სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ბელარუსი შუბის მტყორცნელებისთვის – ვადიმ დევიატოვსკისა და ივან ტიხონისთვის 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული და შემდეგ ჩამორთმეული მედლების უკან დაბრუნება მოსთხოვა. პეკინში ბელარუსმა მძლეოსნებმა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები აიღეს, მაგრამ ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, დევიატოვსკისა და ტიხონს ორგანიზმში ეგზოგენური ტესტოსტერონი ჭარბად აღმოუჩინეს და უმედლოდ დატოვეს. ანალიზები პეკინის ანტიდოპინგურ ლაბორატორიაში ჩატარდა და A და B ტესტმა ერთნაირი - დადებითი შედეგები აჩვენა.
შუბის მტყორცნელებმა დანაშაული უმალ უარყვეს – აკრძალული პრეპარატი არასოდეს მიგვიღიაო და ტესტოსტერონის სიჭარბის მიზეზად ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე, 2 თვის განმავლობაში, სექსისგან თავის შეკავება დაასახელეს. 2009 წლის 31 იანვარს, მძლეოსნებმა სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართეს და ამ უწყებამ გადაწყვეტილება ათ ივნისს მიიღო.
მოსამართლემ გამოაცხადა, რომ დოპინგ-კონტროლი დარღვევით ჩატარდა. პირველ ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ ერთ ლაბორატორიას ერთი და იმავე სპორტსმენის ანალიზის გამოკვლევა მხოლოდ ერთხელ შეუძლია. შესაბამისად, პეკინში განმეორებითი - B ტესტის აღების უფლება აღარ ჰქონდა. CAS-მა მძლეოსნებისთვის დისკვალიფიკაციის მოხსნაც მოითხოვა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი უკვე საერთაორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმაც გააკეთა. ოფიციალური განცხადების თანახმად, ოლიმპიური კომიტეტი საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.
ოთარ მაღლაკელიძე







