სტატიები

18:02 | 22.08.2011 | ნანახია [] - ჯერ

საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატების ისტორია (IV ნაწილი. XX საუკუნის 70-იანი წლები)

თუკი საფრანგეთის ნაკრების შედეგს არ გავითვალისწინებთ, მეოცე საუკუნის 70-იან წლებამდე ევროპის ჩემპიონატების პრიზიორები ძირითადად კონტინენტის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნები საბჭოთა კავშირი, იუგოსლავია, ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, ლიტვა, ლატვია, პოლონეთი, ბულგარეთი ხდებოდნენ. დავაში ხანდახან იტალია, საბერძნეთი და ესპანეთი ერეოდა (აფრიკული ეგვიპტე ევროპირველობებზე იშვიათად თამაშობდა), 1971 წლამდე კი ფრანგებმა ოთხჯერ მოახერხეს საკალათბურთო ევროკვარცხლბეკზე ასვლა. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მაღალი კლასის მოთამაშეები საკმარისი რაოდენობით იყვნენ, რომელთაგან განსაკუთრებით 1963 წლის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელი, ესპანელი ემელიანო როდრიგესი, ფრანგი ბენო, ფინელი ვეიკო ვაინიო, ბერძენი კოლოკიტასი, იტალიელი სანდრო რიმინუჩი გამოირჩეოდნენ, მაგრამ სანაკრებო დონეზე მათი ქვეყნების ეროვნული გუნდები სტაბილურად მაღალ დონეზე გამოსვლას ვერა და ვერ ახერხებდნენ.
დაახლოებით 40 წლის წინათ კი ვითარების კარდინალურად შეცვლა დაიწყო. პირველებმა კი იტალიელებმა შეძლეს “ამა ქვეყნის ძლიერთა” შევიწროება. აპენინის ნახევარკუნძულზე 2 პენომენალური შესაძლებლობების მქონე მოთამაშის, დინო მენეგინისა და პიერლუიჯი მარზორატის საკალათბურთო პარკეტზე გამოჩენის შემდეგ იტალიელებმა ჯერ საკლუბო დონეზე მოახერხეს ფურორის მოხდენა. განსაკუთრებით კარგად იტალიის ჩრდილოეთით მდებარე პატარა ქალაქ ვარეზეს “ინისი” (ეს გუნდი პრაქტიკულად ყოველწლიურად იცვლიდა სპონსორს, ამიტომაც ხშირად სახელიც ეცვლებოდა) გამოდიოდა. გუნდი ზედიზედ 10-ჯერ გავიდა ჩემპიონთა თასის ფინალში და მოსკოვისცსკა-სა და თელ-ავივის “მაკაბისთან” მძაფრი დაპირისპირებისას 5-ჯერ შეძლო კონტინენტის უპირველესი საკლუბო-საკალათბურთო ტურნირის მოგება. თანდათან ხელი “სკუადრა აძურამაც” გამოიღო. იტალიის ნაკრებმა გასული საუკუნის 70-იან წლებში ჩატარებულ ევროპის 5 პირველობაზე ორჯერ მოახერხა ბრინჯაოს მედლების აღება, მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადაზე კი ფინალამდე გაარწია და გადამწყვეტი მატჩი იუგოსლავიას (ტურნირზე აშშ არ მონაწილეობდა) დაუთმო.
იუგოსლაველებს რაც შეეხება, ბალკანელები უკვე წინა ათწლეულში უწევდნენ დიდ წინააღმდეგობას საბჭოთა კავშირს, 70-იან წლებში კი უკვე მოწინავე პოზიციაზე გაიჭრნენ. ამ დეკადაში მათ სამჯერ მოახერხეს ევროპის ჩემპიონობის მოპოვება, თითოჯერ კი მეორე და მესამე ადგილებს შესწვდნენ. ყველაზე დიდი გამარჯვება კი სამხრეთსლავთა ფედერაციულმა რესპუბლიკამ 1970 წელს მიაღწია. მანამდე საკალათბურთო მსოფლიოს ჩემპიონატები სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში (არგენტინა, ბრაზილია, ჩილე, ურუგვაი) ტარდებოდა. და აი, 1970-ში პლანეტის უძლიერესი ნაკრებები სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში შეიკრიბნენ. საბჭოთა კავშირი იუგოსლავიაში მსოფლიოს ჩემპიონის რანგში ჩავიდა (სსრკ-მ დიდწილად ზურაბ საკანდელიძის შეუდარებელი თამაშის წყალობით მოიგო პლანეტის პირველობა) და მიუხედავად იმისა, მომავალი გამარჯვებული იუგოსლავია რომ დაამარცხა – 87:72, ჩემპიონობა მაინც ტურნირის მასპინძლებს ხვდათ წილათ. ეს იუგოსლავური კალათბურთის პირველი საერთაშორისო ტრიუმფი გახლდათ.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, დასავლეთგერმანულ ესენსა და ბობლიგენში ჩასატარებელ ევროპის პირველობას კალათბურთის მოყვარულები მოუთმენლად ელოდნენ. კონტინენტის მრავალგზის ჩემპიონ საბჭოთა კავშირს სურდა დაემტკიცებინა, რომ სლოვენიური მარცხი შემთხვევითი იყო, ხოლო იუგოსლავებს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის კონტინენტის უპირველესი ნაკრების წოდების მიმატებაც გულით ეწადათ. კრეშიმირ ჩისიჩი და მისი პარტნიორები საამისოდ მონდომებით ემზადებოდნენ. გაძლიერდა იუგოსლავთა სამწვრთნელო შტაბიც. მთავარი მწვრთნელის რანკო ჟერავიცას ასისტენტად მირკო ნოვოსელი დაინიშნა, რომელიც მომავალში წარმატებით დამრიგებლობდა ბალკანელთა ნაკრებს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი კი ის გახლდათ, რომ ზურაბ საკანდელიძესთან ერტად, ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზა მიხეილ ქორქიამ. მოგვიანებით საბჭოთა ნაკრების წევრები ერთხმად აღიარებდნენ, რომ ესენსა და ერთი წლის შემდეგ მიუნხენში, ოლიმპიადის მოგებაში ლომის წილი ქართველ მოთამაშეებს მიუძღვით. ამერიკელებთან 1972 წლის დრამატული ფინალის “ოქროს პასის” ავტორი ივან ედეშკო იგონებს, როცა მწვრთნელები პარკეტზე საკანდელიძესა და ქორქიას გაიყვანდნენ სათამაშოდ, განუყრელი მეგობრები ერთმანეთს “მიშიკო, ზურიკოს” შესძახებდნენ და ცეცხლოვანი თამაშიც იწყებოდაო. ჰოდა, ზუსტად ასეთი “ცეცხლოვანი” ასპარეზობის შედეგად საბჭოთა გუნდმა ესენის ტურნირზე ფინალამდე დამაჯერებლად სძლია ყველა მეტოქეს (რუმინეთი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, საფრანგეთი, პოლონეთი, ესპანეთი, იტალია), განსაკუთრებით კი პირენელები და აპენინელები დაჩაგრა. სსრკ-მ ესპანეთს 118:58 მოუგო, იტალიას – 93:66. მეტნაკლებად უპრობლემოდ გაიკაფეს გზა გადამწყვეტ მატჩამდე იუგოსლავებმაც. მათ მხოლოდ სასტარტო შეხვედრაში გაუჭირდათ ბულგარეთთან (70:69), დანარჩენ ოპონენტებს კი 2 ათეულ ქულაზე მეტი ჩაუგდეს, ვიდრე საკუთარ კალათში მიიღეს. ფინალში საბჭოელთა მთავარი პრობლემა ჩოსიჩის გაუვნებელყოფა იყო. ამ ამოცანას პირნათლად გაართვა თავი ალჟან ჟარმუხამედოვმა (წარმოშობით უზბეკი მოსკოვის ცსკა-ში თამაშობდა), რომელმაც ტურნირის საუკეთესო მოთამაშე შებოჭა. სსრკ-მ ზედიზედ მერვედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა. საკალნდელიძემ კარიერაში  კონტინენტის პირველობისთვის განკუთვნილი მეოთხე ოქროს მედალი დაიმსახურა, ქორქიამ – პირველი.
