშში და ტაიმი ოსმალთა იმპერიის შთამომავლებმა თავიანთვის მომგებიანი ბალანსით დაასრულეს – 40:38. ბუნდოვანი ვითარება მესამე პერიოდშიც გაგრძელდა, დასკვნით 10 წუთში კი ბოდიროგასა და სტოიაკოვიჩის შეჩერება თურქთა ძალას აღემატებოდა. პირველმა მათგანმა 18 ქულა შესძინა იუგთა ყულაბას, მეორემ – 15, რამაც დიდწილად განაპირობა სერბთა და ჩერნოგორიელთა გაერთიანებული საკალათბურთო ნაკრების მორიგი ტრიუმფი კონტინენტის პირველობაზე. ოცდამეერთე საუკუნეში კი იუგოსლავიამ ყველაზე დიდ წარმატებას ერთი წლის შემდეგ, ამერიკულ ინდიანაპოლისში ჩატარებულ მსოფლიოს პირველობაზე მიაღწია. მოგეხსენებათ, ნატოს ავიაციამ თვენახევრის განმავლობაში როგორი სასტიკი დაბომბვა მოუწყო იუგოსლავიას. ამის მიუხედავად, სერბები მორალურად არ გატყდნენ და უსამართლოდ დაწესებული სანქციების გაუქმების შემდეგ (რაც საკალათბურთო ნაკრების მცირეხნიანი იზოლაციითაც გამოიხატა) მართლმადიდებელმა სამხრეთსლავებმა რევანშის აღება სპორტულ არენაზე გადაწყვიტეს. ინდიანაპოლისში იუგოსლავიამ პლანეტის უპირველესი ნაკრების წოდება დაიმსახურა (ამერიკელთა “დრიმ თიმი” სამეულს მიღმა დარჩა), რაც ბელგრადის ქუჩებში გასულმა მილიონზე მეტმა ადამიანმა იზეიმა. 2001 წლის ევროპის პირველობასა და მის ფინალს თუ დავუბრუნდებით, ისიც ხაზგასასმელია, რომ გადამწყვეტ პერიოდში თურქთა თამაშის გაფერმკრთალება მეჰმეთ ოქურის ტრავმამაც გამოიწვია. შეუძლოდ მყოფმა მძიმე ფორვარდმა ასპარეზობის ბოლო მონაკვეთი სათადარიგოთა სკამზე გაატარა, რამაც პეშიჩის ბიჭებს დასახული ამოცანის გადაჭრა ერთი-ორად გაუიოლა – 78:69. მაშ ასე, ევროპის ჩემპიონები გახდნენ: დეიან ბოდიროგა, ვესელინ პეტროვიჩი, საშა ობრადოვიჩი, იგორ რაკოჩევიჩი, პრედრაგ სტოიაკოვიჩი, პრედრაგ სტოიაკოვიჩი, ვლადო შეპანოვიჩი, მარკი იარიჩი, პრედრაგ დრობნიაკი, დრაგან ტარლაჩი, დეიან მილოევიჩი, დეიან ტომაშევიჩი და მილიან გუროვიჩი. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი სტოიაკოვიჩის შედეგიანი თამაშია. მან მთელი ტურნირი სტაბილურად ჩაატარა და საშუალოდ მატჩში 23 ქულას აგროვებდა. მართლაც მშვენიერი მაჩვენებელია, თუმცა, ამ მხრივ ნბა-ს 2011 წლის ჩემპიონმა დირკ ნოვიცკიმ აჩვენა. გერმანელ ფორბარდს ევრო-99-ზე ჰქონდა დებიუტი და თუკი მაშინ დირკი “მხოლოდ” 15 ქულით ამწარებდა მოწინააღმდეგეებს, თურქეთის საკალათბურთო პარკეტებზე ნოვიცკის შედეგი პრაქტიკულად გაორმაგდა (28.7). მესამე ადგილისთვის ჩატარებულ მატჩში დირკმა ესპანელებს 43 ქულა ჩაუგდო და პირენელთა ცენტრებს ფარიდან ასხლეტილი ბურთი 15-ჯერ “ააწაპნა”. გერმანელები ბრინჯაოს რომ ვერ შეწვდნენ, დიდწილად ესპანელთა დებიუტანტის პაუ გასოლის დამსახურებაა. მან ნოვიცკის მსგავსად მოედანზე 39 წუთი გაატარა და ორმაგი დუბლიც გაახერხა (31 ქულა, 10 მოხსნა). 9 ათასი მაყურებლის თანდასწრებით კი ესპანეთმა 99:90 მოიგო. 2006 წელს კი პირენელთა მიერ მსოფლიოს პირველობის მოგებაში გასოლმა (იგი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს) ლომის წილი დაიდო.
