საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ეგიდითა და დაფინანსებით და საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციისა და საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოზე დაყრდნობით, სასტუმრო “ძველ თბილისში" ოლიმპიური სოლიდარობის ფარგლებში მნიშვნელოვანი ანტიდოპინგური საერთაშორისო სემინარი გაიმართა.
სეოკ-ის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, აღნიშნულ სემინარში მონაწილეობდნენ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური ანტიდოპინგური ორგანიზაციის თავმჯდომარე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ნიკოლას კრუჩინსკი ბელარუსიდან, უკრაინიდან ივან კურლისჩუკი და იგორ ბაშკინი, არეგ ოვანესიანი სომხეთიდან და ირადა რუსტამ ზადე აზერბაიჯანიდან.
უცხოელმა სპეციალისტებმა ქართველ სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და ექიმებს ორი დღის განმავლობაში ADAMS-ის სისტემისა და დღევანდელი ანტიდოპინგური დაგეგმარების საქმეში მისი როლის შესახებ მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაციები მიაწოდეს. ისაუბრეს ფარმაკოლოგიის ახალ მიღწევებზე, მსოფლიოში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზე და ა.შ.
ADAMS-ის პროგრამა გვავალდებულებს საერთაშორისო ფედერაციები საქმის კურსში ჩავაყენოთ კონკრეტულ პერიოდში ამა თუ იმ სპორტსმენის ადგილმდებარეობის შესახებ. მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს ჩამოვიდნენ და სპორტსმენებს სხვადასხვა დოპინგ-ტესტირება ჩაუტარონ. ამიტომაც მათ ზუსტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ, რადგან დოპინგოფიცრების ვიზიტისას თუ სპორტსმენები ადგილზე არ დახვდებიან სასჯელს ვერ ავცდებით.
“სემინარზე გაიმართა პრაქტიკული სწავლება ოლიმპიურ სახეობებში ჩვენი ეროვნული ფედერაციებისთვის, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ფორმების შევსება და თავიანთ საერთაშორისო ფედერაციებში დაგზავნა” – აღნიშნა საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ კახაბრიშვილმა.
ADAMS-ის პროგრამის გარდა, სემინარზე სპორტსმენთა ტრავმებსა და მათ მკურნალობასთან დაკავშირებულ საკითხებზეც იმსჯელეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. მოხდა ახალ პრეპარატთა პრეზენტაცია.
სემინარის დასკვნითი ნაწილი პროფესორ რომანოზ სვანიშვილისა და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ზურაბ კახაბრიშვილის წიგნის ”სპორტული მედიცინა და კინეზოთერაპია” პრეზენტაციას დაეთმო.
საერთაშორისო სემინარი სტუმრებისთვის სიღნაღსა და წინანდალში მოწყობილი კულტურული ტურით დასრულდა.