მოგეხსენებათ, ამ ქვეყნად დასასრული ყველაფერს აქვს და 1973 წელს ევროპის ჩემპიონატებზე წერტილი დაესვა საბჭოთა კავშირის უძლეველობასაც. მიუნხენის ოლიმპიადაზე გაჩემპიონების შემდეგ ვლადიმერ კონდრაშინის გუნდის პირველი ოფიციალური სტარტი სწორედ კატალონიის 2 ქალაქში ჩატარებული ევროპის პირველობა იყო. “მიუნხენის შემადგენლობიდან” ნაკრებში ამჯერად ვერ ითამაშეს ოლიმპიადის გმირებმა ალექსანდრ ბელოვმა, ალჟან ჟარმუხამედოვმა, და მიხეილ ქორქიამ. ტრავმის გამო ვერ გაემგზავრა ესპანეთს მოსკოვის ცსკა-ს 215 სმ სიმაღლის მეფარე ვლადიმირ ანდრეევიც. ამის მიუხედავად, გუნდმა ნახევარფინალამდე უპრობლემოდ გააღწია (ხუთივე ოპონენტს სათითაოდ 20 ქულაზე მეტი სხვაობით მოუგო), იქ კი მეტოქედ მასპინძელთა ნაკრები ელოდა. კატალონელებმა პირადი ამბიცია დროებით გვერდით გადადეს და გულმხურვალედ უქომაგეს ესპანეთის ეროვნულ გუნდს. მითუმეტეს, პირენელთა ნაკრებში “ბარსელონას” კალათბურთელებიც თამაშობდნენ. დაძაბულ ორთაბრძოლაში ესპანელებმა 80:76 მოიგეს, მათ გამარჯვებაში კი ყველაზე დიდი როლი ნატურალიზებულმა ამერიკელებმა, კლიფორდ ლიუკმა და უეინ ბრაბენდერმა შეასრულეს. ეს უკანასკნელი ლამის 2 ათეული წლის განმავლობაში იცავდა მადრიდის “რეალის” ღირსებას და წარმატებული კარიერის მიწურულს, ესპანელებს ბრაბენდერის წარმომავლობა აღარც კი ახსოვდათ, “სისხლით კასტილიელად” თვლიდნენ. ფინალი კი ნაკლებად საინტერესო გამოდგა. იუგოსლავები თავიდანვე დაწინაურდნენ, პირველი ტაიმი 43:31 მოიგეს, საბოლოოდ 78:67 გაიმარჯვეს და პირველად გახდნენ ევროპის ჩემპიონები. მესამე ადგილისთვის ჩატარებულ შეხვედრაში კი საბჭოთა ნაკრებმა ჩეხოსლოვაკიაზე “იძია შური” – 90:58. სხვებთან ერთად, ბრინჯაოს მედლები ზურაბ საკანდელიძესა და სერგეი კოვალენკოსაც ერგოთ.
იუგოსლავებმა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონთა წოდება ისე მოიპოვეს, საბჭოთა ნაკრებისთვის მოგებული არ ჰქონდათ. და აი, საამისო დროც დადგა. 1975 წლის კონტინენტის პირველობას სერბიისა და ხორვატიის ორ-ორმა ქალაქმა უმასპინძლა. ცხადია, ბალკანელებს ბარსელონაში მოპოვებული ტიტულის დაცვა სურდათ. მათ გუნდში მოულოდნელად მთავარი მწვრთნელი შეიცვალა. რანკო ჟერავიცა მისმა ასისტენტმა მირკო ნოვოსელმა შეცვალა. ახალმა დამრიგებელმა ნაკრებში ბოსნიელ მირზა დელიბაშიცს უხმო, რომელმაც ტურნირზე გასაოცარი სიზუსტის ტყორცნებით გამოიჩინა თავი. ფინალი ბელგრადში, სპეციალურად ევროპის ჩემპიონატისთვის აშენებულ “პიონირ ჰოლში” ჩატარდა. სერგეი ბელოვის დიდებულ გამოსვლას (მან 29 ქულას მოუყარა თავი), იუგოსლავებმა კოლექტიური კალათბურთი დაუპირისპირეს და თავიანთი გულშემატკივრის საბედნიეროდ, 90:84 მოიგეს. ასე და ამგვარად, საბჭოთა კავშირის ნაკრებმა პირველად წააგო ევროფინალი. ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მიხეილ ქორქიამ კი კონტინენტის პირველობის ვერცხლის მედლით გაიმდიდრა სამედლო კოლექცია.