“საკალათბურთო გეოგრაფიამ” გაფართოება 21-ე საუკუნეშიც გააგრძელა. მარაქაში პრაქტიკულად კონტინენტის ყველა ქვეყანა გაერია, რისი დამადასტურებელი შვედეთისთვის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მინიჭება გახლდათ. კალათბურთის ქართველ ქომაგებს შევახსენებთ, რომ სკანდინავიის ყველაზე დიდი სახელმწიფოს ნაკრების წინააღმდეგ ჩვენი ქვეყნის ეროვნულმა გუნდმა ევრო2001-ის 2 შესარჩევი შეხვედრა ჩაატარა და თუ შვედებმა თავიანთ პარკეტზე ძლივს მოგვიგეს, თბილისის სპორტის სასახლეში მათი უპირატესობა უფრო თვალნათლივ გამოჩნდა. 2003 წლის შემოდგომის დასაწყისში კი ხუთმა ჩედილოურმა ქალაქმა შემდეგ ნაკრებებს უმასპინძლა: ლიტვა, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, საბერძნეთი, სერბია-ჩერნოგორია, ისრაელი, რუსეთი, გერმანია, სლოვენია, ხორვატია, თურქეთი, ლატვია, უკრაინა, ბოსნია. ჩხადია, მონაწილეთა შორის ტურნირის ორგანიზატორი შვედეთიც იყო.
ლიტვის მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ბალტიისპირელთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გაბრწყინებას ელოდნენ. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ კონტინენტის 1937 და 1939 წლების ტრიუმფატორებმა შვედეთის დარბაზებში იყოჩაღეს და მესამედ გახდნენ ევროპაში საუკეთესონი. არადა, ლიტველებს შემადგენლობაში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავები არ ჰყავდათ, სამაგიეროდ, ბალტიისპირელებს ზურგს უმდიდრესი საკალათბურთო ტრადიცია უმაგრებდათ, მათი გუნდი კი ტრადიციულად გამართულ კალათბურთს თამაშობდა. სწორედ ამ თვისებების გამო ლიტველებმა სიდნეის 2000 წლის ოლიმპიური თამაშების დრამატულ ნახევარფინალში კინაღამ ამერიკელთა “ოცნების გუნდს” მოუგეს, საბოლოოდ კი ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს. შვედეთის ტურნირზე ლიტველთა შორის საუკეთესო შარუნას იასიკიავიჩუსი გამოდგა. ტურნირის მსვლელობისას მან მიაღწია იმას, რასაც ნბა-ში მოასპარეზენი ვერ შესწვდნენ – სარუნასი შეჯიბრების საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და რაც მთავარია, მკერდი ოქროს მედლით დაიმშვენა.
