გასული საუკუნის 60-იან წლებში ევროპაში კალათბურთი კიდევ უფრო განვითარდა და თუკი წინა დეკადებში კონტინენტის პირველობების საპრიზო ადგილებისთვის ძირითადად 4 ნაკრები იბრძოდა, ამჯერად წამყვან გუნდთა დონე მეტ-ნაკლებად გათანაბრდა და კვარცხლბეკზე ადგილის დასამკვიდრებლად ფიცხელი ორთაბრძოლები მიმდინარეობდა. საბჭოთა კავშირის ნაკრები კი კვლავ უკონკურენციო იყო. წინა ათწლეულებში წითელი ფორმით მოასპარეზე “გიგანტებმა” მხოლოდ ერთი ჩემპიონატი “ჩააგდეს” (1955-ში გუნდი მხოლოდ ბრინჯაოს შესწვდა, რაც მოსკოვში ლამის კატასტროფად აღიქვეს), 1961-69 წლებში ჩატარებული 5 პირველობიდან სსრკ-მ ხუთივე მოიგო და თუ 1957-59 წლებში მოპოვებულ ჩემპიონობასაც თუ მივიღებთ მხედველობაში, ზედიზედ 7 ტრიუმფს მივიღებთ. თანაც, საბჭოელებმა ევროპის სხვადასხვა ქალაქის დარბაზებში მიჯრით 55 მატჩი მოიგეს, რაც ასევე მიუღწეველ მაჩვენებლად დარჩა მომავალი თაობების კალათბურთელთათვის.
კონტინენტის საკალათბურთო პირველობებზე მოასპარეზეთა მსურველთა რაოდენობა განუხრელად იზრდებოდა, ამიტომაც ფიბამ გადაწყვიტა 1961 წლის ტურნირის დასრულების შემდეგ საკვალიფიკაციო შეჯიბრებები მოეწყო, რომელთაც ევროპის ჩემპიონატის 16 მონაწილე უნდა გამოევლინა. 1961-ში კი გული არც ერთი ქვეყნის ფედერაციას არ დასწყვიტეს და რომელმაც საშეჯიბრო განაცხადო დროზე წარადგინა ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტში, ყველას იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქ ბელგრადში გამოსვლის უფლება დართეს.
იმ პერიოდში საბჭოთა გუნდში თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობდა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ გომელსკიმ ნაკრებში ახალი თაობის კალათბურთელებს უხმო, რომელთა შორის თბილისის დინამოელი ვლადიმერ უგრეხელიძეც გახლდათ. საერთოდ, საბჭოთა კალათბურთის ყველაზე ტიტულოვან მწვრთნელს, აშშ-იში მოქმედი “დიდების დარბაზის” წევრს გომელსკის განსაკუთრებული დამოკიდებლება ჰქონდა “პტიცას” მიმართ (ისევე, როგორც, კალათბურთის ქართველ ქომაგთა აბსოლუტურ უმრავლესობას) და ერთ-ერთი სატელევიზიო რეპორტაჟის მსვლელობისას უგრეხელიძე მაიკლ ჯორდანსაც კი შეადარა. კარგად გვახსოვს ჩვენ სპორტის სასახლეში ჩატარებული 1971 წლის სეზონის მატჩი თბილისის “დინამოსა” და მოსკოვის ცსკა-ს შორის. უგრეხელიძე თავის ბრწყინვალე კარიერას უკვე ასრულებდა და მოედანზეც ბევრ დროს უკვე აღარ ატარებდა. არმიელებთან დაპირისპირებისას კი “პტიცამ” ლამის მთელი მატჩი გაატარა პარკეტზე, ფლანგიდან ზუსტი ტყორცნების შემდეგ არაერთხელ მოათავსა ბურთი მოსკოველთა კალათში და როდესაც სათადარიგოთა სკამზე დაჯდომის დრომ მოუწია, 11 ათას გულშემატკივართან ერთად ვლადიმერ უგრეხელიძეს ტაშს ფეხზე წამომდგარი ალექსანდრ გომელსკიც უკრავდა... ახლა კი ევროპის პირველობას მივუბრუნდეთ. საბჭოთა გუნდში 12 ლამის ერთნაირი სიძლიერის მოთამაშე ირიცხებოდა, რის გამოც გომელსკის ხშირი ცვლილების გაკეთების საშუალება ჰქონდა. მოედანზე მყოფი ხუთეულის კალათბურთელებიც მოჭარბებული ენერგიით უტევდნენ მოწინააღმდეგის ფარს ან საკუთარს იცავდნენ. გუნდმა განსაკუთრებით დაცვაში თამაში დახვეწა.
