საქართველოში ხშირად იციან მწვრთნელებმა თქმა – “სიმაღლეში გვიჭირს”, “ფეხბურთელები სიმაღლეში არ იზრდებიან”, “მეტოქეს გაცილებით ტანმაღალი ფეხბურთელები ჰყავდა”. ეს წარუმატებლობაზე თავის მართლებას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურ მიზეზს და საღ ანალიზს. დაახლოებით ისეთს, როგორიცაა “ნისლი იყო”, “მზე მარტო ჩვენ გვაჭერდა”...
ფეხბურთელის თუ გუნდის მობილურობა, პროფესიონალიზმი და სხვა თვისებები ვიკითხოთ, თორემ სიმაღლე რომ ფეხბურთში ბევრს არაფერს ნიშნავს, ძალიან იოლი დასამტკიცებელია. შვეიცარიულმა ორგანიზაცია pfpo-მ საინტერესო სტატისტიკური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ევროპაში ყველაზე დაბალი კლუბი “ბარსელონაა” (საშუალოდ-177,3 სმ) , ყველაზე მაღლები კი – ავსტრიული “მატერსბურგი” და უკრაინული “ვოლინი” (186,6 სმ).
pfpo სხვა საინტერესო ამბებსაც გვამცნობს – ევროპის 36 წამყვანი ქვეყნის ჩემპიონატის 534 კლუბის 13 108 ფეხბურთელის მონაცემების მიხედვით. ითვლება მხოლოდ უმაღლესი ლიგები. და კიდევ, ამ 36-ს შორის, საქართველოს ჩემპიონატი შეყვანილი არაა.
მთლიანად ამ 13 108 ფეხბურთელის საშუალო ასაკი 24,5 წელია.
ყველაზე ხანდაზმული კლუბი: “ინტერი” (იტალია) – ფეხბურთელთა საშუალო ასაკი 29,6 წელია.
ყველაზე ახალგაზრდა კლუბი: “ოლიმპსი” (ლატვია) – 19,02 წელი.
ყველაზე ხანდაზმულთა ჩემპიონატი: 1. კვიპროსი (28,02 წელი), 2. იტალია (27,29 წელი), 3. საბერძნეთი (27,15 წელი).
ყველაზე ახალგაზრდული ჩემპიონატი: 1. ლატვია (23,1 წელი), 2. ესტონეთი (23,9 წელი), 3. ხორვატია (24,39 წელი).
ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი: რუსი ალექსეი ჟუკოვი (რუსეთი, თამაშობს ესტონურ “ლოტუსში”) – 46 წელი.
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი – მატიას ოიალა (ფინეთი, “ოულუ”) – 15 წლის.
ყველაზე მაღალი ფეხბურთელი ბელგიური “სტანდარდის” მეკარე, კრისტოფ ვან ჰაუტია, რომლის სიმაღლე 208 სანტიმეტრია. ზოგადად, ევროპაში ფეხბურთელთა საშუალო სიმაღლე 181,96 სანტიმეტრია და ოდნავ მაღალია 2008 წლის მონაცემებზე – მაშინ 181, 68 იყო.
ყველაზე მაღალი მცველი: სერბი ჟარკო მარკოვიჩი (“გაზ მეთანი”, რუმინეთი) – 204 სმ. სხვათა შორის, ამ სიმაღლის კაცი ფლანგზე თამაშობს, მარცხენა მცველია და თბილისის “დინამოში” ჩამოსული სერბი მარკო მაროვიჩი, სწორედ მისი დუბლიორი გახლდათ.
ყველაზე მაღალი ნახევარმცველი – ისლანდიელი შტეფან გისლასონი (“ბრონდბიუ”, დანია) – 196 სანტიმეტრი.
ყველაზე მაღალი თავდამსხმელი: კოტ დივუარელი ლასინა ტრაორე (“კლუჟი”, რუმინეთი) – 203 სმ. სერბი ნიკოლა ჟიგიჩი ერთი სანტიმეტრით დაბალია.
ყველაზე დაბალი მეკარე: ინგლისელი კორინ ბრუქს-მიდი (ალკი, კვიპროსი) – 172 სმ.
ყველაზე დაბალი მცველი: რუმინელი ვალენტინ სანდუ (“ასტრა პლოეშტი”, რუმინეთი) – 160 სმ. შესაბამისად, სანდუ ყველაზე დაბალი ფეხბურთელიცაა.
ყველაზე დაბალი ნახევარმცველი: ფრანგი ფრედერიკ სამარიტანო (“ოსერი”, საფრანგეთი) – 162 სმ.
ყველაზე დაბალი თავდამსხმელი: ბრაზილიელი ტიტა (“ანტალიასპორი”, თურქეთი) – 165 სმ.
პფპო-მ ისიც გამოთვალა, რომ ამა თუ იმ კლუბის ძირითად შემადგენლობაში, დაბლები უფრო ხშირად ხვდებიან, ვიდრე მაღლები. ანუ, ძირითადების საშუალო სიმაღლე რეზერვისტებზე დაბალია.
ყველაზე მაღალი ჩემპიონატი: 1. ჩეხეთი (183,39 სმ), 2. გერმანია (183,2), 3. დანია (183).
ყველაზე დაბალი ჩემპიონატი: 1. კვიპროსი (180,26 სმ), 2. ესპანეთი (180,68 სმ), 3. საფრანგეთი (180,86 სმ).
კიდევ სხვადასხვა საინტერესო მაჩვენებლებია, მაგალითად, ლეგიონერთა სიუხვეზე. ყველაზე მეტად უცხოელები კვიპროსულ ნიქოზიის “ოლიმპიაკოსში” უყვართ – 85 პროცენტს ლეგიონერები შეადგენენ.
ყველაზე “შეფერადებული” კლუბი ლონდონის “ტოტენჰემია” – 22 სხვადასხვა ეროვნების (!) ფეხბურთელი ირიცხება.
სულ, 13 108 ფეხბურთელიდან 31,8 პროცენტი ლეგიონერია. ყველაზე ბევრნი ბრაზილიელები არიან – ერთ ჩემპიონატში საშუალოდ, 28 ბრაზილიელია, მეორე ადგილზე სერბეთია (17), მესამეზე კი - პორტუგალია (16).
ლეგიონერთა სიმრავლით, პირველ ადგილზე კვიპროსის ჩემპიონატია – ფეხბურთელთა 72,2 პროცენტს არაკვიპროსელები შეადგენენ. ირლანდიას კი ყველაზე ნაციონალური ჩემპიონატი აქვს, რადგან მხოლოდ 0,2 პროცენტია ლეგიონერებისა. ამასთან, ირლანდია პფპო-ს მიერ მოცემულ 36 ჩემპიონატს შორის ერთადერთია, სადაც ბრაზილიელი ფეხბურთელი არ თამაშობს.
ტოპ-ოთხეულის ჩემპიონატებში ლეგიონერთა პროცენტული მაჩვენებლები ასეთია: 1. ინგლისი – 58,7, 2. იტალია – 50,86, 3. გერმანია – 49,7, 4. ესპანეთი – 39,47.
ყველაზე ერთგული ფეხბურთელები “მანჩესტერ იუნაიტედს” ჰყავს. კერძოდ, მანკუნიანელთა მოთამაშე საშუალოდ, 5,71 წელი რჩება გუნდში.
ილია ნანობაშვილი







