კალათბურთი

16:02 | 25.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთს ევრობასკეტზე ტონი პარკერი წარუძღვება

მის გარდა, “სამფეროვნებს” ნბა-ს 6 მოთამაშე მიჰყავთ

ცნობილი გახდა საფრანგეთის საკალათბურთო ნაკრების შემადგენლობა, რომელიც 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის მზადებას დაიწყებს. მიუხედავად იმისა, რომ “სამფეროვანთა” თავკაცმა ვენსან კოლემ რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე მოისაკლისა, საფრანგეთს მაინც ძალიან ძლიერი კრებული ჰყავს და ცხადია, მომავალი ტურნირის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი იქნება.

გამთამაშებლები: ტონი პარკერი (სან ანტონიო, NBA), ტომას უერტელი (კახა ლაბორალი, ესპანეთი), ანტუან დიო (პარი-ლევალუა), ლეო ვესტერმანი (პარტიზანი, სერბეთი).

მცველები: ნანდო დე კოლო (სან ანტონიო, NBA), იანიკ ბოკოლო (გრაველინ-დიუნკერკი), ევან ფურნიე (დენვერი, NBA), ედვინ ჯეკსონი (ლიონ-ვილერბანი).

მსუბუქი ფორვარდები: ნიკოლა ბატუმი (პორტლენდი, NBA), შარლზ კაჰუდი (ლე მანი), მიკაელ ჟელაბალი (მინესოტა, NBA).

მძიმე ფორვარდები: ბორის დიაო (სან ანტონიო, NBA), ფლორან პიეტრუსი (ვალენსია, ესპანეთი), ჟოფრუა ლავერნი (პარტიზანი, სერბეთი), კიმ ტილიე (მურსია, ესპანეთი).

ცენტრები: რონი ტურიაფი (კლიპერსი, NBA), ალექსის აჟინკა (სტრასბურგი).

ცხადია, საფრანგეთის ნაკრების ლიდერი ტონი პარკერი იქნება, რომელსაც ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, “სან ანტონიოს” მაისურით ჩინებული სეზონი ჰქონდა. ნაკრებში არიან “სპურზში” მისი თანაგუნდელები ნანდო დე კოლო და ბორის დიაოც.

ჯამში, ფრანგებს ნბა-დან ერთბაშად 7 კალათბურთელი ჰყავთ და უკვე ცხადია, რომ მომავალ ევრობასკეტზე ეს სარეკორდო მაჩვენებელი იქნება.

ისიც სათმელია, რომ ტრავმების გამო კოლემ ოკეანის გაღმა მოთამაშე კიდევ 3 მოთამაშე მოისაკლისა: ჟოაკიმ ნოა (ჩიკაგო), იან მაჰიმნი (ინდიანა) და კევინ სერაფინი (ვაშინგტონი). მათ გარდა სხვადასხვა მიზეზთა გამო სლოვენიაში გამგზავრებას ვერ შესძლებენ ალი ტრაორე (ალბა, გერმანია) და ლუდოვიკ ვატი (გრაველინ-დიუნკერკი).

აღსანიშნავია, რომ კოლეს რამდენიმე კალათბურთელი კიდევ ჰყავს შეგულებული, რომელთაც განაცხადში მოხვედრის შანსი მაშინ მიეცემათ, თუკი შემადგენლობიდან ვინმე ტრავმის გამო “ამოვარდა”: ენდრიუ ალბისი (პარი-ლევალუა), რუდი გობერი (შოლე), ლივიო ჟან-შარლზი (ლიონ-ვილერბანი), ჟერემი ლელუპი (დიჟონი), ადრიენ მოერმანი (ბილბაო, ესპანეთი).

საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას აგვისტოდან დაიწყებენ და როგორც უკვე ვიუწყებოდით, ერთ საკონტროლო მატჩს საქართველოს ეროვნული გუნდი წინააღმდეგაც ჩაატარებენ. ეს შეხვედრა ანტიბის “აძურ არენაზე” 17 აგვისტოს შედგება.

გარდა ამისა, ფრანგები ძალებს ფინეთის, გერმანიის (ორჯერ), ხორვატიის, საბერძნეთის, სერბეთის, ესპანეთის (ორჯერ) და სლოვენიის ნაკრებებთანაც მოსინჯავს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის A ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ისრაელი, უკრაინა და ბელგია ეყოლება. ტურნირის გახსნით მატჩში, ფრანგები 4 სექტემბერს გერმანელებს ეთამაშებიან.

0.128521