იუგოსლავური კალათბურთის აღმავლობა კი სწორედ 1961 წლიდან იღებს სათავეს. ამას ბიძგი დიდწილად ბელგრადში ჩატარებულმა ევროპის ჩემპიონატმა შეუწყო. ადგილობრივმა გულშემატკივარმა ტურნირისადმი დიდი ინტერესი გამოიჩინა, საკუთარი ქვეყნის ნაკრებს გულიანად უქომაგა და ფინალშიც “გაიყვანა”. ტურნირის გადამწყვეტ მატჩში კი სერბების, ხორვატების, ბოსნიელების, სლოვენიელების საუკეთესო კალათბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი საბჭოელებისთვის ოქროს მედლების ჩამორთმევას შეეცადა. 12 ათასი ბალკანელი მაყურებელი ისე აქტიურად უჭერდა მხარს თავისიანებს, კალათბურთელებს არათუ საკუთარ მწვრთნელთა შემჩნევა თუ მითითება-დარიგება, არამედ ხშირად არბიტრთა სასტვენის ხმაც არ ესმოდათ. ევროპის მოქმედი ჩემპიონები თავიდანვე დაწინაურდნენ, თუმცა, “იუგები” მათ ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ და საბჭოელთა ყოველ ზუსტ ტყორცნას თითქმის ყოველთვის ანალოგიური ქმედებით პასუხობდნენ. განსაკუთრებული ეფექტურობით და სიზუსტით რადოვოი კორაჩის სროლები გამოირჩეოდა, თუმცა, გომელსკის გუნდმა მისხალი უპირატესობა მატჩის ბოლომდე მაინც შეინარჩუნა და საბოლოოდ 63:60 გაიმარჯვა.
როგორ ზემოთ მოგახსენეთ, 1963 წლის ევროპის ჩემპიონატის წინ საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები ჩატარდა. გამოვლინდა 16 ნაკრები, რომელიც მოგვიანებით პოლონეთის ქალაქ ვროცლავში შეიკრიბა და კონტინენტის უპირველესი საკალათბურთო ქვეყანა გამოავლინა. მაშ ასე, შესარჩევი ციკლი წარმატებით შემდეგმა ეროვნულმა გუნდებმა გადალახეს: იუგოსლავია, უნგრეთი, ბულგარეთი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, ესპანეთი, ბელგია, ისრაელი, ჩეხოსლოვაკია, რუმინეთი, იტალია, საფრანგეთი, ფინეთი, თურქეთი, ჰოლანდია. ამ ნაკრებებს მოქმედი ჩემპიონი სსრკ და ტურნირის მასპინძელი პოლონეთი დაემატა და მონაწილეები 4 ქვეჯგუფად დაიყვნენ. თითო ჯგუფიდან მეოთხედფინალში 2 საუკეთესო გავიდა. ტურნირის ფავორიტები, საბჭოთა კავშირი და იუგოსლავია ნახევარფინალში უპრობლემოდ გავიდნენ და თითქმის ყველა დარწმუნებული იყო, რომ პირველობისთვის მატჩშიც ერთმანეთის პირისპირ ეს 2 ნაკრები წარსდგებოდა. თუმცა, ასე არ ფიქრობდნენ პირველობის მასპინძელი პოლონელები. მათ ბალკანელებს 83:77 სძლიეს და ფინალისკენაც გაიკაფეს გზა. მეორე ნახევარფინალში კი საბჭოთა გუნდმა უნგრეთს იოლად მოუგო (89:51) და როგორც წინა ჩემპიონატის დროს, ამჯერადაც ოქროს მედლების მოსაპოვებლად ტურნირის ორგანიზატორი ქვეყნის ნაკრები უნდა დაემარცხებინა. პოლონელები იუგოსლავებს კლასით ჩამორჩებოდნენ, ამიტომაც, ამჯერად სსრკ-ის ფინალური მატჩის მოგება არ გასჭირვებია – 61:45. თანაც, პოლონელებმა ქულათა დეფიციტი მაშინ შეამცირეს, როცა ასპარეზობის ბედი უკვე გარკვეული იყო (პირველი ტაიმი საბჭოელებმა 37:18 მოიგეს). სხვებთან ერთად, პირველობა გურამ მინაშვილმაც მოიპოვა. თბილისის “დინამოს” კაპიტანმა ვროცლავში მესამედ დაიკიდა მკერდზე ევროპის ჩემპიონობისთვის განკუთვნილი ოქროს მედალი. 1963 წელს პირველად გამოავლინეს ევროპირველობის საუკეთესო კალათბურთელი. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთმა მოკრძალებული მეშვიდე ადგილი დაიკავა, პირენელთა 187 სმ სიმაღლის ფორვარდი ემილიანო როდრიგესი უძლიერესად აღიარეს. ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კი პოპულარულმა ფრანგულმა სპორტულმა გამოცემა “ეკიპმა” როდრიგესს “ესპანელთა გამანადგურებელი იარაღი” უწოდა.
