ფეხბურთი

17:50 | 9.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს…

ბოლო პერიოდში აშკარად შემცირდა ქართველი ფეხბურთელების რიცხვი რუსულ პრემიერლიგაში. ვინღა დარჩა? საბა კვირკველია ყაზანის "რუბინში" და ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკში". ისიც ახალგაზრდები, რომლებიც სამომავლო ინვესტიციისთვის გამოიყენებიან. არადა, იყო დრო, რუსულ პრემიერლიგაში ქართველი ლეგიონერების ამბების აღწერას ვერ ავუდიოდით.

რომელი პრემიერლიგური კლუბი გინდოდა, იქ ქართველი არ ყოფილიყო. ზოგან სულაც არაერთნი. "კრასნოდარში" იყვნენ ოთარ მარცვალაძე, ნუკრი რევიშვილი და ალეკო ამისულაშვილი, მაგრამ რიგ-რიგობით სამივე გამოუშვეს.

მარცვალაძემ "მსოფლიო სპორტთან" ინტერვიუში თქვა, "კრასნოდარისთვის" კარგის მეტი არაფერი გაგვიკეთებია და სხვა რა მიზეზზე უნდა ვიფიქრო, თუ არა ჩვენი ეროვნებაო.

მანამდე ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა" ხომ გახსოვთ? ამ კლუბმა პრემიერლიგაში რომ ითამაშა, თითქმის მთლიანად ქართველების დამსახურებაა. სად იყვნენ და ვისი გოლებით და ვისი პასებით გადავიდნენ, რუსეთში ჩვენზე კარგად იციან. დღეს "ვოლგაში" ქართველი არავინ დარჩა.  

ლაშა გვალია "ურალში" არ გაახარეს; ალეკო ამისულაშვილის "კრილია" გავარდა და ფეხბურთელმა, რომელსაც ადრე სხვა რუსული კლუბებიდან რიგი ედგა, ამჯერად ბაქოს "ინტერს" მიაშურა; გია გრიგალავას "ანჟიც" გავარდა, მაგრამ სხვა პრემიერლიგურ კლუბში გადასვლაზე არაფერი ისმის; ბოლო და განსაკუთრებული შემთხვევა აკაკი ხუბუტიას უკავშირდება. ხუბუტია პირველ დივიზიონში "მორდოვიას" ლიდერი გახლდათ, არაერთხელ მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში და თვის საუკეთესო მცველადაც დაასახელეს. გადავიდა "მორდოვია" პრემიერლიგაში და ქართველთან კონტრაქტი არ გაგრძელდა.

ნურც ლევან ყენიას ამბებს დავივიწყებთ, "ზენიტში" რომ გადახდა. ბევრს არ სჯეროდა, რომ ყენიას კლუბში ცუდად დახვდნენ, მაგრამ მერე იგივე მოხდა ბრაზილიელი ჰალკის შემთხვევაში და მოგვიანებით იტალიელმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმაც დაიჩივლა, გუნდში სიტუაციას ვერ ვაკონტროლებო. აღარაფერს ვამბობთ იგორ დენისოვის გამოხდომებზე.

გასულ ზაფხულს, ზამთარს და ამ ზაფხულსაც ხშირი იყო საუბარი კონკრეტული ქართველი ფეხბურთელის რუსულ პრემიერლიგაში შესაძლო გადასვლაზე, მაგრამ არცერთი არ (ვერ) შედგა.   

ისიც არის, რომ საქართველოს ნაკრების ცუდი შედეგი მოქმედებს. 19 წლამდე ახალგაზრდები რომ არ ჩავთვალოთ, კარგი ქართველი ფეხბურთელების რიცხვმაც იკლო, მაგრამ არც 3-4 წლის წინ ვიყავით გაფუფუნებულნი მაღალი დონის მოთამაშეებით და რუსებს მაინც ჰქონდათ ინტერესი.

რუსეთის პრემიერლიგაში ქართველ ფეხბურთელებზე აღარაა მოთხოვნა, პირიქით, მკვეთრად იკლო ჩვენი მოთამაშეების რიცხვმა და ეგებ, ამით მაინც მივხვდეთ, რომ საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს...

დაახლოებით იმ სიტუაციას ჰგავს, კაცს არასასურველი სტუმარი რომ მიუვა. საფეხბურთო გუნდში კი არ მოქმედებს "სტუმარი ღვთისაა"... არ სჭირდებათ ქართველები და ძალიანაც კარგი. საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს.

ეგებ, ამით მაინც მიხვდნენ ქართველი ფეხბურთელები, რომ გზა დასავლეთ ევროპისკენ ეძებონ – რთულად გასავლელი გზაა, უეცრად გამდიდრებაზეც ვერ იფიქრებ, მაგრამ კარიერის ასაწყობად რუსეთთან შედარებით ცა და დედამიწასავითაა. ფულის გარდა, იქ მიმზიდველი არაფერია: გაყინული მოედნები, რასისტული შეძახილები, დამქანცველი ფრენა, შეუსრულებელი საკონტრაქტო პირობები და ასე შემდეგ.

ხომ ვხედავთ, ბოლო 4-5 წელიწადში ვერც კლუბები უმატებენ ევროტურნირებზე და მათ ნაკრებზეც ისახება, ფაბიო კაპელოც რომ ვერაფერს შველის და მეჰდი სლიმანი ტოვებთ ჯგუფში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11148