ფეხბურთი

20:07 | 30.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“საბურთალოს” პრემიერა: “ჭაბუკებს დამატებული მენთეშაშვილი და გოცირიძე”

 

საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგა დაიწყო და კალენდარს “მსოფლიო სპორტის” საიტზე ნახავდით. პირველ ლიგაში პირველად ითამაშებს “საბურთალო”, რომელიც შაბათს 17:00 საათზე “ბენდელაზე” ხობის “კოლხეთს” უმასპინძლებს. როგორც იცით, “საბურთალოს” გეზი ბავშვების აღზრდაა, საკმაოდ ძლიერი გუნდები ჰყავს ყველა ასაკში და მიზანი არც ამჯერად იცვლება – მათი დაოსტატება.

“საბურთალოს” მთავარ გუნდს, რომელიც პირველ ლიგაში გამოვა, თემურ შალამბერიძე წვრთნის. აქვე, მასთან ინტერვიუც:

-    “საბურთალო” 1996 და 1997 წელს დაბადებული ჭაბუკებით ითამაშებს, თუმცა დაიმატეთ 30 წელს გადაცილებული ორი ფეხბურთელი: ზურაბ მენთეშაშვილი და რევაზ გოცირიძე...

-    დიახ. ასეთ ახალგაზრდულ გუნდს მენთეშაშვილი და გოცირიძე აუცილებლად წაადგებიან. გამოცდილებას გაუზიარებენ 16-17 წლის ბიჭებს. ფეხბურთში სიახლე არაა, რომ გამოუცდელი გამოცდილის გვერდში დგომით სწავლობს. ასევე, გვყავს ორი ახალგაზრდა აფრიკელი ფეხბურთელი: ნიგერიელი და ლიბიელი. თუმცა, მათ ჯერ ვსინჯავთ. ერთი ფორვარდია, მეორე კი – ცენტრალური ნახევარმცველი.

-    თქვენი ასისტენტები ვინ არიან?

-    დავით კევლიშვილი და ბახვა ამბიძე.

-    ესპანელი ანდრეს კარასკო უკვე მუშაობს “საბურთალოს” აკადემიის ბავშვებთან. თქვენს გუნდთანაც ექნება შეხება?

-    კარასკო აკადემიის ხელმძღვანელია, ჩვენს გუნდში ოფიციალურად არ ექნება პოსტი, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციის გაწევა შეუძლია. 

-    უმაღლეს ლიგაში გადასვლას უმიზნებთ?

-    არა. მეტად ახალგაზრდული გუნდია და მიზანი მაინცდამაინც უმაღლესში გადასვლა არაა. ეს ბიჭები ჯერ უნდა განვითარდნენ, დიდი ფეხბურთისკენ ნაბიჯები გადადგან. ისე, თუ თამაშის დახვეწასთან ერთად შედეგიც მოვა და უმაღლესში გადავა გუნდი, ამას რა აჯობებს. უბრალოდ, “საბურთალოს” კურსი არ იცვლება, ფეხბურთელების დაოსტატებაზე ვმუშაობთ. კარგი შეკრებაც გაიარა გუნდმა: ბორჯომსა და თურქეთში.

-    “ბენდელაზე” ტრიბუნა დაამატეს. ანუ, გულშემატკივართა მომრავლებას ელით?

-    დიახ. ჩვენს გუნდში ასაკობრივი ნაკრებების მთელი ჯგუფია და რა თქმა უნდა, მათი თამაშების ნახვა საინტერესო იქნება.

 

0.121039