მიშამ 1977 წელსაც ანალოგიური სინჯის მედალი დაიმსახურა. ბელგიაში გამართული ტურნირის დაწყებამდე ყველა ერთხმად იუგოსლავიას მიიჩნევდა ფავორიტად. სამხრეთსლავთა რჩეულმა გუნდმა უპრობლემოდ გააღწია ფინალამდე, ლიეჟში კი ნოვოსელის გუნდმა გომელსკისას წარმატების მიღწევის ილუზია თავიდანვე მოუსპო. პირველი ტაიმი ბალკანელებმა 42:27 მოიგეს, შესვენების შემდეგაც მოწინააღმდეგე ახლოს არ მიუშვეს, საბოლოოდ 74:61 მოიგეს და ზედიზედ მესამედ დაიმსახურეს ევროპის ჩემპიონის წოდება. გადამწყვეტი შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ალექსანდრ იაკოვლევიჩ გომელსკიმ აღიარა, იუგოსლავიის დღევანდელ ნაკრებს პლანეტის ყველა დროის საუკეთესო გუნდად ვთვლიო...
1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ფილიპინებზე ჩატარდა. იუგოსლავებმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინეს და კონტინენტის სამგზის გამარჯვებულის წოდება, პლანეტის პირველობის ორგზის ტრიუმფატორით “გაამაგრეს”. ვფიქრობთ, დიდი გულთმისნობა არ სჭირდება იმას, თუ რომელ ნაკრებს უწინასწარმეტყველებდნენ წარმატებას 1979 წელს მეზობელ ქვეყნებში, სლოვენიასა და იტალიაში დაგეგმილ ტურნირზე. ჩემპიონატის მთავარი სენსაცია ჯგუფურ ეტაპზე მოხდა. მიკი ბერკოვიჩის გაწვრთნილმა ისრაელმა პლანეტისა და კონტინენტის მოქმედი ჩემპიონი გაამწარა (77:76). ფინალში გასასვლელად იუგოსლავებს სსრკ-სთვის უსიკვდილოდ უნდა მოეგო. ასეც მოხდებოდა, ვლადიმირ კონდრაშინის აღზრდილის სერგეი ტარაკანოვის (მოგვიანებით ლენინგრადის “სპარტაკიდან” მოსკოვის ცსკა-ში გადაბარგდა) ბრწყინვალე თამაში რომ არა. შავგრემანმა უკანახაზელმა მხოლოდ მეორე ტაიმში 21 ქულა დააგროვა და იუგებს მიჯრით მეოთხედ გაჩემპიონების შანსი მოუსპო. ფინალი კი ნაკლებად საინტერესო გამოდგა. გომელსკის გუნდი ანგარიში სხვაობას პირველი წუთიდან ბოლომდე ზრდიდა და საფინალო სირენამ საბჭოელებთან სიონისტური სახელმწიფოს საკალათბურთო წარმომადგენლის ჩამორჩენა 22 ქულით გამოსახა.
სპორტის ქართველ ქომაგთათვის გულდასაწყვეტი კი ის იყო, ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში პირველად საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ჩვენი თანამემამულეების გარეშე რომ იასპარეზა.
 
1971. ესენი, ბობლინგენი (გფრ)
1. საბჭოთა კავშირი. 2. იუგოსლავია. 3. იტალია.

1973. ბადალონა, ბარსელონა (ესპანეთი)
1. იუგოსლავია. 2. ესპანეთი. 3. საბჭოთა კავშირი

1975. ბელგრადი, სპლიტი, კარლოვაცი, რიეკა (იუგოსლავია)
1. იუგოსლავია. 2. საბჭოთა კავშირი.3. იტალია

1977. ლიეჟი, ოსტენდე (ბელგია)
1. იუგოსლავია. 2. საბჭოთა კავშირი. 3. ჩეხოსლოვაკია

1979. გორიცა (იუგოსლავია), მესტრე, სიენა, ტურინი (იტალია)
1. საბჭოთა კავშირი. 2. ისრაელი. 3. იუგოსლავია


    

გოჩა კაჭარავა




 

0.156923