1965 წელს ევროპის ჩემპიონატმა საბჭოთა კავშირში მეორედ ჩაიარა. ჩვენთვის ეს ტურნირი კი უპირველესად იმითაა გამოსაყოფი, რომ კონტინენტის ჩემპიონატზე პირველად ითამაშა სამოყვარულო კალათბურთის ერთ-ერთმა უკაშკაშესმა ვარსკვლავმა ზურაბ საკანდელიძემ. თბილისის “დინამოს” რეაქტიულმა მცველმა ესტაფეტა ოთარ ქორქიას, ნოდარ ჯორჯიკიას, გურამ მინაშვილის, ვლადიმერ უგრეხელიძესგან ღირსეულად აიტაცა, მოგვიანებით კი ქორქიასა და მინაშვილი შედეგი გააუმჯობესა. თუკი მათ სამ-სამჯერ მოახერხეს ევროპის ჩემპიონობის მოპოვება, 1972 წლის ოლიმპიადის ტრიუმფატორმა და “ოქროს ფოლის” ავტორმა “საკომ” კონტინენტის 1965, 1967, 1969 და 1971 წლების ტურნირებზე გაიბრწყინა და პირველობა დაისაკუთრა.
1965 წლის ევროჩემპიონატზე კონტინენტის პირველობათა ნახევარფინალში პირველად გავიდა იტალიის ნაკრები. ფინალში გასასვლელად კი აპენინელებს მცირედი დააკლდათ. “სკუადრა აძურას” იუგოსლაველთა წინააღმდეგ ურიგოდ არ უთამაშია, მაგრამ მატჩის მიწურულს ბედის სასწორი მაინც ბალკანელთა მხარეს გადაიხარა – 83:82. უპრობლემოდ გავიდნენ ფინალში საბჭოელებიც და არმენაკ ალაჩაჩიანის (იგი მოგვიანებით ემიგრაციაში წავიდა და საზღვარგარეთაც წარმატებული სამწვრთნელო კარიერა ჰქონდა) გუნდმა პირველობისთვის გადამწყვეტ მატჩში კიდევ ერთხელ დააყრევინა ფარ-ხმალი იუგოსლავიას – 58:49. წინა ჩემპიონატის მსგავსად, საუკეთესო ბომბარდირი ისევ კორაჩი გახდა, ზურაბ საკანდელიძესთან ერთად კი ევროპის ჩემპიონი თბილისის “დინამოს” ყოფილი კაპიტანი და მწვრთნელი ამირან სხიერელიც გახდა.
თვისობრივად ახალი ეტაპი დაიწყო 1967 წლიდან. ამ შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატების ჩატარების ორგანიზაციულ დონეს ვგულისხმობთ. ტურნირს ფინეთის ორმა ქალაქმა, ტამპერემ და ჰელსინკიმ უმასპინძლა. პირველად ისტორიაში ევროსაკალათბურთო ბატალიებს თვალი პირდაპირი ეთერით კონტინენტის უდიდესმა ნაწილმა მიადევნა. იდეალური სამუშაო პირობები ჰქონდათ შექმნილი ტურნირზე აკრედიტებულ ჟურნალისტებს. ტამპერესა და ჰელსინკის შორის სარელეო ხაზი “გაავლეს”, რისი წყალობითაც ჩვენი კოლეგები მეორე ქალაქში მიმდინარე შეხვედრას პრესლოჟაში დამონტაჟებული ეკრანის მეშვეობით “ლაივში” უცქერდნენ. ევროპის ჩემპიონატებზე პირველად დაასახელეს ტურნირის სიმბოლური ხუთეული. ყველაზე გასაოცარი კი ისაა, რომ პირველობის 2 უძლიერესი მოთამაშე ზურაბ საკანდელიძე და სერგეი ბელოვი... ამ ხუთეულში არ მოახვედრეს. ჩემპიონატის რჩეული გუნდი კი ასე გამოიყურებოდა: მიეჩისლავ ლოპატკა (პოლონეთი), მოდესტას პაულაუსკასი (სსრკ), იორმა პილკევაარა (ფინეთი), ანატოლი პოლივოდა (სსრკ), ემელიანო როდრიგესი (ესპანეთი).
ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა იუგოსლაველთა მიერ დაკავებული მეცხრე ადგილი. მათმა მთავარმა მწვრთნელმა რანკო ჟერავიცამ უარი თქვა კორაჩისა და კიდევ რამდენიმე ვეტერანის სამსახურზე, ფინეთში ახალბედა კალათბურთელები წაიყვანა (ბალკანელთა გუნდის საშუალო ასაკი 22 წელი იყო), რომელთა შორის გახლდათ 210 სმ სიმაღლის ხორვატი მეფარე კრეშიმირ ჩოსიჩი. ჟერავიცას ამ ნაბიჯმა სათანადო შედეგი ძალიან მალე გამოიღო. 1968 წელს მეხიკოში ჩატარებული ოლიმპიური თამაშების საკალათბურთო ტურნირზე იუგოსლავიამ ფინალამდე გაარწია და გადამწყვეტი მატჩი ფრენკ აიბას გაწვრთნილ ფენომენალურ გუნდთან (მის რიგებში განსაკუთრებით სპენსერ ჰეივუდი ბრწყინავდა) წააგო.
ერთი წლის შემდეგ კი, რანკო ჟერავიცას შეგირდებმა სამხრეთიტალიურ ნეაპოლში ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს. ტურნირის სასტარტო ეტაპზე ჩოსიჩმა და მისმა თანაგუნდელებმა სსრკ-ის 55 მატჩიან წაუგებელ სვლას დაუსვეს წერტილი – 73:61. ამის მიუხედავად, ზურაბ საკანდელიძე და მისი პარტნიორები ფინალში მაინც გავიდნენ და რევანშიც აიღეს – 81:72. გადამწყვეტ მატჩში გომელსკიმ ეშმაკობით აჯობა ვიზავის. ჩოსიჩის “ამოკეტვა” მან გამოცდილ გენადი ვოლნოვს მიანდო. 20 წლის კრეშიმირი დაიბნა, თავისი შესაძლებლობები სრულად ვერ გამოავლინა და მხოლოდ 6 ქულას მოუყარა თავი. საკალნდელიძესთან ერთად კი, ევროპის ჩემპიონობა ჩვენი სასიქადულო მწვრთნელის მიხეილ კეკელიძის აღზრდილმა, თბილისის “ქარიშხალას” ყოფილმა ცენტრმა, მეხიკოს ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანმა სერგეი კოვალენკომ მოიპოვა.
თუკი 1969 წლამდე ევროპის ჩემპიონატის მასპინძლები წარმატებით გამოდიოდნენ და ძირითადად პირველ სამეულში იმკვიდრებდნენ ადგილს (გამონაკლისი ევროკალათბურთის აუტსაიდერი ფინეთი იყო), ამჯერად ტრადიცია დაირრვა – ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა იტალიამ მხოლოდ მეექვსე დაგილი დაიკავა.
1961. ბელგრადი
1. საბჭოთა კავშირი. 2 იუგოსლავია .3. ბულგარეთი
1963. ვროცლავი
1. საბჭოთა კავშირი.2.პოლონეთი. 3. იუგოსლავია
1965. მოსკოვი
1. საბჭოთა კავშირი. 2. იუგოსლავია. 3. პოლონეთი
1967. ჰელსინკი, ტამპერე
1. საბჭოთა კავშირი. 2. ჩეხოსლოვაკია. 3. პოლონეთი
1969. ნეაპოლო, კაზერტა
1. საბჭოთა კავშირი. 2. იუგოსლავია. 3. ჩეხოსლოვაკია
გოჩა კაჭარავა