საფეხბურთო სკოლა “საბურთალოს” მოედანზე (“ბენდელა”) ბავშვთა ინდივიდუალური მომზადების ცენტრი გაიხსნა. 9-დან 16 წლამდე ნებისმიერ ბავშვს შეუძლია იქ მომზადება – ტექნიკური, ინდივიდუალური და კოორდინაციული თვალსაზრისით.
მწვრთნელები არიან თემურ ფოცხვერია, გია მაჭარაშვილი და კიდევ 6 დამხმარე სპეციალისტი. ფოცხვერია და მაჭარაშვილი კარგა ხანია ბავშვთა ფეხბურთში მუშაობენ. მაგალითად, “საბურთალოში” ფოცხვერიას ხელში არიან გაზრდილნი 1993 წელს დაბადებულთა გამორჩეული ფეხბურთელები: გიორგი ჭანტურია, ვაკო ყაზაიშვილი, ლაშა პარუნაშვილი, არჩილ ტვილდიანი და ასე შემდეგ.
თემურ ფოცხვერია: ვარჯიშები ესპანური მეთოდით ტარდება. როგორც იცით, ესპანელი ანდრეს კარასკო იყო ჩამოსული და “საბურთალოში” სემინარები და ვარჯიშები ჩაატარა, ხოლო ზაფხულიდან უკვე ოფიციალურად იმუშავებს ჩვენთან. კარასკომაც თქვა, რომ ესპანეთში ასეთი ინდივიდუალური მომზადების ცენტრები აპრობირებულია, რათა გაიზარდოს ბავშვის ტექნიკური არსენალი. ამ მეთოდით გაიზარდნენ ყაზაიშვილი, ჭანტურია, პარუნაშვილი და სხვები.
- ვარჯიშები კვირაში რამდენჯერ არის და რამდენ ხანს გრძელდება?
- კვირაში 2 დღე აუცილებელი და ერთი დამატებითიც. თითო ვარჯიში საათნახევარს გრძელდება. საკმაოდ ბევრი ბავშვია და მათი რიცხვი დღითი-დღე მატულობს.
- მხოლოდ “საბურთალოს” სკოლის ბავშვებს შეუძლიათ ვარჯიში თუ სხვებსაც?
- არა, სხვებსაც შეუძლიათ - 9-დან 16 წლამდე. თითო ვარჯიშზე 12 ბავშვია და ფაქტობრივად, ორ ბავშვზე 1 მწვრთნელი მოდის.
- ესპანური მეთოდის გამოყენება სხვა ქვეყნებშიც დაიწყეს.
- ვფიქრობ, სწორედ ესპანურისკენ უნდა წავიყვანოთ ჩვენი ფეხბურთი. ქართველების მთავარი იარაღი ტექნიკაა. რაც არ უნდა ფიზიკურად გაიზარდო, რუსს და უკრაინელს ვერ უსწრებ, ხოლო როცა ტექნიკაში გითანაბრდება, უკვე უშანსოდ რჩები. დღეს რა მეთოდზეც ვსაუბრობთ, ეს ჰოლანდიაში დაიწყო, თუმცა ესპანეთში უფრო განვითარდა, რადგან ესპანელები გაცილებით ტექნიკურები არიან და ფეხბურთელთა რესურსი ამ ქვეყანაში მეტია.
- ანუ, ბურთის ფლობას მიმატებული ინდივიდუალურობა.
- ასეა. დღეს “ბარსელონაში” ბევრია ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც ერთ შეხებაშიც შეუძლია თამაში და 3-4 კაცში გაძრომაც. საამისოდ ძალიან ტექნიკური უნდა იყო. სწორედ ამაზე ვაკეთებთ აქცენტს. კოორდინაციაზე ვარჯიშები მისწრებაა, ინდივიდუალური ოსტატობის გამოვლენაში გეხმარება.
P.S. როგორც შევიტყვეთ, თითო ბავშვისთვის თვეში გადასახადი 170 ლარია.