ლიტველებს სასტარტო მატჩში მეზობელ ლატვიელებთან გაუჭირდათ (92:91), ნახევარფინალამდე კი მეტ-ნაკლებად უპრობლემოდ მივიდნენ. ანტანას სირეიკას გუნდმა ისრაელს (94:62), გერმანიას (93:71) და სერბია-ჩერნოგორიას (98:82) საკმაოდ დამაჯერებელი ჰანდიკაპით მოუგო. ნახევრაფინალში ლიტველები ფრანგებს შეხვდნენ. ტონი პარკერისა და მისი პარტნიორების წინააღმდეგ გამოსვლისას ბალტიისპირელებს კი გაუჭირდათ, მაგრამ საბოლოოდ ტაქტიკურად გამართული თამაშის მეშვეობით იასიკიავიჩუსმა და კომპანიამ ფინალში გამოსვლის უფლება სავსებით დამსახურებულად მოიპოვა (74:70). გადამწყვეტ მატჩში ასპარეზობა ესპანელებმაც დაიბევეს, რაც წინა ჩემპიონატთან შედარებით უკვე წინგადადგმული ნაბიჯი იყო, თუმცა, მონჩო ლოპესის მიერ შერჩეულ-გაწვრთნილი ნაკრები მხოლოდ ოქროს მედლების დაუფლების სურვილით გავიდა ლიტველთა წინააღმდეგ საბრძოლველად. თავიდან ჩრდილოელებს გაუჭირდათ, მაგრამ მეორე მეოთხედიდან მოყოლებული პირენელებმა ვერაფერი მოუხერხეს არვიდას მაციაუსკას-შარუნას იასიკიავიჩუსი ტანდემს. პირველმა ჯერ კიდევ სერბია-ჩერნოგორიასთან მეოთხედფინალში ითამაშა დიდებულად, ევროპის ჯერ კიდევ მოქმედ ჩემპიონს 20 ქულა ჩაუგდო და ნახევარფინალისკენ მიმავალი გზა მოუჭრა. ჩემპიონობისთვის გამართულ გადამწყვეტ მატჩში კი არვიდასმა სულაც 21 ქულას მოუყარა თავი. ჩვეულ მაღალ დონეზე იასპარეზა იასიკიავიჩუსმა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშემ. მართალია, ამჯერად მხოლოდ 10 ქულა გააკეთა, მაგრამ ლიტველთა ლიდერმა დისპეტჩერის ფუნქციებიც წარმატებით იტვირთა, რასაც შარუნასის პარტნიორთა მისამართით შესრულებული 9 შედეგიანი გადაცემაც მოწმობს. სირეიკას გუნდმა პირველი ტაიმი 40:31 მოიგო, შესვენების შემდეგ კი ცხრაქულიანი ჰანდიკაპი შეინარჩუნა და მატჩთან ერთად (93:84) ევროპის ჩემპიონობა მოიგო. 64 წლიანი პაუზის შემდეგ ლიტვას ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლები შემდეგმა მოთამაშეებმა მოუტანეს: გიედრიუს გუსტასი, მინდაუგას ჟუკაუსკასი, არვიდას მაციაუსკასი, საულიუს შტრომბერგასი, რამუნას შიშკაუსკასი, დარიუს სონგაილა, დონატას სლანინა, ეურელიუს ჟუკაუსკასი, კშიშტოფ ლავრინოვიჩი, შარუნას იასიკიავიჩუსი, დაინიუს შალენგა და ვირგილიუს პრასკიავიჩუსი. ფინალის ყველაზე წარმატებული მოთამაშე კი 36 ქულით და 12 მოხსნით პაუ გასოლი აღმოჩნდა.
მესამე ადგილისთვის ჩატარებულ შეხვედრაში იტალიამ მეხობელ საფრანგეთს 69:67 მოუგო. ისევე, როგორც ლიტვასთან ნახევარფინალში, ტონი პარკერს “სკუადრა აძურასთანაც” შეეძლო თამაშის ოვერტაიმში გადაყვანა, მაგრამ ამჯერადაც დასკვნითი ტყორცნის სიზუსტემ უმტყუნა. ტურნირის “ოლ სტარი” (ჩვენებურად სიმბოლური ხუთეული) კი ასე გამოიყურებოდა: ტონი პარკერი (საფრანგეთი), შარუნას იასიკიავიჩუსი (ლიტვა), ანდრეი კირილენკო (რუსეთი), საულიუს შტრომბერგასი (ლიტვა), პაუ გასოლი (ესპანეთი).


2001. ანკარა, სტამბოლი, ანთალია
1. იუგოსლავია. 2. თურქეთი. 3. საფრანგეთი

2003. ბორასი, ლულეო, ნორჩეპინგი, სედერტელიე, სტოკჰოლმი
1. ლიტვა. 2. ესპანეთი. 3. იტალია.




გოჩა კაჭარავა



 

0.172919