რომელი სისტემით აღარ ჩატარებულა საქართველოს ჩემპიონატი. ყოფილა 18 და 22-გუნდიანიც კი, შემდეგ “ზედა ეშელონში” მიხვდნენ, რომ ამდენი არ იყო საჭირო და რაოდენობა ხარისხს არ ნიშნავდა. ოთხწრიან 10-გუნდიანზეც ჩამოვედით, ბოლო სამი სეზონი კი 12-გუნდიანი ჩემპიონატი ტარდება.
2011/2012 წლების სეზონში 12-მა გუნდმა ორ წრედ ითამაშა, შემდეგ კი 8 საუკეთესომ ცალკე გააგრძელა განახევრებული ქულებით. არ გაამართლა იმ სისტემამ და ბევრი საუბარი იყო, რომ A გუნდმა მერვე ადგილზე B გაიყვანა. ყოვლად უსარგებლო სისტემა ვნახეთ.
2012/2013: ისევ 12 გუნდი, ოღონდ ზედა-ქვედა ექვსეულების სისტემა (ქულების განახევრების გარეშე). შარშანაც ბევრი კითხვა გააჩინა ამ სისტემის მართებულობამ, წლეულს კი, საერთოდ... დაძაბულობის მხრივ, ეგებ კარგიც იყოს ექვსეულებად დაყოფა, მაგრამ ჩემპიონატის დონეს მხოლოდ დაძაბულობა რომ განაპირობებდეს, ასე სადაა.
ამ დღეებში არ წყდება საუბარი, რომ ერთმა გუნდმა მეორე ექვსეულში უნდა შეიყვანოს, მერე კი 6 ქულა დაიბრუნოს. სულაც რომ არაფერი ხდებოდეს მსგავსი, სალაპარაკო მაინც გახდება. ჩვენ ვერაფერს დავამტკიცებთ, რადგან ასეთი ამბები ჯერ ფედერაციის, მერე კი, თუ საჭირო გახდა, პროკურატურის საქმეა.
ეგებ, სჯობდეს, სხვა სისტემაზე გადავიდეს ჩვენი ჩემპიონატი. მომდევნო სეზონში გუნდების 10-მდე შემცირება არ გამოვა. გუნდი არ გავარდეს და მაინც გააგდო, გამორიცხულია. მეორეს მხრივ, არც გუნდების რაოდენობის გაზრდაა ნორმალური – ჯერ ერთი, ვისაც არ დაუმსახურებია, რატომ უნდა გადმოვიდეს და მეორეც, ქართულ ფეხბურთში არსებული რეალობიდან გამომდინარე, უმაღლეს ლიგაში 12 გუნდზე მეტი არც უნდა იყოს.
დარჩა ერთადერთი სისტემა, როგორსაც წლებია, დანიაში მისდევენ. 12 გუნდი 3 წრედ, ანუ 33 ტურად. შესაძლოა, ექვსეულების გაუქმებამ დაძაბულობა მოაკლოს ჩემპიონატს და ერთი გუნდი დიდი ჰანდიკაპით “გაექცეს” მეორეს, მაგრამ სამაგიეროდ, არ იქნება ამდენი საუბარი გარიგებულ თამაშებზე.
პანაცეა სულაც არაა ის სისტემა, რაზეც ვისაუბრეთ (12-გუნდიანი 3 წრედ), რადგან თუ გასვრილი ხარ, იქაც გაისვრები, მაგრამ შედარებით ნაკლები იქნება ამის საბაბი. კიდევ ვიმეორებთ, დღეს ვერაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ ვხედავთ ირონიულ სახეებს ფეხბურთელებზე და ჩუმად ლაპარაკს: “ხომ ისედაც იცით ყველაფერი”, “ეს ხომ თეატრია”, “ოსკარი ეკუთვნით” და ასე შემდეგ... ეგებ, დავანებოთ თავი ამ ექვსეულობანას.
22-ე ტური. 16 მარტი: ჩიხურა– ტორპედო 1:2, დინამო (თბ)– მეტალურგი 0:1, სიონი– ზესტაფონი 0:1, მერანი– დილა 1:2, ვიტ ჯორჯია– სპარტაკი 2:1, ზუგდიდი – გურია 2:0
1-6 ადგილებისთვის
1 | დინამო (თბ) | 22 | 15 | 3 | 4 | 51:17 | 48 |
2 | ზესტაფონი (ზესტაფონი) | 22 | 12 | 4 | 6 | 30:15 | 40 |
3 | ჩიხურა (საჩხერე) | 22 | 11 | 5 | 6 | 40:33 | 38 |
4 | სიონი (ბოლნისი) | 22 | 9 | 6 | 7 | 27:23 | 33 |
5 | მეტალურგი (რუსთავი) | 22 | 9 | 6 | 7 | 26:25 | 33 |
6 | გურია (ლანჩხუთი) | 22 | 11 | 0 | 11 | 25:29 | 33 |
7-12 ადგილებისთვის
7 | დილა (გორი) | 22 | 8 | 8 | 6 | 28:22 | 32 |
8 | ვიტ ჯორჯია (თბილისი) | 22 | 8 | 5 | 9 | 28:29 | 29 |
9 | ტორპედო (ქუთაისი) | 22 | 8 | 5 | 9 | 24:30 | 29 |
10 | სპარტაკი (ცხინვალი) | 22 | 6 | 2 | 14 | 19:32 | 20 |
11 | ზუგდიდი (ზუგდიდი) | 22 | 5 | 5 | 12 | 12:30 | 20 |
12 | მერანი (მარტვილი) | 22 | 4 | 3 | 15 | 16:41 | 15 |
მეგოლეები:
13 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)
12 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)
9 – დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)
7 - ვილი ისიანი (“გურია”), ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”)
6 – თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), ელგუჯა ლობჯანიძე, გიორგი კორიფაძე, გიორგი გაბედავა (“ვიტ ჯორჯია”)
5 – გრიგოლ დოლიძე (“ზესტაფონი”), ჯაბა ჯიღაური, ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), ლუკა რაზმაძე (“დილა”), ჯაბა დვალი (“დინამო” / “ყარაბახი” აზერბაიჯანი)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;