სხვა

15:23 | 23.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

საიუბილეო გამარჯვება მაკე-კოშის ფონზე

პროფესიული სუმოს უმაღლესი მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე ახალგაზრდა წევრმა, 22 წლის ქართველმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინიმ ელიტარულ დონეზე საიუბილეო მე-100 გამარჯვება იზეიმა, თუმცა, 2010 წლის ივლისის ბაშოს მის აქტივში ნამდვილად ვერ მივათვლით.
ტოჩინოშინი აიჩი პრეფქტურის გიმნაზიუმში მიმდინარე ტურნირს კომუსუბის რანგში შეხვდა, მაგრამ უძლიერეს სეკიტორებთან კონკურენციას ვერ გაუძლო და უარყოფითი ბალანსი ანუ მაკე-კოში ნაადრევად გაიფორმა.
13 დღის თავზე გორგაძის ბალანსი 4 მოგება და 9 მარცხია, რაც მისი წოდებაში დაქვეითების წინაპირობაა. დღეს, ქართველი გოლიათი მე-3 მაეგაშირა ტოკიტენკუს დაუპირისპირდა და მონღოლის დოჰიოდან მოწყვეტა სამჯერ შეძლო, რის შემდეგაც 30 წლის მეტოქე უვატენაგეთი დაამარცხა.
ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მისდარი ბალანსის მქონე იოშიკაძე იქნება, რომელიც მე-8 მაეგაშირას ტიტულს ატარებს. ქართველი სუმოისტი 137-კილოგრამიან იაპონელს შარშან ნოემბერში გადაეყარა და შიტატენაგეთი წააგო.
დადებით ბალანსს (კაჩი-კოში) მიუახლოვდა ქართული სუმოს პიონერი ლევან ცაგურია. კოკაის შიკონათი ცნობილმა 29 წლის სეკიტორმა 6 მარცხის ფონზე მე-7 გამარჯვება მე-7 მაეგაშირა ტოკუსეგავასთან გაიფორმა. “შავმა ზღვამ” მონღოლს მარჯვნიდან უბიძგა და ცუკიოტოშით აჯობა.
კოკაის წოდებაში დასაწინაურებლად ორი დარჩენილი შერკინებიდან ერთის მოგებაც ეყოფა. ჩვენებური კაჩი-კოში გაფორმებას ხვალვე ეცდება, როდესაც ძალებს მე-11 მაეგაშირა ტაკეკაძესთან მოსინჯავს. ზუსტად ერთი წლის წინ, ცაგურია იაპონელს ნაგოიაშივე დაუპირისპირდა და სუკუინაგეთი დაამარცხა.
სამწუხაროდ, უარყოფითი ბალანსი გაიფორმა მაკუუჩის დებიუტანტმა თეიმურაზ ჯუღელმა. გაგამარუს მეტსახელით ცნობილმა 23 წლის ქართველმა მე-8 მარცხი მე-8 მაეგაშირა იოშიკაძესთან განიცადა. ქართველი სუმოისტი ახლადნაოპერაციები იაპონელის სუკუინაგეს ვერ გაუმკლავდა.
აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე გაგამარუს შემდეგი მოწინააღმდეგე მე-11 მაეგაშირა ტაკამისაკარი იქნება. “რობოკოპად” წოდებულმა იაპონელმა ტურნირის მე-11 დღეს კოკაის დამარცხება მოახერხა, ამდენად, ჯუღელი რევანშის აღებას ეცდება.
მორიგ ტიტულამდე ერთი გამარჯვება დარჩა სუმოს შემორჩენილ ერთადერთ იოკოძუნა ჰაკუჰოს. “ერისკაცობაში” მუნხბატ დავააჯარგალის სახელით ცნობილმა სეკიტორმა ივლისის ბაშოზე მე-13, სულ კი მიჯრით 45-ე (!) მოგება ოძეკი კოტოოშუსთან ჭიდილში მოიპოვა და ლეგენდარული ტაიჰოს მიღწევა გაიმეორა.
“თეთრი ფენიქსის” მორიგი სამიზნე ტიონოფუძია, რომელსაც ზედიზედ 53 გამარჯვება აქვს მოპოვებული, შემდეგ კი ფუტაბიამა მოდის, რომელმაც 1936-დან 1939 წლამდე პერიოდში წაგების გემო 69 (!) ბრძოლის განმავლობაში არ შეეგრძნო.
ნაგოიას ბაშოს ბოლოსწინა დღეს, ჰაკუჰო ოძეკი ჰარუმაფუჯის შეერკინება, ხოლო უკანასკნელ ტურში (სენსიურაკე) ოძეკი ბალტს გაეჯიბრება.
დასასრულ მოგახსენებთ, რომ ძურიოს დივიზიონის ჩემპიონობა ვადაზე ადრე ირუმაგავას სკოლის წარმომადგენელმა 26 წლის სუმოისტმა მასაცუკასამ (12-1) მოიპოვა, რისთვისაც 2 მილიონი იენი დაიმსახურა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090769