ბოსნიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საფეტ სუშიჩმა მსოფლიოს ჩემპიონატის კენჭისყრის შემდეგ კომენტარი სამშობლოში გააკეთა.
58 წლის სპეციალისტი ბრაზილიაში გამართულ კენჭისყრის პროცესს ვერ დაესწრო, რადგან თვითმფრინავზე დააგვიანა, მისი გუნდი კი, F ჯგუფში არგენტინის, ირანისა და ნიგერიის ნაკრებებთან მოხვდა.
“ვფიქრობ, კარგ ჯგუფში მოვხვდით და ოდნავ თუ გაგვიმართლებს, 1/8-ფინალში გასვლისთვის ვიბრძოლებთ. შეიძლებოდა უკეთესიც ყოფილიყო, მაგრამ ახლა ვეღარაფერს შევცვლით. არგენტინას ცოტა ხნის წინ ვეთამაშეთ და ვერ ვიტყვი, რომ მეტოქემ რამეში გვაჯობა. ჩვენ მას “მარაკანაზე” დიდ ბრძოლას გავუმართავთ. თუმცა, ისიც კარგად მესმის, რომ არგენტინელებს მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყება გამარჯვებით ენდომებათ. ძლიერი მეტოქეები არიან ნიგერია და ირანიც. მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა ამხანაგურ თამაშში მონაწილეობას ვერც კი შეედრება. ჩვენ საკმარისი დრო გვაქვს კარგად მოსამზადებლად და ბრაზილიაში გამგზავრებამდე მინიმუმ ოთხ საწვრთნელ შეხვედრას ჩავატარებთ. ბრაზილიისთვის მზადება უკვე დავიწყეთ” - განაცხადა სუშიჩმა.